„ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესმენ დავით ხიდაშელისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
ცისკარიშვილმა ბრიფინგი გამართა სოციალურ ქსელში „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ურეკავს.
„დღის განმავლობაში გვქონდა საშუალება, დეტალურად გავცნობოდით როგორც ამ ჩანაწერებს, ისევე შეძლებისდაგვარად შეგვესწავლა ბიძინა ივანიშვილის თანამოსაუბრის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საქმიანობა. ევტუშენკოვი არის პუტინის გარემოცვის უახლოესი წრის წარმომადგენელი. სწორედ ამიტომ არის ის სანქცირებული, რადგან არის კრემლის რეჟიმის კარის ოლიგარქი. უფრო მეტიც, მის დაქვემდებარებულ „AFK-სისტემაში“ შედის საწარმო, რომლის სახელიც არის „კრონშტატ ტექნოლოჯის“. ის აწარმოებს „ორიონის“ ბრენდის ქვეშ შემტევ უპილოტო სამხედრო დრონებს. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, პირდაპირი კონკურენტია იმ ბაირაქტარის, რომელიც ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით. თურქული ბაირაქტარის პირდაპირი კონკურენტის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელია ევტუშენკოვი. ამ პიროვნებასთან ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს თვენახევრის წინ საქმიანი მოლაპარაკება.
რამდენიმე კვირის წინ ხშირად საუბრობდნენ იმაზე, როდესაც უკრაინელმა კოლეგებმა დააყენეს საკითხი საქართველოს მონაწილეობაზე რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლება მოითხოვდა, დაგვიმტკიცეთ და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, უკრაინელ კოლეგებს უკვე იმ დროისთვის ჰქონდათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს „ზერნო“. როდესაც „ზერნოზეა“ საუბარი, აქ არ იგულისხმება არც ხორბალი, არც მარცვლეული. ეს არის ფული, მინიშნება დოლარებზე, რესურსებზე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ და ეს ძალიან საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს ინფორმაცია შესაბამისი დაზვერვითი სამსახურების მიერ გავრცელდა მას შემდეგ, რაც შეიკრა მთელი საინფორმაციო ციკლი. როგორც ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა, ასევე დასავლეთმა ძალიან კარგად იციან, სადამდე მივიდა ეს თანამშრომლობა, სადამდე მივიდა „ზერნოსთან“ დაკავშირებული თანამშრომლობა ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის. ამასთან, ევტუშენკოვი არის უშუალო ხელმძღვანელი იმ სუბიექტის, რომელიც აქ ბოლო ორი წელია, დადის, ვინმე დავით ხიდაშელის, რომელმაც ჯერ ე.წ. რუკები წარმოადგინა და საპარლამენტო არჩევნების წინ ორი უდანაშაულო ადამიანი ციხეში აღმოჩნდა მისი ამ საქმიანობის შედეგად. და სულ ბოლოს, რაჭის ტერიტორიის მესამედზე ცოტა მეტი, 104 ათასი ჰა ტყის მასივი აიღო 49-წლიანი იჯარით. ძალიან კარგად ხვდებით, ამ ორ დაჯგუფებას შორის რა ტიპის თანამშრომლობაზე გვაქვს საუბარი.
გასაგებია, რომ დასავლეთმა და დაზვერვითმა სამსახურებმა გაცილებით მეტი იციან ამ თანამშრომლობის შესახებ, ვიდრე აუდიოჩანაწერებში მოვისმინეთ, მაგრამ აუცილებელია, როგორც დავით ხიდაშელზე, ასევე ბიძინა ივანიშვილზე, ქართული ეთნიკური წარმოშობის, მაგრამ შინაარსით რუსი ბიზნესმენების და ორი ოლიგარქის მიმართ დაწესდეს სანქციები, რათა მთლიანად საქართველო არ აღმოვჩნდეთ უფრო მეტ სირთულეში. ვხედავთ, ჩვენს თვალწინ როგორ ხდება გეოპოლიტიკური ცვლილებები, გადანაწილება, უკვე ეშვება და მომავალში უფრო მყარად ჩამოეშვება რკინის ფარდა დასავლეთსა და რუსეთს შორის. ჩვენ არ გვინდა, ამ რამდენიმე ადამიანის გამდიდრების გამო, საქართველო აღმოჩნდეს რკინის ფარდის ბნელ და არასწორ მხარეს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.