სპეციალურად ამონაშვილის აკადემიისათვის, ბასტი ბუბუს ხელმძღვანელმა თამარ სხვიტარიძემ ჩაწერა ძალიან საინტერესო ინტერვიუ შალვა ამონაშვილთან, სადაც ის ცდილობს უპასუხოს მშობლებისათვის ყველაზე საინტერესო შეკითხვებს.

– დღეს აქტუალური და პრობლემურია ბავშვთან ურთიერთობა, სწავლის პროცესი, განათლების სისტემის პრობლემები, ამას ემატება ისიც, რომ მშობლები დაკავებულები არიან და ბავშვებთან დიდ დროს ვერ ატარებენ. ბუნებრივია მათ ძალიან გამოადგებათ თქვენი ცოდნა და  გამოცდილება. რას ურჩევდით მშობლებს?

შალვა ამონაშვილი : ჯერ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მიდგომა ბავშვების მიმართ საერთოდ. აღსანიშნავია, რომ ახლანდელ მშობლებს უნდა ყველაფერი  ჩქარა მოხდეს. უნდათ, ჩქარა აღზარდონ ბავშვი. უნდათ ერთი სიტყვით მოგვარდეს ყველაფერი, მაგრამ ასე არ ხდება. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ დღევანდელი ბავშვები განსხვავებულები არიან, განსხვავებული თაობაა. ბავშვებს აქვთ თავისი ბუნება, ახლანდელ ბავშვებს აქვთ განსხვავებული ხედვა და მოთხოვნები. ძველი მიდგომები მათთან უკვე აღარ ამართლებს.  ამასთან მშობელი დაკავებულია, სულ უნდა მოასწროს რაღაცა და ასე არ გამოდის. რაც არ უნდა ვთქვათ, მშობლის და შვილის ურთიერთობაში ერთად გატარებული დრო ფასდაუდებელია. ამიტომ მშობლებმა მაქსიმალურად ბევრი დრო უნდა დაუთმონ შვილებს. რასაკვირველია, ეს ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებელია.

-აღსანიშნავია, რომ მშობლები საკმაოდ ხშირად არიან პანიკაში, რადგან ბავშვები აღარ ემორჩილებიან,  არ უნდათ სკოლა,  სწავლა. მშობლებს კი  არ სცალიათ მუდმივად ბავშვთან ყოფნისთვის. ფაქტიურად დღესდღეობით  ბავშვები არიან ძიძების ან სკოლების იმედზე, თუ  ადრე სკოლას მხოლოდ განათლების მიცემის ფუნქცია ჰქონდა, ახლა უფრო მეტად მოეთხოვება ბავშვის აღზრდაზე ზრუნვაც, რაც არცთუ კარგად გამოდის. რა უნდა ქნას მშობელმა, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა?

შალვა ამონაშვილი : ჯერ უნდა გავარკვიოთ ერთი რამ – ვღებულობთ თუ არა ბავშვებს ისეთებს, როგორებიც არიან?  დღეს ძალიან ბევრი ბავშვი არის ჰიპერაქტიური, მათ აქვთ თანდაყოლილი ნიჭი და ცოდნა, როგორც გითხარით, მათთან განსხვავებული მიდგომებია საჭირო. ბავშვს არ უნდა სკოლაში წასვლა, რადგან მისი თვალსაწიერი გაცილებით ფართოა და ეს უბრალოდ არ აინტერესებს. განათლების სიტემა უნდა მოერგოს თანამედროვე ბავშვების უნარებს და მოთხოვნებს, რადგან დღევანდელ რეალობაში ის ცოდნა, რასაც მათ სკოლა აძლევთ, ეჩვენებად მცირედ და არაფრის მომცემად. ბუნებრივია ეს იწვევს უყურადღებობას, რადგან სკოლა ვერ ახერხებს ბავშვის დაინტერესებას.

მშობელს აქვს ორი არჩევანი – ან უნდა მიიღოს ბავშვი ისეთი, როგორიც არის, ან უნდა ჩასვას თავის დაწესებულ ჩარჩოებში, თავის გამოძერწილ ყალიბში და ჩამოაყალიბოს. მე არ მიმაჩნია, რომ ჩამოყალიბება კარგი ტერმინია. ამ დროს ბავშვის ინდივიდუალიზმის ჩაკვლის ხარჯზე ვძერწავთ ისეთ შვილს, როგორიც ჩვენ გვინდა ისე, რომ არ ვითვალისწინებთ თვითონ მას რა უნდა.

ახლანდელ ბავშვებს ბევრი რამ აინტერესებთ, აქვთ თანდაყოლილი ცოდნა და ტალანტი, უფრო ფართოდ უყურებენ ყველაფერს, ისინი ასეთები არიან და უნდა მივიღოთ ასეთებად. ამიტომ ტრადიციული გამოცდილება უკვე არ გამოდგება. მშობელმა უნდა შეიცვალოს წარმოდგენა  ბავშვზე და გააცნობიეროს, რომ აღზრდა რაღაც დრომდე მუდმივი პროცესია და საჭიროებს ყოველდღიურ მუშაობას როგორც შვილზე, ასევე საკუთარ თავზე. მე თუ მკითხავთ,მშობელთა სკოლებია საჭირო ქვეყანაში, მშობლობა არ არის ადვილი და მშობელმაც ბევრი უნდა ისწავლოს შვილის აღზრდის პროცესში.

სკოლაშიც, სადღაც მე-8-9 კლასიდან  უნდა ვასწავლიდეთ ბავშვებს როგორი უნდა იყოს ის მომავალში როგორც კაცი, ქალი, დედა და მამა, როგორც საზოგადოების წევრი. მხოლოდ ფიზიკის და ქიმიის სწავლა არაა საკმარისი იმისათვის, რომ ბავშვი სკოლის დასრულების შემდეგ მზად იყოს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

– როგორ უნდა მოიცალოს მშობელმა ასეთ დროში, როცა მუდმივად დაკავებულია, არა მხოლოდ შვილის აღზრდაზე, არამედ თავის თავზე სამუშაოდაც? როგორც არნიშნეთ, დღევანდელი ბავშვები ძალიან ინფორმირებულები და გონებაგახსნილები არიან, მშობელი კი თითქოს ტემპით ჩამორჩება მათ.

შალვა ამონაშვილი :  მე ვურჩევდი ახალგაზრდა მშობლებს, რომ იქამდე, ვიდრე შვილს გააჩენენ, დადონ სამი პირობა საკუთარი თავის და შვილის წინაშე.

პირველი არის სწორედ ის, რომ მშობელს შვილისთვის ყოველთვის უნდა ჰქონდეს დრო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველა დაკავებულია და ყველა მუშაობს, ბავშვს ვერავინ შეუცვლის მშობლებს. ამიტომ დრო აუცილებლად უნდა გამოინახოს იმისათვის, რათა მშობელმა შეძლოს შვილის აღზრდა. მეორეა ის, რომ მშობელი ყოველთვის უნდა იყოს მომთმენი ბავშვის მიმართ მისი აღზრდის პროცესში. თუ ამ პირობებს აკმაყოფილებს ადამიანი, მხოლოდ ამ დროს არის მზად მშობლობისათვის. და მესამე – მშობელს უნდა ჰქონდეს სწორი წარმოდგენები და მოლოდინები საკუთარი შვილის მიმართ და არასოდეს შთააგონოს, რომ მას რამე არ შეუძლია. ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი შვილის და ეს მას საშუალებას მისცემს, საუკეთესოდ გამოავლინოს თავისი ნიჭი და უნარი.

მნიშვნელოვანია კიდევ იმის გაცნობიერება, რომ შენი შვილი მოვლენაა შენთვის. შენ გააჩინე, მაგრამ შენი არ არის, ის შენ არ გეკუთვნის. მშობელმა ეს უნდა გააცნობიეროს და დაეხმაროს შვილს იმაში, რომ გახდეს დამოუკიდებელი და იპოვოს თავისი გზა. მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ შვილები ოდესმე წავლენ თქვენგან და დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ. მშობელმა ეს ტრაგედიად კი არ უნდა აღიქვას და არ უნდა ჰქონდეს ეგოისტური დამოკიდებულება, პირიქით, სწორედ ეს არის მშობლის მისია, რომ აპოვნინოს შვილს თავისი გზა და შეამზადოს დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად.

მსგავსი თემები