LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა, ახალგაზრდა შეფებს ვუთხრა, მთავარი არ არის „მიშლენის ვარსკვლავი“ გქონდეთ, მთავარია, გქონდეთ იდეები – ინტერვიუ იტალიური სამზარეულოს ამომავალ ვარსკვლავთან

471
mateo

ღარიბ იტალიურ რეგიონში გატარებული ბავშვობა, ბებიის კერძები – როგორც შთაგონების მთავარი წყარო და 18 წლის ასაკში მიღებული ე.წ კულინარიული ოსკარი, ანუ „მიშლენის ვარსკვლავი“ – ეს მატეო სივეროა, ახალგაზრდა და ძალიან წარმატებული იტალიელი შეფი, რომელიც 21-დან 27 ივნისამდე საქართველოში იმყოფებოდა და იტალიური სამზარეულოს დღეების ფარგლებში, მასტერკლასებს ატარებდა.

26 წლის მატეო სივერო ჩვენს ქვეყანაში Home cooking adventures-ს მოწვევით ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია პანდემიის დასაწყისში დაარსდა და აერთიანებს მოყვარულ მზარეულებს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ნინო ჩხიკვიშვილი და ნუკა ორჯინიკიძე ამბობენ, მატეო სივეროსთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ბოლოს, ძალიან ცნობილი იტალიელი შეფი საქართველოში ჩამოსვლაზე დაითანხმეს. „ჩვენთვის არის ძალიან დიდი პატივი, რომ შევძელით მისი ნდობის მოპოვება. ეს არის ძალიან მშრომელი ადამიანი, რომელსაც დღე-ღამეში 2 საათი სძინავს და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ 18 წლის ასაკში „მიშლენის ვარსკვლავი“ მიიღო. მისი დათანხმება არ იყო მარტივი“, – ამბობს ნუკა ორჯონიკიძე.

FORTUNA.GE-მ იტალიური სამზარეულოს ამომავალ ვარსკვლავთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

– როგორ დაიწყო ეს დიდი კულინარიული თავგადასავალი? რა ასაკში გადაწყვიტეთ, რომ ეს პროფესია აგერჩიათ?

5 წლის ვიყავი, როდესაც მშობლები დაშორდნენ და მე ბებიასთან ვიზრდებოდი, რომელიც იტალიის ღარიბი რეგიონიდან, ნეაპოლიტანიიდან იყო. ის ყოველთვის დილით იღვიძებდა, რომ ოჯახისთვის კერძები მოემზადებინა და ამ კერძების სურნელი და არომატი მაღვიძებდა ხოლმე. ბებიის კერძებმა ჩემზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა, ამიტომ, 13 წლიდან სარესტორნო სფეროთი დავინტერესდი და დავიწყე კოლეჯში ამის შესწავლა. დილით კონდიტერიას ვსწავლობდი, შემდეგ სკოლაში მივდიოდი, საღამოს კი სხვადასხვა რესტორანში ვცდილობდი, თავი გამომეჩინა. ერთ დღესაც, ვერონაში, ერთ-ერთმა რესტორანმა ჩემი მონდომება შეამჩნია და დამასაქმა. 18 წლის ასაკში გავხდი ამავე რესტორნის საუკეთესო შეფმზარეული და ამავე წელს მოვიპოვე „მიშლენის ვარსკვლავიც“. ბევრი რამ ვისწავლე, თუმცა სულ ვცდილობ, არ დავივიწყო ბებია და ჩემი ბავშვობის დროინდელი, მშობლიური გემო იტალიურ კერძებში შევინარჩუნო. მინდა საკუთარი რესტორნის გახსნაც და ვეძებ ლოკაციას, ბევრს ვმოგზაურობ ამ მიზნით როგორც მთელ მსოფლიოში, ისე იტალიაში.

ჟურნალისტი მარი მელიქიშვილი მატეო სივეროსთან ერთად

– რას ნიშნავს თქვენთვის „მიშლენის ვარსკვლავის“ ფლობა?

მე არ მიძებნია „მიშლენის ვარსკვლავი“, ის თვითონ მოვიდა ჩემთან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის მთავარია კლიენტი იყოს კმაყოფილი და მას მოსწონდეს ის, რასაც მე ვაკეთებ. „მიშლენის ვარსკვლავი“ არის იმ შრომის დაფასება, რაც მანამდე მიკეთებია და რასაც დღემდე ვაკეთებ. სულ ვამბობ, რომ მთავარია თავდაჯერებულობა და ბევრი შრომა. ხშირად ვერ ვხედავდი მშობლებს, მეგობრებს, რთული იყო დიდ კოლექტივთან მუშაობა, მიწევდა ყოველდღიურად რაღაც ახლის სწავლა, თუმცა ყოველთვის მქონდა, საკუთარი ხაზი და იდეა. რაკი იტალიის ღარიბ რეგიონში გავიზარდე, ჩემი იდეა ასე გამოიყურებოდა – ღარიბი სამზარეულოს გადახალისება, ან უბრალო პროდუქტებით შედევრების შექმნა. მინდა, ახალგაზრდა შეფებს ვუთხრა, მთავარი არ არის „მიშლენის ვარსკვლავი“ გქონდეთ, მთავარია, გქონდეთ იდეები.

 

– ყველაზე მეტად ამ საქმიანობაში რა მოგწონთ?

ის, რომ კრეატიულობა ამ პროფესიას არ აკლია და მუდმივი შემოქმედებითი პროცესია. მოგზაურობ ბევრს, ეცნობი სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოებს, მათ ტრადიციებს და მე ეს ძალიან მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე ძალიან შრომატევადია.

ნინო ჩხიკვიშვილი და ნუკა ორჯინიკიძე მატეო სივეროსთან ერთად

– რომელი ქვეყნების სამზარეულოები მოგწონთ და რას იტყვით ქართულ კერძებზე?

ყველაზე მეტად კლასიკური იტალიური სამზარეულო მიყვარს, თუმცა ექსპერიმენტებს არასდროს ვერიდები. ჩემი ერთ-ერთი მიზანი არის, რომ იტალიური სამზარეულოს ინფუზია მოხდეს, მაგალითად, აღმოსავლურ სამზარეულოსთან. განსაკუთრებით კი იაპონურ კერძებს გამოვარჩევდი. ასევე, ძალიან მომწონს ფრანგული სამზარეულო, ჩვენთან ახლოს არის ეს ქვეყანა და მუდმივად ხდებოდა კერძების გაცვლა ორ ქვეყანასა შორის. მომწონს ასევე ესპანური სამზარეულოც. რაც შეეხება საქართველოს, ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო გაქვთ. უკვე გავსინჯე რამდენიმე კერძი, მაგალითად ხაჭაპური, ხინკალი და ბუნებრივია, მომწონს.

– ვინ არის თქვენი ფავორიტი შეფი მსოფლიო კულინარიის ისტორიაში ?

ვერ გამოვყოფდი რომელიმე ერთ ადამიანს, რომელსაც ვბაძავ და რომლის გამოცდილებასაც ვიყენებ ჩემს საქმიანობაში, ვინაიდან, ჩემი კერძები არის ის, რასაც მე ვგრძნობ, ანუ ჩემთვის ინდივიდუალიზმი და საკუთარი იდეები ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოველდღე ვეძებ ახალ გემოებს.

– თავისუფალ დროს რას უთმობთ? განტვირთვის საყვარელი საშუალებები?

სამწუხაროდ, თავისუფალი დროის ქონა ჩემთვის დიდი პრობლემაა. ფაქტობრივად, თავისუფალი დრო არ მაქვს. სამზარეულო ჩემთვის დიდი გატაცებაა, ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძების მომზადების დროსაც ვერთობი. როცა ვმუშაობ, ამას არ აღვიქვამ მძიმე საქმედ, რადგან ამ პროცესში ვერთობი, ეს ყველაფერი მსიამოვნებს. თუმცა, თუ გამომიჩნდა თავისუფალი დრო, ვმოგზაურობ, ვნახულობ მეგობრებს.

ავტორი: მარი მელიქიშვილი

ფოტო: ბაჩანა მერაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები