LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ბერიძე: „არ მაქვს ბევრი დრო დარჩენილი, რომ ასე დავიძაბო…“

936
marina-beridzeexnws

მარინა ბერიძე ერთი დღის გარდა, როდესაც ტელევიზიაში ეთერში უწევს მისვლას, ძირითად დროს, შინ ატარებს. ის და მისი ერთადერთი ქალიშვილი ერთ კორპუსში ცხოვრობენ. მუსიკალურმა პროდიუსერმა დღის განრიგი სრულად შეცვალა და ოთხი შვილიშვილისთვის ბებიის ამპლუა სრულად მოირგო, მათ შორის, კულინარიული თვალსაზრისითაც. „ძველი რეცეპტები გავიხსენე და ახლა შვილიშვილებისგან კომპლიმენტებსაც ვიღებ“, გვითხრა ქალბატონმა მარინამ, როდესაც მას ინტერვიუსთვის შევეხმიანეთ.

ალბათ, არ გაგიკვირდებათ, როდესაც გაიგებთ, რომ შვილიშვილებთან ყოფნისა და მათ მოვლაში მონაწილეობის მიღების შემდეგ, თუკი მათთან ერთად არ სეირნობს, საღამოებს კარგი მუსიკის გარემოცვაში ატარებს და ახალ იდეებზეც ფიქრობს.

მარინა ბერიძე:

ძალიან ბევრი რამ შევცვალე.ეს ორი თვე ყველაზე მეტად ჩვენი ასაკის ადამიანებისთვის აღმოჩნდა რთული, ახალგაზრდები მაინც ირთობენ თავს, მე ამას ვერ ვახერხებ, მაგრამ გამოკეტილი არ ვარ, ვინაიდან მე და ჩემი შვილი ერთ კორპუსში ვცხოვრობთ. ერთი კვირა დილას რომ ვიღვიძებდი, ვერ გავიგე, რა უნდა მეკეთებინა. ჩემს ქალიშვილს ჰყავს ოთხი შვილი, გაუშვა ძიძები და დარჩა მარტო. დილას ყავას ვსვამ, შხაპს ვიღებ და გადავდივარ მეორე სადარბაზოში. ექვს საათამდე ვარ მათთან, ვეხმარები და ვაკეთებ იმას, მათ შორის, სადილსაც, რაც ბოლო ათი წელია არ მიკეთებია, რადგან მარტო ვარ. აღვადგინე ბევრი ჩემი რეცეპტი. ძალიან გახალისებს, როცა ბავშვი გეუბნება, თურმე რა კარგად ამზადებ, ხაჭაპურიც გცოდნია და სხვა რამეცო (იღიმის). ექვსის მერე, თითქოს სამსახური დასრულდა, გადმოვდივარ სახლში. ყოველ მეორე დღეს რომელიმე შვილიშვილთან ერთად გავდივარ სასეირნოდ. ჩემი უფროსი შვილიშვილი 16 წლისაა და პროტესტებს ჩემთან ერთად სეირნობას, ამბობს, ძალიან ბევრი ნაცნობი ხვდება, ავიწყდება, რომ კარანტინია და მათ დიდხანს ელაპარაკებაო…

შინ დაბრუნებისას საინფორმაციოს ვუყურებ, მანამდე ტელევიზორს არ ვუყურებ. მერე კი ვუსმენ ძალიან ბევრ მუსიკას. ზოგი წიგნს კითხულობს, მაგრამ კონცენტრირებას კითხვაზე ვერ ვახერხებ. მსუბუქი რომანები არ მინდა და სერიოზულ ლიტერატურაზე, საიდანაც აზრი უნდა გამოიტანო, ახლა ვერ ვახერხებ  ფიქრს. კიდევ, ჩემი პრობლემაა ის, რაც ბევრმა იცის, რომ თვალები მაწუხებს და მტკივდება…

მუსიკა კი ძალიან მსიამოვნებს, კარგი ხარისხით, რა თქმა უნდა. მუსიკა საოცარი რამაა, გიხსნის ფანტაზიას და ბევრ რამეს ხედავ. გონებასაც ასვენებს. ამდენი უარყოფითი ემოცია არ შემიძლია. იქით გავწიე. არ მაქვს ბევრი დრო დარჩენილი, რომ ასე დავიძაბო. ამიტომ ყველაზე ძალიან მაინტერესებს, რამ უნდა გამოგვიყვანოს ამ სულიერი მდგომარეობიდან, რომელმაც უნდა გამოგვიყვანოს, რაც იქნება კორონას მერე.

