LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში“ – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

134
გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის თქმით, მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის იმ კომპეტენციებში. ეს განცხადება მან ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც იკითხა, განიხილებოდა, თუ არა ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ ლაშა ხუციშვილი კანდიდატად განიხილებოდა, უბრალოდ პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. აქ არის ერთი რამ, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე, თუნდაც ეს მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო იყოს, მას არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის იმ კომპეტენციებში, რომელიც მას საერთოდ არ ევალება. ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული“, – აღნიშნა მსხილაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ასევე უპასუხა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვას.

„აქვე, ვუპასუხებ ბეჟან წაქაძის შეკითხვას, თუ რა წყობილებაში ვცხოვრობთ? ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში, ბატონო ბეჟან, მაგრამ ის, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, უნდა შესრულდეს, სადაც ცალსახად წერია, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება წარადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები პარლამენტისთვის“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

„იკვეთება ნიშნები, რომ პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის საქმიანობას, ასეთ პირობებში, პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა“ – რა განცხადებას ავრცელებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო

მისივე განმარტებით, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა, ფაქტია, რომ პრობლემა არ შექმნილა და ეროვნული ბანკი თავის საქმიანობას და მუშაობას აგრძელებს. ამასთან, მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის წევრის თანამდებობაზე კანდიდატურებს უახლოეს მომავალში წარმოადგენს.

„რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ კანდიდატების წარდგენას დეკემბრამდე არ აპირებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პრეზიდენტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს კანდიდატურებს. პრეზიდენტმა დეკემბრამდე იგულისხმა მოქმედი მოვალეობის შემსრულებლის ვადა, რომელიც დეკემბერში იწურება და იგულისხმა ის ვადა, რომელიც ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელს პრობლემა აღარ ექნება. ასე რომ, უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ ორ ახალ კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე და თქვენი გადასაწყვეტი იქნება მას დაუჭერთ თუ არა მხარს“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი “ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.

 

magti 5g