LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი ახალ ალბომზე მუშაობს – „ელექტრონულ მუსიკას დიდხანს ვერ ვუსმენ…“

986
merab-sefashvili-iubile-58

მერაბ სეფაშვილი ახალი ალბომის გამოსაცემად ემზადება. ის თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში უკვე მუშაობს და რამდენიმე კომპოზიციაც ჩაწერა, მათ შორისაა ძველი სიმღერები, რომლებსაც მომღერალი ახლებური არანჟირებითა და ვერსიით შემოგვთავაზებს. ალბომი მალე გამოვა და მას, რასაკვირველია, მომღერლის სოლოკონცერტიც მოჰყვება.

მერაბ სეფაშვილი:

ვამზადებთ ახალ ალბომს. თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში ვმუშაობ, გია მაჭარაშვილთან ერთად. სხვათა შორის, იქნება ახალი სიმღერებიც და ძველი ახალიც, ბევრ სიურპიზს გპირდებით. ეს ძველი სიმღერები არ არის ჩემი რეპერტუარიდან და ახლებურად შემოგთავაზებთ. ჩემეული ხედვაა ეს, მე როგორც ვხედავ, ისე იქნება.

ბევრი ალბომი არ მაქვს გამოცემული. უამრავი სიმღერა მაქვს ჩაწერილი, მაგრამ ალბომად არა. ბევრი მათგანი არავინ იცის და მეც არ ვუსმენ. ახალ სიმღერებზე მაქვს საუბარი. როცა რაღაცას ხატავ და გადაშლი, ეს ამბავია. მეორე დღეს რომ აღარ მოგწონს და თავიდან იწყებ ყველაფერს.

თავად წყვეტთ ერთპიროვნულად, რა გამოიტანთ საჯაროდ თუ ვინმეს აზრსაც ითვალისწინებთ?

ყველას აზრს ვითვალისწინებ, მეგობრების, მუსიკოსების. ძალიან მიყვარს ბავშვების რეაქციის ნახვაც, სულ მთლად პატარების, ბავშვის ყური სხვა არის. ბოლო წერტილს მე ვსვამ. ახალ ალბომში ჯერჯერობით ყველაფერი მომწონს. ათამდე სიმღერა იქნება, რამე თუ არ ამოვიღე.

გია გოგორიშვილი:

ალბომი საახალწლოდ გამოვა. მასში ქართული მარგალიტები შევა, თუმცა იქნება ახალი სიმღერებიც, ასე ვთქვათ, ბონუსს რასაც ეძახიან. ერთ-ერთი სიმღერა ეკუთვნით ლილიკო ნემსაძეს და ირინა სანიკიძეს.

მერაბი:

მათ დამიწერეს და მაჩუქეს. ფრენკ სინატრას My Way-ს მოგაგონებთ. ჩემი ავტობიოგრაფიული სიმღერა გამოვიდა. ტექსტი ირინამ დაწერა, ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია და ისე კარგად მიცნობს, რომ ძალიან კარგი ტექსტი გამოვიდა. სანამ ლექსების წერას დაიწყებდა, ირინას მანამდეც ვიცნობდი. ასეთი მაგარი თუ იყო, მაშინ არ ვიცოდი. ინტრიგას დავტოვებ და არ გეტყვით, როგორი ტექსტია. ამ სიმღერაში ჩემი ცხოვრებაა ასახული.

თქვენზე ამბობენ, რომ არც მუსიკალურად და არც ფიზიკურად არ ბერდებით… რა საიდუმლო გაქვთ?

(იღიმის) არ ვიცი, ვერ გეტყვით. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს კონცერტებზე ახალგაზრდები დადიან. ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ მისი შვილები, რომლებიც ახლა სწავლობენ სკოლაში, ჩემი 80-იანი წლების სიმღერებზე გიჟდებიან. ასეთი მაგარი თუ იყო, ვერ ვხვდებოდითო.

გია:

ღამის კლუბებში დადის ის თაობა, რომელიც არც იყო დაბადებული მაშინ, როცა „გაიღიმე“ შეიქმნა, მაგრამ სულ ზეპირად იციან, ეს სიმღერაც და სხვა კომპოზიციებიც. ერთი რამ მინდა აღვნიშნო კიდევ, გია ყანჩელის „ის აქ არის“ გავაკეთეთ ახლა, მერაბმა თავისებურად შეასრულა. საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება იყო რიტმის დადება. ბევრს მოეწონა, იყო კრიტიკული კომენტარებიც, რაც მისაღებია, მაგრამ ერთმა ქალბატონმა დაწერა, რატომ დაამახინჯეთ სიმღერაო. მე ვუპასუხე, ღამის კლუბში პირველ საათზე რომ მიდიხარ, სადაც ახალგაზრდების წინაშე უნდა იმღერო, პირვანდელი სახით ამას ვერ წარმოადგენ. თან ცეკვავს, თან ერთობა და თანაც, თავიდან უსმენს ამ სიმღერას.

მერაბი:

ეს არის თავისებური ხრიკი, როგორ გაახსენო და დაამახსოვრო ახალგაზრდას, რა კლასიკოსები ჰყავდა ქართულ სიმღერას. ამაშია მთელი მუღამი.

კრიტიკას როგორ უყურებთ?

მშვენივრად. კრიტიკის გარეშე ჭეშმარიტება არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენთან მუსიკალური კრიტიკოსები არ არიან.

ახალ სიმღერაზე ექსპერიმენტებს როცა ატარებთ, ფიქრობთ, რომ ამან შეიძლება, კრიტიკა გამოიწვიოს?

შეგდებული ეპატაჟი არ მჭირდება, ეს შესაძლოა, დასჭირდეს ახალბედას, მაგრამ ექსპერიმენტები მიყვარს. აქამდეც მიკეთებია ექსპერიმენტები. ვნახოთ, როგორ მიიღებენ ახალ ალბომს (იღიმის). აქ იქნება როგორც გია ყანჩელის, ასევე ვაჟა აზარაშვილის სიმღერები – „ისევ წვიმს“ არის არაჩვეულებრივი კომპოზიცია, საოცრება იყო, როცა „რეროს“ შესრულებით მოვისმინე. გივი გაჩეჩილაძის ვერსიაზე პირი დავაღე, მაშინ ბავშვი ვიყავი. ჩემიც საინტერესო ვერსიაა. ადამიანი რაღაცას რომ აკეთებ, შენდა უნებურად, ასოციაციები გიჩნდება, რაღაც ამოტივტივდება არაცნობიერიდან. რატომ მაინცდამაინც ეს სიმღერა? იმიტომ, რომ ოდესღაც მასზე გავგიჟდი.

ამ ალბომს, ალბათ, მოჰყვება კონცერტიც…

ეს იქნება სოლოკონცერტი.

მახსოვს, წინა კონცერტზე სცენაზე ძალიან ბედნიერი იყავით…

მე იცი, როდის ვარ ბედნიერი? როცა სცენაზე ვარ კარგი მუსიკოსების გვერდით. კონცერტამდე რეპეტიციობ, იმეორებ და როცა სცენაზე ყველაფერი მიდის კარგად, მაშინ ბედნიერი ხარ.

გია:

თან, ახალი იმიჯი ჰქონდა და ბედნიერი იყო ამიტომაც (იღიმის).

იმიჯი თქვენთვის მნიშვნელოვანია?

მერაბი:

სცენაზე დგომისას არა, ზოგადად – კი. ხან ასე მაცვია, ხან ისე.

ალბომის გამოცემას დღეს აზრი აქვს?

ის აზრი აქვს, რომ მუსიკოსისთვის მნიშვნელოვანია. აქ კი არა, მსოფლიოში აღარ იყიდება ალბომები. საკუთარს დებ და დაგამახსოვრდება… ამიტომ კეთდება.

თავად რა მუსიკას უსმენთ?

მე, ძირითადად, ჯაზს ვუსმენ.

თანამედროვე მუსიკას?

კი, როგორ არა, მათ შორის კლუბურ მუსიკასაც. ამას დიდხანს ვერა, მაგრამ ვუსმენ. სტივ უანდერისნაირი ახალი ჯერჯერობით ვერავინ შექმნა. არიან კარგი მუსიკოსებიც, მაგალითად, კორი ჰენრის დავასახელებდი…

კლუბში დიჯეის სეტს დასწრებიხართ?

დავსწრებივარ და დიდხანს ვერ ვძლებ, სხვა სპეციფიკაა და მაგარი გაბრუებული უნდა იყო (იღიმის).

ბევრი წლის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, მოუსმენენ მერაბ სეფაშვილს?

30 წლის მერე თუ მოუსმენენ, ე.ი. რაღაც გამიკეთებია. ახლაც უსმენენ ჩემს 30 წლის წინანდელ სიმღერებს. არაჩვეულებრივად თქვა გია ყანჩელმა, თუკი ჩემი ნაწარმოებები ათეულობით წლის შემდეგ შესრულდა, ე.ი. რაღაც ღირებული შემიქმნიაო. ამ მოსაზრებას ვეთანხმები.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g