LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშამ თქვა, დაისვენოსო, კალაძემ თვითონ უნდა გადაწყვიტოსო, მარგველაშვილმა – მართლა გამოდისო? – სად წავა მერაბიშვილი

655
unnamed

სულ რაღაც სამ დღეში „მატროსოვის ციხეს“ ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი დატოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მერაბიშვილი პოლიტიკურად გააქტიურებას გეგმავს.
საკითხავია, წინასაარჩევნოთ მერაბიშვილის ბეგრაუნდით საკუთარი გუნდის „გაძლიერებას“ რომელი პარტია მოინდომებს.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს მერაბიშვილს ოჯახთან ერთად დასვენება ურჩია.
„როდესაც ვანო ჩასვეს ციხეში სრულიად უდანაშაულოდ, იმის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა. მაგალითად, ვანო რომ ჩასვეს ასეთი აიფონები არ არსებობდა, იყო ნოკიები. ვანო რომ ჩასვეს არ იყო უბერი და ა.შ. ვანო რომ ჩასვეს მსოფლიო იყო სხვა. ამიტომ, მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, და მე მასთან პირადი კონტაქტი არ მაქვს, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, მე დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით, მე ვიმოგზაურებდი, გავახელდი თვალებს, გავიხედავდი, გამოვიხედავდი და მხოლოდ ამის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებას. პირდაპირ თავით გადაშვება, იმის გათვალისწინებით, რაც მას ივანიშვილმა გაუკეთა ალბათ არ იქნება სწორი. მაგრამ მე ვანო არ ვარ და მის ნაცვლად არ ვიღებ გადაწყვეტილებებს. იმედი მაქვს მექნება საშუალება მას შევხვდე, დიდი მადლობა ვუთხრა პირადი გამბედაობისთვის, გავიხსენოთ ძველი დროები, მათ შორის შეცდომები“ , – განაცხადა რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სავარაუდო პოლიტიკური აქტივობის კომენტირებისას განაცხადა:
„არ ვიცი, რა აქვს გადაწყვეტილი ვანო მერაბიშვილს. თუ სად და როგორ გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა, ეს მისი გადასაწყვეტია და მისგან უნდა მოვისმინოთ. თუმცა, ამ ადამიანმა მოიხადა თავისი სასჯელი იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაშიც ბრალი ჰქონდა წარდგენილი და გამოდის უკვე. გააგრძელებს როგორც რიგითი მოქალაქე ცხოვრებას, თუ სად და რა მიმართულებით, ეს მისი გადასაწყვეტია“.

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ყველაზე კარგი იქნება თუ მერაბიშვილი პოლიტიკაზე რაღაც პერიოდი არ იფიქრებს.
„ყველაზე ლოგიკური იქნება გარკვეული პერიოდი პაუზა აიღოს. მას სჭირდება ადაპტაცია გარესამყაროსთან. შეიძლება ციხეში კარგად იყო ინფორმირებული, მაგრამ თუ პროცესს ხელით არ შეეხე, არ ელაპარაკე, მაინც შეიძლება არ ჰქონდეს სწორი კორექტივა. ნუ დროც აქვს. სად ეჩქარება. რაც შეიძლება სად შეიძლება, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს, მარტივი არჩევანი არ აქვს. შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ან „ევროპულ საქართველოში“ წავიდეს. სხვა არჩევანი არ აქვს. სხვა პარტიებთან მისი ინტეგრაციის პერსპექტივა არ ჩანს. ამ ორს შორის რომელ არჩევანს გააკეთებს, არ ვიცი. რაც შეეხება, მის პოტენციალს და შესაძლებლობებს, მე ძალიან დიდი წარმოდგენის არ ვარ. თუმცა, გამომდინარე იმ პოლიტიკური პროცესებიდან, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, შეიძლება, ორივე მხარისთვის გარკვეულ პოლიტიკურ აქტივობად ჩაითვალოს.
პოლიტიკაში პიროვნული ურთიერთდამოკიდებულების ჭრილში პროცესების დანახვა არასწორია. პირადი წყენები არაფერს ნიშნავს თუ არსებობს პოლიტიკური ერთიანობის სურვილი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ფორტუნას“ კითხვამ შესაძლებელი არის თუ არა, რომ ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის გვერდით ვიხილოთ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე, გვიპასუხა:

„ძალიან უცნაური შეკითხვაა. სხვა გალაქტიკიდანაა დასმული. არც ვიცი, რა პასუხი უნდა გაგცეთ. ეს ჩემთვის დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ მკითხოთ, მარსიანელები ჩამოდიან თბილისში რამდენიმე დღეში და მათთან ერთად ისადილებთო? 20 თებერვალს თუ გამოდიოდა ციხიდან, ეგეც არ ვიცოდი და ვანო მერაბიშვილი რას აპირებს, ეს ხომ არ ვიცი და არც ვიცოდი. ჩემი და მერაბიშვილის პოლიტიკურ კავშირზე კითხვამ ძალიან გამახალისა“, – განგვიცხადა მარგველაშვილმა.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, როგორ შეხვდებოდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფილ პრემიერს.
პარტიის აზრი „ფორტუნასთან“ დავით კირკიტაძემ დააფიქსირა:

„ბატონი ვანო მერაბიშვილი მისი გეგმების შესახებ აუცილებლად თვითონ გააკეთებს კომენტარს, როგორც კი დატოვებს საპატიმროს. ჩვენი პარტია მიესალმება ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმრის გათავისუფლებას”.

შეგახსენებთ, მერაბიშვილი სასჯელს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე იხდის. მას სასჯელის შთანქმის პრინციპით, 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ყოფილი პრემიერი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წლის მაისში დააკავეს.
2020 წლის 20 თებერვალს კი ყოფილი პრემიერი სანუკვარ სიტყვებს – მერაბიშვილი „სვეშჩამი“ გაიგონებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები