„ჩემთვის არ არის გადამწყვეტი, რომ თქვენ ცალსახად ჩემზე შეჩერდეთ, რადგან ღირსეული კანდიდატები არიან წარმოდგენილი, თქვენ გაქვთ არჩევანი მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ანა აბაშიძემ, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ანა აბაშიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ეს არ არის სახალხო დამცველის არჩევის ჩვეულებრივი პროცედურა.
„ჩვენ უნდა წავიდეთ წინ. წინ წასვლა ნიშნავს ზუსტად იმ ისტორიული მომენტის აღნიშვნას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ეს არ არის სახალხო დამცველის არჩევის ჩვეულებრივი პროცედურა და რეალურად ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი მთავარი ღირებულებების [წინაშე] – გავაფორმოთ, რომ ვართ ევროპული ღირებულებების მატარებელი ხალხი და ყოველთვის გვსურდა თავისუფალ სამყაროსთან ასოცირება აი ამ პროცესში და სახალხო დამცველის არჩევაც საბედნიეროდ, არის ამ პროცესის ნაწილი.
ამიტომ თუ ჩემზე ან სხვა, შეაჩერებთ არჩევანს, მაგრამ ეს არჩევანი იქნება სწორი, მე ვიქნები ბედნიერი. ჩემთვის არ არის გადამწყვეტი, რომ თქვენ ცალსახად ჩემზე შეჩერდეთ, რადგან ღირსეული კანდიდატები არიან წარმოდგენილი და თქვენ გაქვთ არჩევანი მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.“– განაცხადა ანა აბაშიძემ.
გარდა ამისა, ანა ანაშიძემ მისი არჩევის შემთხვევაში, მომდევნო 6 წლის სამოქმედო ხედვაზე ისაუბრა და თქვა, რომ პირველი და მთავარი არის თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება, რომელიც პირველ რიგში, მიემართება ყველა ადამიანს ვინც უმცირესობათა ჯგუფს წარმოადგენს.
„ეს არის ყველა სფერო: კულტურული, სოციალური, ეკონომიკური, სამოქალაქო, პოლიტიკური, ყველა ადამიანს, ვინც საქართველოში ლეგიტიმურად ცხოვრობს, უფლება აქვს თანაბრად სარგებლობდეს იმ სიკეთეებით, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვქმნით და ვინაწილებთ, მაგრამ სამწუხაროდ, პრაქტიკაში ხშირად ეს გადანაწილება არ არის სამართლიანი“, – განაცხადა სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა და დასძინა, რომ უნდა იმუშაონ გენდერული თანასწორობის მიმართულებით.
„ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ გენდერულ თანასწორობაზე, იმ პატარა გოგოებზე და ბიჭებზე, რომლებსაც ბავშვობაში ვუნერგავთ მავნე აზრებს, რის გამოც ისინი ხშირად ან დანაშაულის მსხვერპლები არიან ან დამნაშავეებად იქცევიან. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ბავშვებთან, უნდა ვიმუშაოთ მოძალადე ადამიანებთან, რომლებსაც რეაბილიტაციის უფლება აქვთ.
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაციის, სიძულვილის შემცირებაზე. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული ზიზღის ობიექტები არიან. ეს ზიზღი უსაფუძვლოა იმიტომ, რომ შეუძლებელია ადამიანს აღიარებდე ისე, როგორც ღირებულებას და მერე შეძლო დიფერენციაციის გაკეთება პოლიტიკური, ორიენტაციის თუ სხვა ნიშნით.
ამიტომ, ეს ჩვენი პრობლემა და ვალდებულებაა. ეს აუცილებლად იქნება ერთ-ერთი მთავარი [მუშაობის მხრივ]. ასაკის მიუხედავად რეპროდუქციული სქესობრივი ჯანდაცვა და განათლება არის ის მთავარი საკითხები, რომელიც ხანდახან ძალადობის საფუძველია პატარა გოგოების და ბიჭების მიმართ და აუცილებელია ამ მიმართულებით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას.
შშმ პირები და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები ადამიანები, მათ წინაშე არის მთელი რიგი მენტალური თუ ფინანსური ბარიერები, რომ არაფერი ვთქვათ გარემოს მისაწვდომობაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ჯგუფი, რომელზეც განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სახალხო დამცველი. აქვე მოვიხსენიებ ადამიანებს, ომის ვეტერანებს, რომლებიც ამ წუთს, იმის გამო, რომ ჩვენ გვიცავდნენ, ფლობენ შეზღუდულ შესაძლებლობას და ჩვენი კომპენსაცია ამ ადამიანების მიმართ არის მიზერული“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.
ამასთან, მისი თქმით, განათლების სისტემის მისაწვდომობისა და ხარისხის ზრდის მიმართულებით აუცილებელია ძალისხმევის გაერთიანება. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, როდესაც განათების სისტემას ახსენებს, გულისხმობს განსაკუთრებით პირველ ეტაპს და ეს არის სკოლამდე აღზრდა.
„შრომითი უფლებების ეფექტური დაცვა – როდესაც შრომის უფლებებზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ ყველას, პირველ რიგში, ვგულისხმობ სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხშირად შრომითი უფლებების და შიდა თანასწორობის პრობლემის გამო უხდებათ, ჩემი შეფასებით, ძალიან მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღება.
იცით, რომ სასამართლო სისტემა მოწყვლადია გენდერული თვალსაზრისით, სისტემა არ ცნობს ბავშვზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებას, თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესი არის, მაგრამ ეს არ არის ის პროგრესი, რომელიც სამართლიან მსჯავრს გულისხმობს ხშირ შემთხვევაში. სისტემა ორიენტირებული არ არის შშმ პირებზე და არ იცის, რა არის საჭირო.“– განაცხადა ანა აბაშიძემ.
ამასთან, როგორც ანა აბაშიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, ის უხერხულობას გრძნობს, რადგან დღეს დიალოგი პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო სექტორს შორის არ არსებობს და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა.
„ახლაც არის უხერხულობა და მე ვგრძნობ ამ უხერხულობას. უხერხულობა იმ თვალსაზრისით, რომ მე წარმოვადგენ სამოქალაქო სექტორს, ჩვენ არაერთი ემოციური განცხადება გაგვიკეთებია პოლიტიკოსების მიმართ და პოლიტიკოსებს ჩვენს მიმართ. ამ ყველაფერმა რეალურად შექმნა უიმედობა. ჩვენ აღარ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან ისე, როგორც ვთანამშრომლობდით. პრაქტიკულად დიალოგი შეწყდა, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა..
მე, როგორც სავარაუდო სახალხო დამცველს, ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ არცერთი საქმე არ წამიღია სასამართლოში, სანამ არ ვითანამშრომლებდი კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებთან, მაგრამ როდესაც ვიღებ უარს და მიგვაჩნია, რომ ამ უარს შეიძლება ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება შეეწიროს, რა თქმა უნდა, გაჩერება არ შეიძლება და ამისთვის არის მართლმსაჯულების სისტემა.
მე არასდროს დავიღლები დიალოგისგან, არასდროს არ ვიტყვი უარს თანამშრომლობაზე იმიტომ, რომ სახალხო დამცველს არ აქვს უფლება შეიკეტოს თავის ოთახში ან გაებუტოს ვიღაცას, არამედ, იმუშაოს. უფრო მეტიც თუ თქვენ წარუმატებლები იქნებით და თუ მე მომიწევს ხშირად დავწერო, რომ ადამიანის უფლებების სტაგნაციაა ჩვენს ქვეყანაში, გულწრფელად გეუბნებით, რომ ეს არის წარუმატებლობა მათ შორის, სახალხო დამცველის. ამიტომ ჩემი ინტერესია, ჩვენ ერთად ვიზეიმოთ რაღაც კარგი, რომელიც შეგვიძლია გავაკეთოთ და ამის მაგალითები ძალიან ბევრია. ხალხი ელოდება ამას ჩვენგან.
მე თავს ვიზღუდავ, როდესაც შეიძლება ამ სამსახურს დავთანხმდე, რადგან გაცილებით სხვა მანდატია, მე თავს სახელმწიფო ხელისუფლების ნაწილად აღვიქვამ, როდესაც ამ თემაზე უნდა ვილაპარაკო, კონსტიტუციის ნაწილი ხარ და პრობლემებიც შენი პასუხისმგებლობის ნაწილია, ამიტომ ეს რა თქმა უნდა, განსხვავებულ პასუხისმგებლობას უტოლდება ჩემთან მიმართებაში.
არ არსებობს პოლიტიკური ფერები, არ არსებობს პოლიტიკური გემოვნება, არ არსებობს იდეოლოგიური სხვაობა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ადამიანს დაეხმარები თუ არა და ამის უბრალოდ, უნდა გჯეროდეს. და მეორე, უნარი უნდა გქონდეს, რომ დადო შენი სუბიექტური შეხედულებები მაგიდაზე და ისე იმუშაო, რომ არ გადაგძლიოს შენმა შეხედულებებმა“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.
ამავე თემაზე:
სახალხო დამცველის კანდიდატებზე კომისიის შეფასება ცნობილია – ვის აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი