მომდევნო კვირას ზუსტად გვეცოდინება, როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მიმდინარე კვირას ჩვენ მივიღეთ დამატებითი მოთხოვნები „ფაიზერის“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია კოვაქსის, „ფაიზერისა“ და საქართველოს მონაწილეობით. ყველა დეტალი დაზუსტდება და ზუსტად გვეცოდინება, როდის მივიღებთ დაპირებულ „ფაიზერის“ ვაქცინას, 29 250 დოზას, რაც „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით საქართველომ პირველ კვარტალში უნდა მიიღოს.
ვაქცინა საქართველოს მიმდინარე თვის ბოლოს უკვე უნდა მიეღო, მაგრამ მოხდა შეფერხება და იმედი მაქვს, რომ მარტის პირველ 2 კვირას ჩვენ მივიღებთ დაპირებულ დოზებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა, რა რაოდენობის „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მივიღებთ.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ავტორიზაცია მისცა „ასტრაზენეკას“ ორ – ინდური და კორეული წარმოების ვაქცინას. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ ორივე ამ ვაქცინაზე ჰქონდეს წვდომა და მომდევნო კვირის დავადგენთ რა რაოდენობით შევძლებთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას.
სავარაუდო რაოდენობა არის 315 ათას დოზამდე. მაგრამ ეს რაოდენობა დღეს და ხვალ დაზუსტდება“ . – ამბობს გაბუნია.