LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის საქმე, დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში და ცინიკური დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ – რა საკითხები მოხვდა ომბუდსმენის ანგარიშში

39
ნინო ლომჯარია

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს უსმენენ.

ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს წარუდგინა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელშიც 2021 წლის ფაქტებია ასახული.

მოხსენების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ომბუდსმენის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4 666 განცხადება შევიდა, აპარატის ცხელ ხაზზე კი 11 126 ზარი განხორციელდა.

ამავე ანგარიშით, სახალხო დამცველმა 2021 წელს მოამზადა და სახელმწიფო უწყებებს მიმართა 67 რეკომენდაცია/წინადადებით.

ანგარიშის მიხედვით:

◼  წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება;

◼  შეინიშნება ტენდენცია, რომ უფრო მეტად მცირდება გამოხატვის თავისუფლების სივრცე;

„რუსული, ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფების მომძლავრების, წახალისების და მათ დანაშაულებრივ საქმიანობაზე ხელის დაფარების პარალელურად, ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე იზღუდება.

შეინიშნება ტენდენცია, რომ უფრო მეტად მცირდება გამოხატვის თავისუფლების სივრცე. ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და უფლებადამცველებს საქმიანობა საფრთხის შემცველ და მტრულ გარემოში უწევთ.

2021 წელს გაიზარდა კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება, სახელმწიფო უწყებების ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების ხშირად დაუშვებლობა და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის ანგარიშში საუბარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შიმშილობის მართვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მომენტში დარღვევა არაერთი მიმართულებით გამოვლინდა:

„ჩვენი დაკვირვებით, დარღვევა არაერთი მიმართულებით გამოვლინდა. პირველ რიგში, ეს ეხებოდა შიმშილობის მართვას. მისი შიმშილობის დროს, არაერთი ისეთი განცხადება კეთდებოდა, რომელიც პატიმრის შიმშილობის დამძიმებას იწვევდა.

მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში მისი გადაყვანა ისე მოხდა, რომ არ მომხდარა შესაბამისი რისკების გათვალისწინება. ასევე, მრავალჯერადად გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, სააკაშვილის ფსიქოთერაპიული და ფიზიკური რეაბილიტაციის საკითხი, სამწუხაროდ, დღემდე მოუგვარებელი რჩება.

სახალხო დამცველის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შესახლების კადრების გავრცელებით, პატიმრის უფლება დაირღვა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g