LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეებთან დაკავშირებით „შავი სია“ კი არ უნდა გაკეთდეს, ამას უნდა ერქვას „მუგუზალივით შავი მოძალადეების სია“: რომან გოცირიძე

119
რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, „მოსამართლეებთან დაკავშირებით „შავი სია“ კი არ უნდა გაკეთდეს, ამას უნდა ერქვას „შავბნელების სია“ ან „მუგუზალივით შავი მოძალადეების სია“. აღნიშნული განცხადება გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა, სადაც ყურადღება სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ოპოზიციაში არსებული ინიციატივა, შექმნილიყო „შავი სია“, სადაც იმ პროკურორებს, მოსამართლეებსა და პოლიციელებს შეიყვანდნენ, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ, ხელისუფლების მიერ წამოწყებული ანტიპიარის გამო არ განხორციელდა.

„იყო პარტიების შეკრებებისას, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ, ასეთი მოთხოვნა, რომ შემდგარიყო „შავი სია“ იმ პროკურორების, მოსამართლეებისა და პოლიციელების, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს და რომლებიც ეწევიან ოპოზიციის პოლიტიკურ დევნას. ამ „შავი სიის“ საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო ხელისუფლებამ, დაიწყო დაბულინგება, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, რეპრესიებს დაიწყებსო. „შავი სიის“ ამ ფორმით შემოტრიალებამ შეაშინა ოპოზიცია. სად არის ის ინიციატივები? – გაქრა. „შავი სია“ კი არა, ამას უნდა ერქვას „შავბნელების სია“, „მუგუზალივით შავი მოძალადეების სია“ – ასეთი ხატოვანი სახელი უნდა დავარქვათ,“ – განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას წარდგენილი წლიური ანგარიშიც შეაფასა და თქვა, რომ მმართველ პარტიას არ ეგონა ნინო ლომჯარია თუ ასეთი „კერკეტი კაკალი“ აღმოჩნდებოდა, თორემ მას პარლამენტში არ დაამტკიცებდნენ.

„ყოველთვის ხარისხიანი მოხსენება კეთდება ომბუდსმენის მიერ და მისასალმებელია, რომ არის ერთადერთი სახელმწიფო სამსახური, რომელიც არ არის ივანიშვილის გავლენის ქვეშ. მმართველ პარტიას არ ეგონა, თუ ნინო ლომჯარია აღმოჩნდებოდა ასეთი „კერკეტი კაკალი“, თორემ არც დაამტკიცებდნენ პარლამენტში. მისი დამსახურებაა იმ მწვავე საკითხების წამოწევა, რაც ამ დოკუმენტში ხვდება: პირდაპირ ჩანს, რომ არაფორმალური მმართველობაა, სასამართლოს შესახებ ძალიან მწვავე ჩანაწერებია, ადამიანის უფლებები რომ ირღვევა, დისკრიმინაციის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში და კანონებში არსებული ნორმები არ სრულდება, უმცირესობები იჩაგრება, ფაქტობრივად, ხელისუფლება ეყრდნობა შავბნელ ძალებს, რომლებიც ჩაგრავენ დაუცველ ადამიანებს და ეკლესიამ გაიჯეჯილა,“ – განაცხადა გოცირიძემ.

პოპულარულები