LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშენებლობის სექტორი ერთადერთია, სადაც წელს არც ერთი კომპანიის გაყიდვები არ გაზრდილა

74
20180305103530

საქართველოს ბიზნესასოციაცია BAG ინდექსის 2021 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს ბიზნესასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის თანამშრომლობით, აპრილის თვეში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა.

კვლევის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი, რომელიც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასებასა და მოლოდინს ემყარება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გამოკითხვის თანახმად, მეორე კვარტალში ბიზნესი არსებულ მდგომარეობას, გაუმჯობესების მიუხედავად, კვლავ ნეგატიურად აფასებს, თუმცა ბიზნესის მოლოდინი ოპტიმისტურია. საერთო ჯამში, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი პოზიტიურია და აღმასვლის მეოთხედში ხვდება.

კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

ბიზნესასოციაციაციის ინფორმაციით, 2021 წლის II კვარტალში, BAG ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი, მშენებლობის სექტორის გარდა, ყველა სექტორისთვის გაუმჯობესდა. ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში როგორც მიმდინარე მდგომარეობის შეფასება, ასევე, მოლოდინიც გაუმჯობესებულია. რაც შეეხება მომსახურების სექტორს, კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 2020 წლის III კვარტლის შემდეგ უმჯობესდება, ხოლო მოლოდინი, მცირედი გაუარესების მიუხედავად, კვლავ პოზიტიურია.

როგორც ბიზნესასოციაციაში განმარტავენ, მშენებლობის სექტორი, 2020 წლის III კვარტლიდან მოყოლებული, მიმდინარე მდგომარეობას ნეგატიურად აფასებს. 2021 წლის მეორე კვარტალში მშენებლობის სექტორი ერთადერთია, სადაც არც ერთი კომპანიის გაყიდვები არ გაზრდილა. სხვა სექტორებისაგან განსხვავებით, მშენებლობის სექტორის მოლოდინიც საგრძნობლად პესიმისტურია. მაშინ როდესაც სხვა სექტორებში გამოკითხულთა 60%-70% მესამე კვარტალში გაყიდვების ზრდას მოელის, მშენებლობის სექტორში მსგავსი მოლოდინი მხოლოდ 13 %-ს აქვს.

BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები