LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბიშვილის 20 თებერვალი – რას შეცვლის ყოფილი პრემიერის ციხიდან გამოსვლა

357
merabishvili

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას მთელი საქართველო ადევნებდა თვალს. ყოფილმა პრემიერმა გამოსვლისთანავე პირობა დადო, რომ ხელისუფლებას ერთ წელიწადში დაამხობდა. მას შემდეგ, რაც მერაბიშვილის „სფიჩი“ მისმა მეგობრებმაც კი გააკრიტიკეს, რიტორიკა შეცვალა და ემოციური დღის ბოლოს „მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რომ ხელისუფლება არჩევნების გზის წასულიყო.

მერაბიშვილი “ოცნებას” დაასრულებს: დილიდან საღამომდე შეცვლილი პოზიცია

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფორტუნასთან“ მერაბიშვილის თავისუფლებაზე გაკეთებულ განცხადებების კომენტირებისას აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის მთავარი მიზანი პირველ ეტაპზე ყოფილი თანაგუნდელების გაერთიანება იქნება.

შეეცდება ხიდის როლი შეასრულოს

„მერაბიშვილი შეეცდება გაყოფილი „ნაციონალური  მოძრაობა“ გააერთიანოს. თუ პარტიის რეინკარნაცია არ შედგება, ამ შემთხვევაში შეეცდება, ხიდის როლი შეასრულოს და „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ევროპული საქართველოს“ერთ ვექტორზე იყოს კოორდინირებული “, – აცხადებს ხუხაშვილი.

მისი თქმით, მერაბიშვილის ინტერვიუდან არ გამოჩნდა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის ათი დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო გულნატკენია.

„შეიძლება, ნაწყენიც არის სააკაშვილზე, მაგრამ პოლიტიკაში ეს ემოციები უკანა „პლანზე“ გადადის. მერაბიშვილი შეეცდება, ყოფილ პრეზიდენტთანაც დაალაგოს ურთიერთობა. ჩვენ ხომ გუშინ სააკაშვილის გამოსვლაც მოვისმინეთ, როდესაც მან ლამის სიყვარული აუხსნა ვანოს, მას შემდეგ, როცა მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ მაინცდამაინც კარგი გამოსვლა არ ჰქონდა. ეს პოლიტიკაა, სამწუხაროდ პოლიტიკაში ასე ხდება. შესაბამისად,  ვფიქრობ, რომ სააკაშვილთან მერაბიშვილის ურთიერთობის დალაგება აბსოლუტურად რეალურია. მათ უფრო მეტი აერთიანებთ, ვიდრე ჰყოფთ“, – აცხადებს ხუხაშვილი.

ხუხაშვილი ფიქრობს, რომ „ორ გვამთან“ დაკავშირებით გაკეთებული მერაბიშვილის განცხადება საზოგადოების განწყობას ვერ შეცვლის.

„ჩვენ მეორე მხარესაც უნდა მოვუსმინოთ, ვინც ამ ამბავზე წლების განმავლობაში საუბრობდა. მე მჯერა თუ არ მჯერა მერაბიშვილის, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ეს არის შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების ოპონენტები ამას დაიჯერებენ და სხვები არ დაიჯერებენ. ასეთი ტიპის განცხადებები საზოგადოებრივ განწყობას არ ცვლის. ვისაც რისი დაჯერება უნდა, იმას იჯერებს, როცა ფაქტობრივი მტკიცებულება არ აქვს არც ერთ ვერსიას“, – აცხადებს ხუხაშვილი.

კითხვაზე, ამ სიტუაციაში პოლიტიკურად გააქტიურება რამდენად დადებითი იქნება მერაბიშვილისთვის, ხუხაშვილი პასუხობს:

„სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც საზოგადოების გამთლიანება ვერ მოხდა და  პირიქით უფსკრული კიდევ უფრო იზრდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ვიღაც აღფრთოვანებულია ვანოს მერაბიშვილის გამოსვლით, ვიღაც შეძრწუნებულია. იგივე ხდება გიორგი გახარიასთან დაკავშირებითაც გასული წლის ივნისის შემდეგ. ნუ წარმოვიდგენთ, რომ მხოლოდ ვანო მერაბიშვილს არ გაუმართლა. გახარიასაც არ გაუმართლა და მას ძალიან ცუდი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ. საპროტესტო აქციებზე თვალთხარიას ეძახიან. აქედან გამომდინარე ეს არის ერთ- ერთი მოცემულობა. ამ ხელისუფლების ერთ-ერთი დანაშაული ის არის, რომ ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოება გაემთლიანებინა, პირიქით, უფრო მეტი სიძულვილი დანერგა, რაც შეიძლება, სავალალოც აღმოჩნდეს“.

ექსპერტის თქმით, ძნელია დავიჯეროთ, რომ  მერაბიშვილს პრემიერ- მინისტრობა არ მოეწონა, მინისტრობაც არ უნდა და პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომ უნდა დაბრუნება, რომ ქვეყნის საქმე აკეთოს.

„ეს ჩვეულებრივი, პოლიტიკური განცხადებაა. თქვენ ვერც ერთ პოლიტიკოსს ვერ ნახავთ, ვინც აცხადებს, რომ რაიმე თანამდებობა უნდა პოლიტიკაში. ყველას ჩვეულებრივი მოქალაქეობა უნდა და გულში რას ფიქრობს, ამაზე ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ხუხაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.

მიშამ თქვა, დაისვენოსო, კალაძემ თვითონ უნდა გადაწყვიტოსო, მარგველაშვილმა – მართლა გამოდისო? – სად წავა მერაბიშვილი

ყოფილი პრემიერის მიერ „ორ გვამთან“ დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარზე იურისტ ლევან ალაფიშვილს ზუსტი პასუხი არ აქვს. „ფორტუნასთან“ საუბარში ალაფიშვილი განმარტავს, რატომ აქვს ხელისუფლებასთან უფრო მეტი კითხვა, ვიდრე მერაბიშვილთან.

 როგორც მოქალაქეს, მაინტერესებს, თუ დანაშაული იყო, რა რეაგირება მოჰყვა მას

„სამწუხაროდ ამ საკითხზე ბევრი კითხვა მაქვს. რატომ არ გამოიძიეს მუხროვანის საქმე. ის ადამიანები, ვინც გავრცელებულ კადრებში ჩანან, სუს-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებენ. თუკი მუხროვანის საქმეზე დაიწყება გამოძიება და დადგება სასამართლო განაჩენი, მაშინ იქნება შესაძლებელი დასკვნების გაკეთება. ახლა ორივე მხარე მართალია. შესაბამისად, მე, როგორც მოქალაქეს, მაინტერესებს, თუკი ეს დანაშაული იყო, რა რეაგირება მოჰყვა მას და თუკი არ იყო რეაგირება, რატომ საუბრობენ და რატომ სპეკულირებენ პოლიტიკოსები. ძალიან მარტივია ჩემი პოზიცია. მაქვს კითხვა, მერაბიშვილმა ბრძანება რომ გასცა, მერე რა გააკეთეს კადრებში მყოფმა ადამიანებმა. ამ კითხვაზე პასუხი წლებია, არ მომისმენია.

რამდენად სარწმუნოა, რომ მერაბიშვილს არ უნდა არანაირი თანამდებობა, ალაფიშვილი აცხადებს, რომ მისი სიტყვები დრომ და გადადგმულმა ნაბიჯებმა უნდა დაამტკიცოს.

„იყო პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეც არ იყო. მაგრამ გავლენა ჰქონდა პოლიტიკურ პროცესებზე. შეიძლება პარტიაში არ იყო, მაგრამ საზოგადოებრივი აქტიურობით, შეეცადო პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინო.

იყვნენ ისეთები, ვინც ციხიდან მერაბიშვილის გამოსვლას ტაშით შეხვდნენ და ვინც რესტორანთან პლაკატებით დახვდნენ. აქტიურ პოლიტიკაში ვინცაა, მათ მიმართაც ასეთი დამოკიდებულებაა. თუკი ადამიანი იყო და არის პოლიტიკაში, ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს. სამწუხაროდ საჯარო სივრცეში მყოფი ადამიანების ბედი ასეთია“, – განაცხადა ალაფიშვილმა.

 

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა 6 თვისა და 9 თვის შემდეგ გუშინ „მატროსოვის ციხე“ დატოვა. ყოფილი პრემიერი აცხადებს, აქტიურ პოლიტიკას აუცილებლად დაუბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები