„2008 წლის აგვისტოში, საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ქმედებები მოქალაქეების დასაცავად განხორციელდა“, – ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მისი თქმით, ამავე დროს ეს იყო სიგნალი აშშ-სთვის და NATO-სთვის რუსეთის შეშფოთების მოსმენის აუცილებლობის შესახებ.
„ეს იყო ნიშანი შეერთებული შტატებისა და NATO-სთვის იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელი იყო რუსეთის შეშფოთების გათვალისწინება. კავკასიაში სიტუაცია შეიცვალა, თუმცა შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ ვერ გაიგეს და ვერ მიხვდნენ, გააგრძელეს თავისი სახიფათო კურსი. 2022 წელს მოგვიწია უფრო მკაცრად გვეპასუხა. ახლა მთელი მსოფლიო შეუქცევად შეიცვალა,“– წერს დმიტრი მედვედევი საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე.
ამასთან, იგი რუსულ მედიას 2008 წელს საქართველოში რუსეთის არმიის შეყვანის გადაწყვეტილების სისწორეზე ესაუბრა და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების „სისწორეში“ ეჭვი არც ახლა ეპარება და არც ახლა 2008 წლის აგვისტოში ეპარებოდა.
„სამწუხაროდ, საქართველოსა და უკრაინაში, ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა რუსეთს არჩევანი არ დაუტოვეს, კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პროცესის ჩაშლით და ჩვენ გააზრებულად წავედით სამხედრო ჩარევაზე“, – განაცხადა დმიტრი მედვედევმა.
მედვედევმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს „სისხლიანი სულელი“, „შეშლილი ფრიკი“ და „მუყაოს ყეყეჩი“ უწოდა.
„ჩვენ არ შეგვეძლო უბრალოდ შეგვეშრო ცრემლები და თავი დაგვეხარა სისხლიანი დიქტატორისთვის და ხალხი დასაგლეჯად მიგვეგდო. ჩვენი მოქმედებების სისწორე შემდგომში განვითარებული მოვლენების მსვლელობამაც დაადასტურა, მათ შორის აგრესიული დოქტრინების სამარცხვინო ჩავარდნამ, რომლის განხორციელებასაც მათი საცოდავი ბელადი ცდილობდა ასეთი გზნებითა და ზეწოლით.
მცირე დროის შემდეგ ის თავისივე ხალხმა უარყო. თუმცა, ის უსაქმოდ დიდხანს არ ყოფილა და სიხარულით მიეყიდა უკრაინის „ნარინჯისფერ“ ფიგურებს. მათი ამ რუსოფობიური პოლიტიკის ნაყოფს დღეს ამ ქვეყანაში ვხედავთ“, – განაცხადა მედვედევმა.
მისივე სიტყვებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთის ძლევამოსილ სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირებაში არ ჩაერთვება.
„რაც შეეხება ახალ შესაძლო აგრესიას საქართველოს მხრიდან, მისგან გამოყოფილი ტერიტორიების წინააღმდეგ– ეს შეუძლებელია. ჩვენთვის დღეს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული და ეს კარგად ესმის საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. ისინი კიდევ ერთხელ არ ცდიან ბედს და არ ჩაერთვებიან დაპირისპირებაში ისეთ სახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია.“– განაცხადა მედვედევმა და იქვე დასძინა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრები ვერ გახდებიან.