LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოლოდინი აქვს ქართულ ბიზნესს მომდევნო თვეებში, უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად – კვლევის შედეგები

65
Forbes-WEB-22031901-770x540

„საქართველოს ბიზნესასოციაცია“ BAG ინდექსის 2022 წლის მეორე კვარტალის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების მიუხედავად, წინა კვარტალებში არსებული პოზიტიური განწყობა 2022 წლის მეორე კვარტალშიც შენარჩუნებულია.

BAG-ის ცნობით, ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ დადებითად შეფასდა, როგორც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა, ისე მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი. შესაბამისად, დადებითი შეფასება ბიზნესლიმატის მაჩვენებელზეც აისახა, რომელმაც 38.4 ქულა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები ოთხ სექტორში ერთიანდება: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა, ხოლო თავად BAG ინდექსის მიმდინარე კვლევა მაისის თვეში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა.

„სექტორული შეფასებიდან გამოსაყოფია მრეწველობა, სადაც მიღებული შედეგი წინა კვარტალთან შედარებით არსებული მდგომარეობის მკვეთრად უარყოფითად შეფასების გამო მნიშვნელოვნად გაუარესებულია, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმ კომპანიების პრობლემების ასახვაა, რომელთა წარმოებული პროდუქციის სამიზნე ბაზრებად უკრაინა და რუსეთი განიხილებოდა. რაც შეეხება ვაჭრობის, მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებს – 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალში გაუმჯობესებულია, როგორც ბიზნესკლიმატის, ისე მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი.

რაც შეეხება მომდევნო კვარტალის მოლოდინებს – საზოგადოდ, შეფასებები დადებითია, თუმცა მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში განსახილველი მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია გარკვეულწილად შენელებულია, რაც, ძირითადად, ამ სექტორებში გამოკითხული კომპანიების ნაკლებად ოპტიმისტური პროგნოზით არის გამოწვეული. კერძოდ, ამ სექტორებში კომპანიები მესამე კვარტალში გასაყიდი პროდუქციის ფასების ზრდას პროგნოზირებენ, რამაც თავის მხრივ, გაყიდვების რაოდენობის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს.

აქვე, გამოსაყოფია ვაჭრობის სექტორი, რომელსაც მომდევნო 6 თვეში ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. ზემოხსენებულს, შესაძლოა, მომდევნო კვარტალში გაყიდვების ზრდის მოლოდინი განაპირობებდეს, რომელსაც კომპანიათა 69% აფიქსირებს.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის მოლოდინი წინა კვარტალებთან შედარებით გაცილებით ოპტიმისტურია, კერძოდ, მიმდინარე კვარტალში ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელმა კოვიდპანდემიამდე (2019 წლის IV კვრტ.) არსებულ მაჩვენებელს 3.4 ქულით გადააჭარბა და ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია (56.5 ქულა). ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს ემყარება. შესაბამისად, BAG ინდექსი საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები