ალბათ, ბევრი შეამჩნევდით, თბილისის ქუჩებში 24 წლის ქერა, მიმზიდველ გოგონას, რომელიც საკუთარი ველოსიპედით და “გლოვოს” ზურგჩანთით დადის. ხშირად უცხოელი გონიათ. აღსანიშნავია, რომ შესამჩნევი და განსხვავებული გარეგნობა აქვს. თუმცა, თავად ამბობს, რომ სუფთა სისხლის ქართველია – “იმერელ-მეგრელ-გურულ-რაჭველი”. ასეთია მისი წარმომავლობა. 18 წელი ქუთაისში, მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად იცხოვრა. ახლა კი თბილისშია. სწავლობს და უამრავ საინტერესო საქმიანობას ეწევა. იმდენად გასხივოსნებული საუბრობს ყველაფერზე, იფიქრებთ, თითქოს სხვა ცხოვრებაშია. იქ სადაც, მხოლოდ ფერადი და ბრჭყვიალა სამყაროა.

შენზე მომიყევი, ვინ არის მარი მიხელიძე?

ქუთაისში დავიბადე. მყავს ორი და და ერთი ძმა. დედა, მამა და ერთი და ქუთაისში ცხოვრობენ. სკოლის დასრულების შემდეგ, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ახლა კი, ფსიქოდიაგნოსტიკის ფაკულტეტის მეორე კურსზე ვარ.

რატომ აირჩიე ეს პროფესია?

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა წიგნების კითხვა. სპექტაკლებს ვდგამდით ხოლმე. როცა გავიზარდე, ორი წელი ახალგაზრდული თეატრალური დასის წევრი ვიყავი. შემდეგ, პიესების კითხვა დავიწყე და ფსიქოლოგიამაც დამაინტერესა. არ ვიცი, რამდენად არის კავშირში ეს ყველაფერი.
როცა კონკრეტული პერსონაჟის თამაში გიწევს, უნდა შეისწავლო მისი თვისებები, ხასიათი და ფსიქოტიპი. სხვადასხვა რეჟისორების ლიტერატურებს ვკითხულობდი, რაც საქმეს უფრო მიმარტივებდა. თუმცა, მივხვდი, რომ მსახიობობა ჩემი საქმე არ იყო. ამიტომ, ფსიქოლოგიით დავინტერესდი.

ახლა რას საქმიანობ?

ადრეული განათლების პედაგოგი ვარ და კერძო ბაღში ვმუშაობ. თან უნივერსიტეტში, ფსიქოდიაგნოსტიკას ვსწავლობ. პროფესია პრაქტიკაში ძალიან მეხმარება. რაც შეეხება საქმიანობას, ფსიქოლოგთან ერთად ვადგენთ ბავშვის მდგომარეობას. ვაფასებთ, რა დონეზეა მისი ინტელექტუალური ან მოტორიკული შესაძლებლობები. შემდეგ, ვსახავთ მიზნებს, საიდან დავიწყოთ და უფრო მეტად, რა მიმართულებით სჭირდება ბავშვს განვითარება.

როგორც ვიცი, ველოსიპედი გიყვარს ძალიან და ბევრს მოგზაურობ…

2016 წლიდან, ჩემი ტრანსპორტი ველოსიპედია. ალბათ მე-11 კლასში ვიქნებოდი, როცა ჩემმა ძმამ მაჩუქა. მას შემდეგ ვმართავ. თუმცა, თბილისში რომ გადმოვედი, ძალიან გამიჭირდა, ქუჩები არ ვიცოდი. გარდა იმისა, რომ ძალიან კომფორტულია და ძალიან სწრაფია, მუდმივად ფორმაში ხარ. ასევე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. ხშირად მეუბნებიან, ამდენი ხანია ველოსიპედით დადიხარ, მოტოს ხომ არ იყიდდი. არა, არა – ეს სულ სხვა რამეა.
ძალიან მიყვარს მოგზაურობა. დიდი სანაცნობო მყავს, ვისაც მსგავსი ინტერესები აქვს და ერთად დავდივართ სხვადასხვა ქალაქებში. ჩემი პირველი მოგზაურობა 2018 წელს სვანეთში შედგა. მოვიარე თითქმის მთელი საქართველო, მთა-ბარი. ახალ წელს ბაქოში ვიყავი. მოკლედ, ველოსიპედზე შემიძლია ვიცხოვრო (იცინის).

ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვს. დამატებით ინტერესებზე რა მეტყვი?

2016 წლიდან ვცეკვავ სოციალურ ტანგოს. იქ ინტერნაციონალური ხალხი დადის და რომ მივდივარ, გაოცებულები მიყურებენ. ველოფორმაში განსხვავებული სამოსით მისული, გარდავიქმნები ხოლმე (იცინის).
სოციალური ტანგო ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია მისვლა. სწავლობენ მინიშნებებს. ყოველ ჯერზე არის იმპროვიზაცია. პარტნიორი თვალით, ჟესტებით ცდილობს გამოგიცეკვოს. ამას თვალით დაპატიჟებას უწოდებენ. არ არის დადგმული ცეკვები. ყოველთვის სხვადასხვანაირია. საკუთარ თავზე, ბევრ რამეს იგებ.
წარმოიდგინეთ, საერთოდ უცნობ ადამიანს ეცეკვები და საუბრის გარეშე, მინიშნებით გესმის რას გელაპარაკება. ძალიან უცნაური და სასიამოვნო პროცესია. ძირითადად, თვალდახუჭული ვცეკვავ. ამ დროს, შენს სხეულზე ხარ კონცენტრირებული და ცდილობ, რომ იმპროვიზაცია კარგი გამოვიდეს და უკეთ შევიგრძნო. ჩემთვის ტანგო ცეკვა არ არის, ეს არის ურთიერთობის ფორმა.

 

რატომ გადაწყვიტე კურიერად მუშაობა? რა სირთულეებია?

უამრავი ფინანსური პასუხისმგებლობა მაქვს. შესაბამისად, როდესაც პანდემია დაიწყო, შემოსავალი მჭირდებოდა. თუმცა, ძალიან რთულია. მომხმარებლები არ უთითებენ სწორ მისამართებს, გისვამენ ბევრ არასაჭირო კითხვას. მაგალითად, რადგან კურიერი ვარ უნდა მივხვდე მარცხენა შემოსახვევში, “არკის” ქვემოთ გამოშვერილი რკინის გვერდზე რომ შავი კარია (იცინის). მსგავსი სასაცილო ამბები ხშირად ხდება. ზოგმა, საერთოდ არ იცის რა მისამართზე ცხოვრობს.
ძალიან მალე ბაღები დაიწყება და ალბათ უკვე იშვიათად ვიმუშავებ კურიერად. ალბათ, დრო აღარ მექნება.
მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით საზოგადოება “კავკასიის ველოქსელი”. ორ კვირაში ერთხელ ვმართავთ ველოტურებს. რა თქმა უნდა, არაკომერციულს. იმისათვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ველო-მოგზაურობების ისტორია.

რაზე ოცნებობ?

იცით, ჩემი ოცნებები ძალიან რეალურია და მიზანს უფრო ვუწოდებ. საინტერესო ცხოვრება მაქვს. უფრო გეგმები მაქვს, ვიდრე ოცნებები. როდესაც სწავლას მოვრჩები მინდა, რომ ველოსიპედით ვიმოგზაურო იმ ქალაქებში, სადაც ცეკვავენ ტანგოს. მაგალითად, შარშან ვიყავი: ესპანეთში, იტალიასა და თურქეთში. ყველგან მივედი ტანგოს საღამოებზე. წარმოიდგინეთ, ესპანეთში ათი დღით ვიყავი და შვიდ ტანგოს საღამოს დავესწარი. მეგობრები დამცინოდნენ, რომ ტანგოს საცეკვაოდ თუ წახვედი, რატომ გვიმალავდი, მუზეუმი მაინც გენახაო (იცინის). მოკლედ ძალიან მინდა “ტანგო-ველო’’ მოგზაურობა.

ცალია თუ არა “ველო-გოგოს” პირადი ცხოვრებისთვის?

კი ცოტათი მცალია (თვალები გაუბრწყინდა). საბედნიეროდ, სხვებს უფრო ცალიათ და ცდილობენ, რომ დრო დამითმონ.

როგორ წარმოგიდგენია შენი თავი, როგორც დიასახლისი? როგორ ფიქრობ, რომ მოგიწიოს ცხოვრების წესის შეცვლა, შეძლებ დათმო?

ჯერ ვფიქრობ, რომ ძალიან ადრეა. არა, არა უბრალოდ არ ვფიქრობ ამაზე.

 

 

ავტორი: ნანკა ქოქიაშვილი

მსგავსი თემები