LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისის 7 საუკეთესო სერიალი – თუ მაისის თვეში ისევ იზოლაციაში მოგიწიათ ყოფნა

589
may-best-tv-shows

ნიკოლ კიდმანის და ჰიუ გრანტის არაჩვეულებრივი დუეტი, რაიან მერფის ,,ჰოლივუდი” და მისტიკური სერიალი მარკ რუფალოს მონაწილეობით – თუ მაისის თვეში ისევ იზოლაციაში მოგიწიათ ყოფნა, მოსაწყენად ნამდვილად არ გექნებათ დრო.

,,ნორმალური ადამიანები” (Normal People) – 29 წლის ირლანდიელი სალი რუნის რომანი ,,ნორმალური ადამიანები” ნამდვილ სენსაციად იქცა ლიტერატურულ სამყაროში. უფლება ეკრანიზაციაზე ერთდროულად BBC-იმ და Hulu-მ შეიძინეს, თუმცა პროექტის განხორციელება მაინც Hulu-მ ითავა, რომელმაც რეჟისორად ლენი აბრაჰამსი, მთავარი როლების შესასრულებლად კი, ახალგაზრდა პოლ მასკალი და დეიზი ედგარ-ჯონსი მიიწვია.

,,ჰოლივუდი” (Hollywood) – თანამედროვე ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდიუსერის რაიან მერფის ახალ პროექტს ყველა მოუთმენლად ელის. სერიალის მოქმედება 1950-იანი წლების ჰოლივუდში ვითარდება, სადაც ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები რასობრივ და სექსუალურ დისკრიმინაციას ეჯახებიან.

,,უკან დაბრუნება” (The Undoing) – სერიალის, რომელშიც მთავარი როლები ნიკოლ კიდმანმა და ჰიუ გრანტმა შეასრულეს, ჯინ ჰანფი კორელიცის ბესტსელერი დაედო საფუძვლად და მაყურებელს წარმატებული ქალის ისტორია მოუთხრო, რომელსაც ერთ წუთში ენგრევა მთელი ცხოვრება.

,,ვიცი, რომ ეს სიმართლეა” (I Know This Much Is True) – უოლი ლამბის ბესტსელერი დაედო საფუძვლად HBO-ს დრამასაც ტყუპ ძმებზე, რომელთაგან ერთი შიზოფრენიით იტანჯება, მეორე კი, იძულებულია მასზე იზრუნოს. ტყუპები მარკ რუფალომ განასახიერა, ამიტომ მაყურებელს მართლაც არაჩვეულებრივი სანახაობა ელის.

,,ედი” (The Eddy)დამიენ შაზელის რომანტიკული ისტორიის მოქმედება პარიზში ვითარდება, სადაც ნაკლებად წარმატებული კლუბის მფლობელი, ჯაზ-მუსიკოსი ელიოტი სერიოზულ კრიზისს განიცდის. არაჩვეულებრივი მიუზიკლისთვის კომპოზიციები ,,გრემის” მფლობელმა გლენ ბალარდმა შექმნა, პოლონელმა იონა კულიგმა კი, მთავარი როლი შეასრულა.

,,თოვლისმჭრელი” – (Snowpiercer) – სკოტ დირექსონის სერიალი სამხრეთ კორეული ფილმის რიმეიქია, რომელზეც ავტორი მთელი სამი წელი მუშაობდა. მოქმედება მატარებელში ვითარდება, რომელსაც გლობალურ კატასტროფას გადარჩენილი ადამიანები გადაჰყავს. სოციალური ჯგუფების მიხედვით ვაგონებში განაწილებული მგზავრები მოულოდნელად გებულობენ, რომ ორი ვაგონის მოხსნა და მიტოვება იგეგმება, რაც დაბნეულობას და საშინელ პანიკას იწვევს.

,,კოსმოსური ძალები” (Space Force) – გასულ წელს დონალდ ტრამპმა ამერიკის ინტერესების დასაცავად კოსმოსში შეიარაღებული ძალების გაგზავნა დააანონსა, რასაც Netflix-მა სატირული სერიალით უპასუხა, პროდიუსერობა და მთავარი როლის შესრულება კი, სტივ კარელს მიანდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები