LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწისქვეშა ნაგვის ურნები – ახალი ძვირადღირებული პროექტი დედაქალაქს

1091

თბილისში მალე ნაგვის ბუნკერები მიწის ზედაპირიდან მიწის ქვეშ გადაინაცვლებს. პროექტზე ”თბილსერვის ჯგუფი” მუშაობს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორის პირველმა მოადგილე დავით დოლიძემ განუცხადა, პირველი ასეთი კონტეინერები ქალაქში 2017 წლის დასაწყისიდან გამოჩნდება. ამ ეტაპზე ტექნიკური საკითხები მუშავდება.

უახლოეს მომავალში შეირჩევა შესაბამისი წერტილები, სადაც აღნიშნული კონტეინერები განთავსდება.

დოლიძის განცხადებით, პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია. თითო მიწისქვეშა კონტეინერი 10-15 ათასი ევრომდე ჯდება.

”კონტეინერები ისეთ ადგილებზე განთავსდება, სადაც საცობების გამო, ნაგვის ურნების დაცლა შესაბამისი სიხშირით ვერ ხორციელდება ან დასუფთავების სამსახურის მანქანების გამო, მოძრაობა კიდევ უფრო ფერხდება. პიკის საათებში ჩვენი მანქანები ვერ ახერხებენ ზოგიერთ ლოკაციაზე მისვლასა და ურნების დაცლას. მიწისქვეშა კონტეინერის დაცლა შესაძლოა 2 დღეში ერთხელ განხორციელდეს, რაც გზებზე სიტუაციას შეამსუბუქებს”, – განაცხადა დავით დოლიძემ ”ფორტუნასთან”.

კონტეინერში ნარჩენების 2 დღით განთავსება, როგორც დოლიძემ განაცხადა, ქალაქში ანტისანიტარიას არ შექმნის. მისი ინფორმაციით, კონტეინერი მიწის ქვეშ სრულიად იზოლირებულია.

მიწისქვეშა კონტეინერების მოცულობა 3-დან 5 კუბამდეა. მისი დაცლა სპეციალური მანქანებით ხორციელდება შესაბამისად, კონტეინერების მოწყობასთან ერთად, ”თბილსერვისმა” სპეციალური მანქანებიც უნდა შეიძინოს და შემოიყვანოს.

აღნიშნულ კონტეინერებზე ნარჩენების სეპარაციის სისტემა არ იმოქმედებს, იმის მიუხედავად, რომ 2018 წლის დასაწყიდან საქართველოს ნარჩენების სეპარაციაზე გადასვლის ვალდებულება აქვს.

”სეპარაციას 2017 წლის დასაწყისიდან აზრი არ აქვს, რომც დახარისხდეს ნარჩენები, შემდეგ ის მაინც ერთად უნდა ჩაიყაროს, რადგან გადამამუშავებელი საწარმო საქართველოში ამ დრომდე არ გვაქვს. ქარხანა შენდება და  2018 წლამდე საქართველო ვალდებულების შესაბამისად გადავა ნარჩენების სეპარაციაზე”, – განაცხადა დოლიძემ ”ფორტუნასთან”.

mazda magti 5g