სამედიცინო-საარქივო პორტალმა MedRxiv.org, რომელზეც სრულად ჩატარებული, თუმცა ფართო საზოგადოებისათვის ჯერჯერობით უცნობი კვლევების შედეგები ქვეყნდება, შემოგვთავაზა PubMed-ის მონაცემთა ბაზაში არსებული იმ 12  ნაშრომის მონაცემთა ანალიზი, რომელთა მიზანიც მოწევასა და COVID-19-ის პროგრესირებას შორის კავშირის დადგენა გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ამ კვლევების შესახებ სამეცნიერო წრეების მოსაზრება ჯერჯერობით უცნობია, რადგან ისინი ექსპერტებს ჯერ არ შეუფასებიათ. მიუხედავად ამისა, დამაფიქრებელია კვლევებში მოყვანილი რიცხვები. თორმეტივე კვლევის მიზანი იყო კავშირის დადგენა თამბაქოს მოხმარებასა და კორონავირუსის შესაძლო გართულებათა წარმოშობის რისკებს შორის, რაც შესაბამისად მეცნიერებს უპასუხებდა კითხვაზე – არის თუ არა თამბაქოს მოხმარება კორონავირუსის გართულების რისკ-ფაქტორი და შესაბამისად, არიან თუ არა მწეველები რისკ-ჯგუფში.
საერთო ჯამში, აღნიშნული კვლევების ფარგლებში შესწავლილ იქნა 9025 კოვიდპაციენტის მონაცემები. მათგან 9.7%-ს დაავადება მძიმე ფორმებში განუვითარდა, მწეველი კი 5.5.% იყო. აღმოჩნდა, რომ იმ კოვიდპაციენტების უდიდესი უმრავლესობა, რომელიც შედიოდა მწეველთა ჯგუფში, შედიოდა ასევე მძიმედ დაავადებულთა რიცხვშიც. სწორედ ამიტომ ანალიზის ავტორების აზრით, საჭიროა თამბაქოს მოხმარება ახალი კორონავირუსის პროგრესირების წინაპირობად და პაციენტის მდგომარეობის გართულების რისკ-ფაქტორად იქნეს მიჩნეული. მათი აზრით, იმ ყველა მონაცემთან ერთად, რომელთა აღრიცხვაც ამ დროისათვის ხდება სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მიერ, უნდა აღირიცხოს მწეველი პაციენტების რაოდენობა და გართულებული შემთხვევების რიცხვიც.
ანალიზის ავტორებს ასევე მიაჩნიათ, რომ მოწევისათვის თავის დანებება ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მიერ გაცემული სხვა რეკომენდაციების რიცხვს უნდა მიემატოს.

,,თამბაქოს მოხმარება იმუნიტეტს წევს დაბლა, ამ დროს ჩვენ ვერ შევებრძოლებით ვირუსს სათანადოდ” – თამაზ მაღლაკელიძე

მსგავსი თემები