ამ პერიოდის შემდეგ მუსიკათმცოდნე ალბათ ვერ გავხდები გავხდები, მაგრამ იმ დოზით მოვისმინე ყველაფერი, მათ შორის ის, რასაც ახალგაზრდები უსმენენ, რომ… ბავშვები მიგზავნიან იმას, რასაც თავად უსმენენ.

ბილი აილიშს?

ბილი აილიში თავიდანვე მომეწონა, მაგრამ კიდევ ბევრს მოვუსმინე, რაც აქამდე არ ვიცოდი. ჯაზსა და კლასიკურ მუსიკას სულ ვუსმენ, მაგრამ ახლა ვუსმენ იმას, რაც საქართველოში არ გვაქვს და არის საჭირო.

რა აღმოაჩინეთ?

არ მინდა ვთქვა. „მხოლოდ ქართული“ რაც დავიწყეთ, სრულიად საქართველო ამაზე გადავიდა და სხვა დაივიწყეს, ასეც არ შეიძლება. მოკლედ, იდეებსაც ვაგროვებ ახალი პროექტებისთვის (იღიმის). რა გვჭირდება კორონას მერე…

როგორ შეიცვლებიან ადამიანები ამ პერიოდის მერე, თქვენ როგორ ფიქრობთ?

90–იანებში, როცა 40 წლის ვიყავი, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და სრულიად ახალ რელსებზე დავდექი. მაგრამ მაშინ უიმედობა არ იყო. მე ამას გავაკეთებ, ამას შევძლებ – ასე ვფიქრობდით. ახლა კი უხილავ მტერს ვებრძვით და ეს ძალიან რთული ყოფილა. შიში არის ცუდი რამ, ადამიანებს თრგუნავს. ყველამ ხომ იცის, ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად გაუარესდება, ამის მორევა კიდევ შეიძლება, მთავარია, ხალხი მორალურად არ წახდეს, საკუთარ თავში არ ჩავიკეტოთ. ოპტიმიზმის უკიდეგანო ტალღა გვჭირდება. გადაცემები უნდა მიეძღვნას ამას. მაინც ვერ გავიგეთ, მთელი მსოფლიო გაერთიანდა ამ პრობლემის წინააღმდეგ, ჩვენ მაინც გახლეჩილები ვართ. არავინ ფიქრობს, რა ეშველება ამ პატარა არაჩვეულებრივ ქვეყანას. მთავარია ღვარძლი და ბოღმა ყოველი ფეხის ნაბიჯზე. ეს ძალიან გაშინებს, თუმცა მგონია, კარგი თაობა მოდის. ყველა ასაკის შვილიშვილი მყავს და ჯანმრთელი ფსიქიკა აქვთ. არც ერთი წამი არ გაუწყვეტიათ კონტაქტი კლასელებსა თუ კურსელებთან. უფროსები ყოველდღე ვარჯიშობენ, კარგ ხასიათზე არიან. 50 წლის ზევით ადამიანები ძალიან დაითრგუნენ, ჩემს ასაკზე აღარ მაქვს ლაპარაკი. რასაკვირველია, ბევრი რამ შეიცვლება. ყველაზე ძალიან მეშინია, რომ ხელოვანები იქნებიან ძალიან ცუდ დღეში.

ისედაც რა შემოსავლები ჰქონდათ მუსიკოსებს და თქვენი აზრით, რამდენი ხანი დასჭირდება ამ სფეროს ფეხზე დაყენებას?

ერთი წელი მაინც. გერმანიამ ძალიან დიდი თანხა გამოყო ხელოვანების დასახმარებლად. აქ კი, ყველამ ხომ ზუსტად ვიცით, რომ არავინ არავის დაეხმარება. რა უნდა ქნან?!. ორი ათას კაციან დარბაზებს გადააკეთებენ ათას კაცზე, როგორც ვიცი, ამას გერმანიაში გეგმავენ, ეს ბილეთის ფასს გაზრდის, მაგრამ ხალხი მაინც მივა. ჩვენთან უამრავი ნიჭიერი მუსიკოსი წამოვიდა. ახლა მიემგზავრებოდა პაპუნა შარიქაძე მაგისტრატურის გასავლელად, სადაც თავად დააფინანსეს, წავა? მოახერხებს? არავინ იცის.

ბევრი მეგობარი მყავს ევროპასა და თუ აშშ–ში. ყველა მათგანი მეუბნება, რომ სახელმწიფო ძალიან ეფერება, ყველანაირ სიმართლეს გვეუბნებიან, არ ვიცით, რა არის, არ ვიცით, როგორ ვმკურნალობთო, ამას იმ ქვეყნებში ამბობენ, სადაც მედიცინა უმაღლეს დონეზე. პირდაპირ ეუბნებიან მოქალაქეებს, რომ თქვენთვის ვშრომობთო, ეხმარებიან ფინანსურად თუ ლაპარაკით. აქ კი, ბრიფინგი რომ იწყება, მეჩხუბებიან ან მაშინებენ, დაისჯებიო. არავინ არავის აშინებს სხვაგან. ჩვენს ქვეყანაში ბევრი უცნაურობა ხდება.

გარდა ამისა, ძალიან გვიყვარს გმირების შექმნა, რომელთაც შერაცხავენ გმირებად და მერე მიწასთან ასწორებენ. ექიმი აკეთებს თავის საქმეს. გმირი კი, მე რომ მკითხო, ხალხია, რომლისთვისაც უნდა იშრომო. ხალხი, რომელიც ბოლო 30 წელი გაწამებულია, იმიტომ, რომ ვიღაც ვიღაცას ებრძვის.

ისე, ელოდებოდით, რომ ხალხი ასე კარგად შეასრულებდა რეკომენდაციებს?

ძალიან ბევრი გონიერი ადამიანი აღმოჩნდა, პროცენტულად ბევრად მეტია, ვიდრე ველოდებოდი. ჩემ გარშემო ყველა იცავს რეკომენდაციებ, თუმცა არ მინდა, ამას დამფრთხალი და შიშით აკეთებდნენ. შიში არ იკურნება და ძალიან დიდ დაღს ასვამს ადამიანებს. იმიტომ კი არ გავდივარ, რომ მეშინია, იმიტომ არ გავდივარ, რომ ასეა საჭირო. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს. წყობიდან გამოვყავარ შიშს და არ მინდა. მინდა, თითი არ მიქნიონ. მინდა, მითხრან, ყოჩაღ, რომ ასე კარგად იქცევიო. გული მტკივა იმაზე, რომ რისკის ქვეშ არიან ჟურნალისტები და მათ ელაპარაკებიან ისე, თითქოს მტრები არიან. არავინ არავისი მტერი არ არის, ამას უნდა მიხვდეს ყველა, ერთი მტერი გვყავს და ეს არის ვირუსი.

ყველაზე უწყინარი რუბრიკა მაქვს, კვირას შუადღეს, ფერებაზე ვართ გადასულები, ვინ და როგორი მუსიკა მოვასმენინო, ვარჩევ და მერე, როცა იშვიათად, რადგან აკრძალული მაქვს საკუთარი თავისთვის, მაგრამ მაინც მეპარება თვალი „ფეისბუქისკენ“, ისეთ შეურაცხმყოფელ კომენტარებს ვკითხულობ, რომ მიჩნდება კითხვა – რატომ?!. ამაზე უნდა ემუშავა ყველას. 2012 წელს, ვინც მოვიდა, უნდა ეთქვა, რომ ყველაფერს იწყებს სუფთა ფურცლით. სახელმწიფოც ჰქონდა და ყველაფერიც, გაესამართლებინა ხუთი კაცი და დაწყებულიყო ყველაფერი თავიდან. საოცრება მოხდა. ადამიანებს ვეღარ ვცნობ და მეგონა, რომ ამ მძიმე პერიოდში ეს წაიშლებოდა. არა! უარესია. სუფთა ფურცლიდან დაწყების ნება უნდა იყოს.

ფინანსური პრობლემების მოლოდინი პირადად თუ გაქვთ?

იმდენი ვიშრომე ჩემს ცხოვრებაში და იმდენი რამ გავაკეთე, შვილი მყავს და ოჯახი… ჩემი ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ უმოქმედობას ვერ გადავიტან. მთელი ცხოვრება ფინანსურზე მეტად ეს მაშინებდა. მიცხოვრია ორ კაპიკზეც, ათზეც, ას მანეთზეც, ას ლარზეც და ათასზეც. ვიღაცისთვის ტრაგედიაა, სალონები რომ დაიკეტა, ისე მშვენივრად გავიხსენე, როგორ ვიღებავდი თმას, ვივარცხნიდი და ფრჩხილებს ვიკეთებდი, რომ რა გითხრათ. არაფერი გვაკვირვებს 90–იანი წლების მომსწრეებს. 1989 წელს ჩემი კარიერის პიკში ვიყავი და მქონდა ტურნეები პაატა ბურჭულაძესთან ერთად, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ხალხი გაღატაკდა, კუპონებზე დავჯექით და ვიღაცები ძალიან გამდიდრდნენ. ეტყობა, ეს პერიოდები სულ არის და იქნება…

ისეთი ბებია–ბაბუა მყავდა, გამორეკილები კახეთიდან, თავადები – ჩოლოყაშვილები, მაყაშვილები, ყარალაშვილები, რომლებსაც საკუთარი ეკლესია და ბიბლიოთეკა ჰქონდათ… მე კი ერთ პატარა ოთახში გავჩნდი, რვა სული რომ ცხოვრობდა და არ წაქცეულან. თავის ცხოვრებაში ბებიაჩემს ჩემთან არ გაულანძღავს არც კომუნისტი და არც კომკავშირელი. რომ წამოვიზარდე და ვკითხე, მითხრა, არ შეიძლება ზიზღით ბავშვების გაზრდაო. მაგრამ მათ სხვა ინტელექტი ჰქონდათ. მათთვის გაუფასურდა ყვეალფერი, ბრილიანტიც, ოქროც და სხვა რამეც. მათ ცხოვრების დიდი ისტორია ჰქონდათ და ბრძენი ხალხი იყო.

თქვენი აზრით, როგორი ადამიანები დაფასდებიან მომავალში?

მართალი, კეთილი, პროფესიონალი და ნიჭიერი ადამიანები უფრო მეტად დაფასდებიან. პირველ რიგში, პროფესიონალები, რადგან მე ეჭვი არ უნდა შემეპაროს არც ექიმში, არც დურგალში, არც მშენებელში. აქ რომ ავტობუსის გაჩერება გამიკეთეს, არ უნდა ვიმკითხაო, რა საჭირო იყო ამხელა ტროტუარები, უნდა დამარწმუნო, რომ ამას პროფესიონალები აკეთებენ. პროფესიონალები უნდა წამოვიდნენ და არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ქოცია, ნაცია, თუ რესპუბლიკელი. თითქოს ყველას ეს გვინდა… მაგრამ არ არის.

ყველას ისიც უნდა, რომ სუფთა ქალაქში ცხოვრობდეს, მაგრამ მანქანის ერთი დღით შინ დატოვება არავის უნდა…

ნამდვილად ასეა. კარგი ტრანსპორტიც უნდა იყოს, რომ ხალხმა ამით იაროს. ადამიანებს ძალიან უჭირთ. ყოველდღე იმატებს პროდუქტების ფასი. მხოლოდ ფაქტებით ვსაუბრობ. ასე რომ თუკი გვინდა, კარგ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ყველამ უნდა იფიქროს ქვეყანაზე. უნდა გამოვძვრეთ ამ სიტუაციიდან. ისწავლის ხალხი, რომ ათასკაციანი ქორწილი აღარ უნდა გადაიხადოს და გამარჯობაც კოცნით არ მითხრას, მაგრამ პატრულმაც უნდა ისწავლოს, რომ ჩემთან მოფერებით მოვიდეს. ესაა მნიშვნელოვანი. აკრძალვასაც კი სჭირდება თავისი ფორმა. ძალიან ცუდი რაღაცის გაკეთებაც შეიძლება ისე რბილად, რომ მე არ მომკლა. უნდა ვისწავლოთ, რა ვქნათ, დაღუპვის გზაზე ვართ ლამის, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვძვრეთ…

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები