ცნობილი მსახიობი მარინა ჯანაშია, რომელმაც კიბოს დიაგნოზი დაამარცხა, „იმედის დღის“ სტუმარი გახლდათ და პირველად ისაუბრა იმ განცდების შესახებ, როდესაც გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ, სცენაზე პირველად დადგა.
„საკმაოდ სუსტად ვგრძნობდი თავს თბილისში და ვამბობდი, წამიყვანეთ ჩემს დედულეთში, სხვიტორში-მეთქი. ახლაც რატომღაც ამოჩემებული მქონდა, წამიყვანეთ სხვიტორში, რადგან იქ აუცილებლად კარგად გავხდები-მეთქი. როგორც სკარლეტ ო’ჰარასთვის არის ტარა, ეტყობა, ჩემთვის სხვიტორი იგივეა… თითქმის ბოლო დღემდე მომვლელი ქალი დამყვებოდა უკან, მივლიდა, მაჭმევდა, მაბანავებდა… როგორც კი სოფელში ჩავედი, პირველ დღეს გამომყვნენ და ყველას ძალიან მკაცრად გავხედე, რომ ეს არ იყო საჭირო. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება, თამამი სიარული ჩვენს ეზოში, ქუჩაშიც გავბედე გასვლა… მოხდა ის, რომ სწორედ ამ დროს დამირეკეს თეატრიდან და მითხრეს, 5 ოქტომბერს დანიშნულია სპექტაკლი და თუ ითამაშებო? პირდაპირ დავთანხმდი, მაგრამ მერე დავფიქრდი, შემწევდა თუ არა ამის ძალა.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გვქონდა ერთი სამაგიდო რეპეტიცია, შემდეგ გამოგვიყვეს დრო სცენაზე სწორედ იმ დღეს, როცა სპექტაკლი უნდა გვეთამაშა. ჩემი საყვარელი ადამიანები, გოჩა კაპანაძე, მანანა გამცემლიძე და მარინა კახიანი სულ უკან დამყვებოდნენ და მეხვეწებოდნენ, ახლა არ გაინძრე, ახლა ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოო, შპაგატზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი, მაგრამ ეტყობა, სხეულსაც აქვს თავისი მეხსიერება. როცა სპექტაკლი დაიწყო, კუდში ვერავინ გამომყვებოდა, როდესაც შპაგატის დრო დადგა, მართლა არ ვაპირებდი არაფრის გაკეთებას. ერთადერთი ადამიანი იყო მარინა კახიანი, თხემით ტერფამდე მსახიობი და არაჩვეულებრივი ადამიანია, მიხვდა, რომ შპაგატში ჩავჯდებოდი და დამითმო ადგილი… ვფიქრობდი, ღმერთო, ამას ხომ არ უნდა ვაკეთებდე-მეთქი… მაყურებელმა გმირობად ჩამითვალა…“, აღნიშნა მსახიობმა.
ის ორი წელი ებრძოდა კიბოს დიაგნოზს – „სულ ვამბობდი, რომ სამარცხვინოდ ჯანმრთელი ვარ-მეთქი… მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევაც მქონდა, ყოველთვის ვიღაცას დავყვებოდი ექიმთან, მე თვითონ არ მივდიოდი. სრულიად უკულტურო ადამიანი აღმოვჩნდი და ეს ის შეცდომაა, რომლის პატიებაც არ შეიძლება. ადამიანი, ვიდრე არსებობ, ვალდებული ხარ, საკუთარ თავს მიაქციო ყურადღება… ვიყავი სუსტად და არ ვიცოდი, რა მჭირდა. ვიდრე გული არ წამივიდა და ცუდად არ გავხდი, არ ვიკადრე და ეს ყველაფერი არ გავაკეთე. მე მაშინვე არ ვიცოდი დიაგნოზი. უკვე ინტოქსიკაცია იყო დაწყებული. ბევრი ფიქრის საშუალება არ მქონდა, რადგან პერიოდები იყო, რომ ვითიშებოდი. როცა ჩავედი გერმანიაში, ფონდ „ქართუს“ დახმარებით, გამიკეთდა ოპერაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილსა და ეკა ხვედელიძეს… საკმაოდ დიდი თანხა ჯდებოდა ოპერაცია და უამრავმა ცნობილმა ქვეყანამ უარი თქვა ამ ოპერაციაზე. საკმაოდ უიმედო მდგომარეობა იყო, მე თბილისში მორფზე ვყავდი გადაყვანილი… მხოლოდ გერმანიაში გამიკეთეს ოპერაცია…“
მსახიობმა მთლიანობაში 14 ოპერაცია გაიკეთა ორი წლის განმავლობაში.