LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაცვლად 2 წამლისა, ადამიანებს 10 წამალს უწერენ… უნდა შევცვალოთ მოტივაციები, რომლებსაც ფარმაცევტული კომპანიები ექიმებს უჩენენ: აკაკი ზოიძე

145
აკაკი ზოიძე

წამლების გაზრდილ ფასსა და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში წამლების ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით პრობლემა მოგვარდეს, ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია უნდა გაიზრდოს და შეიცვალოს მოტივაციები, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიები სამედიცინო პერსონალს უჩენენ. მისივე თქმით, ექიმები პაციენტებს ზედმეტი რაოდენობის წამლებს უწერენ და ამას არავინ არეგულირებს.

აკაკი ზოიძის განცხადებით, საქართველოში ჯანდაცვის დანახარჯების 40% მედიკამენტებს უჭირავს, რაც ძალიან ბევრია, რადგან ევროპაში ეს პროცენტული მაