LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშვიდობა ძმებს შორის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია: მიტროპოლიტი იოსები ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაზე

79
FORTUNA.GE-

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა ძმებს შორის და მივესალმებით იმ შერიგების პროცესს, რომელიც იქნა მიღწეული ჩვენი თუ სხვა კეთილი ადამიანების რუდუნებით.” – შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გურია და აჭარა საუკუნეების განმავლობაში საქართველოსთვის ერთი კუთხე იყო და  ერთობა და სიყვარული მომავალშიც გამტკიცდება.

როგორც მიტროპოლიტი იოსები გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა 13 იანვარს, სოფელ ბუკნარში სპეციალურად შემზადებული ადამიანების მოსალოდნელი ჩასვლის შესახებ, მან პირადად მიიღო გადაწყვეტილება, ვითარების განსამუხტად ადგილზე სამღვდელოება გაეგზავნა:

“სამწუხაროდ, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება მუსლიმ თემსა და ქრისტიან მოსახლეობას შორის, რის შესახებაც ჩვენ, სამღვდელოებამ, გავიგეთ 12 იანვარს, 21:00 საათზე. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო.

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ აჭარიდან, ზოტიდან და სხვა სოფლებიდან, 13 იანვარს აპირებდნენ ჩამოსვლას სოფელ ბუკნარში სპეციალურად შემზადებული ადამიანები, ამიტომ პირადად მე მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება, სამღვდელოება გამეშვა სოფელში ვითარების განსამუხტად. ვინაიდან უკვე კომენდატის საათი იყო, ბატონ ზურაბ ნასარაიას, გურიის სახელმწიფო რწმუნებულს, დავურეკე და ვთხოვე, სასულიერო პირებისთვის გადაადგილების საშუალება მოეცა. თანხმობის მიღების შემდეგ სამღვდელოება ღამის 23:00 საათზე ჩავიდა ქრისტიანი მოსახლეობის დასამშვიდებლად, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ მოსალოდნელ დაპირისპირებაში.

საუბარმა, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო – მეორე დღეს მოხდა შერიგება გურულებსა და აჭარლებს შორის.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა ძმებს შორის და მივესალმებით იმ შერიგების პროცესს, რომელიც იქნა მიღწეული ჩვენი თუ სხვა კეთილი ადამიანების რუდუნებით. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყოველი ქართველი, მათ შორის, გურულები და აჭარლები. გურია და აჭარა საუკუნეების განმავლობაში ერთი კუთხე იყო საქართველოსთვის. ერთობა, ძმობა და სიყვარული, ღვთის მადლით, მომავალშიც გამტკიცდება.” – ამბობს შემოქმედელი მიტროპოლიტი.

შეგახსენებთ, სოფელ ბუკნარში ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის უთანხმოება ერთ-ერთი სახლის გამო მოხდა, რომელსაც მუსლიმები  სალოცავად იყენებენ.

 

ჩოხაუტაურის მერიასთან მუსლიმები ხელახალი შეხვედრის გამართვას ითხოვენ

ჩოხატაურის მერი: ყველაფერი მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს, ამისთვის ყველა რესურსს გამოვიყენებთ.

პოპულალურები