საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა.
ორბელიანის სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრა მიმდინარეობს
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიესალმა კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლას და ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებებისა და დიალოგის ხელშეწყობას.
პრეზიდენტმა კრისტიან დანიელსონს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების, პარლამენტში მოხვედრილი პარტიების უფლებებისა და მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო ინსტრუმენტების შესახებ.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ კრისტიან დანიელსონის ვიზიტი შედეგიანი იქნება და მისი გამოცდილება დაეხმარება მხარეებს არსებული სიტუაციის დაძლევაში.
მისივე თქმით, პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა შეიმჩნევა დაძაბულობის შემოტანის მცდელობები. საჭიროა შემსუბუქდეს რიტორიკა და პროცესმა გამოსავლის მოსაძებნად მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს არსებული განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისაკენ სწრაფვა აერთიანებს და ეს არ შეიცვლება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ეუთომ არჩევნებთან დაკავშირებით უკვე დადო შესაბამისი დასკვნა, რაც ეჭვქვეშ არ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას.
კრისტიან დანიელსონმა კი განაცხადა, რომ დღეს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად. როგორც მან აღნიშნა, საქართველო რეგიონში ყოველთვის დემოკრატიულობისა და სტაბილურობის მაგალითს წარმოადგენდა და ეს ვითარება არ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესშია.