LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც წლების განმავლობაში, „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები სააკაშვილს აბრალებდნენ

181
ნიკა მელია

„თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული ოცნების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მიერ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა.

როგორც მელიამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჰააგის სასამართლოს მიერ უარყოფილია ყველა ბრალდება ქართველი სამხედროების მიმართ, უარყოფილია ყველა ბრალდება საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

„საქართველო გამართლდა. თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული ოცნების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ, გუშინაც კი, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, 2008 წლის ომს ახსენებდა, როგორც მის დანაშაულს.

მთელი ამ წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ ბრალს გვდებდა, რომ საქართველომ კაპიტულაცია არ გამოაცხადა, რომ არ დაემორჩილა ოკუპანტებს და დაიცვა თავისუფლება, სუვერენიტეტი და სახელმწიფო.

ეს იყო რუსული ნარატივი, რომელსაც თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად იმეორებდა რუსეთის სატელიტი „ქართული ოცნება.“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც მანვე აღნიშნა, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ ბრალი მიხეილ სააკაშვილის და ქართველ გმირ სამხედროებს დასდებოდა.

მელიას თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, ბრალი რუსული არმიის გენერალ ბორისოვისა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს წარუდგინეს.

„არცერთი ქართველის მიერ ჩადენილი არანაერი დანაშაული არ დასტურდა! ის, რაც „ქართული ოცნებისათვის“ დანაშაულია – პატრიოტიზმი და ღირსება, ცივილიზებული კაცობრიობისათვის რჩება წარუვალ ღირებულებად.

ამ ღირებულებებთან შინაგანი შეუთავსებლობა განაპირობებს ოლიგარქიული რეჟიმის ბრძოლას საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გმირულად იბრძვიან უკრაინაში პუტინის იმპერიის წინააღმდეგ.

ბოროტების იმპერიასთან მებრძოლი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს აფრთხილებდა მსოფლიოს, თუ რა მოხდებოდა, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს არ შეაჩერებდნენ, რუს ოლიგარქ ივანიშვილს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებში დატყვევებული ჰყავს“, – აღნიშნა ენმ-ის თავმჯდომარემ.

ნიკა მელიას თქმით, დღეს, ცივილიზებული მსოფლიო, თანხმდება, რომ უნდა გაეთვალისწინებინათ მიხეილ სააკაშვილის გაფრთხილება და დროულად მიეღოთ ზომები რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მთელი ევროპისა და ცივილიზებული სამყაროსათვის საფრთხედ გადაიქცა.

„ჰააგის სასამართლოს დღევანდელი ვერდიქტი არის ასევე უმნიშვნელოვანესი დადასტურება, რომ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე, რაც ასევე ხაზგასმით ჩაიწერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა პატრიოტს, ყველა ქართველ სამხედროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავდა საქართველოს ინტერესებს ჰააგის სასამართლოში.

ამასთან, კვლავაც ვადასტურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის ისტორიული უსამართლობა ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის წინაშე.

პრეზიდენტის თავისუფლება კვლავ რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად, რადგან პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობასთან. ბრძოლა გრძელდება, ძალა ერთობაშია.“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

პოპულარულები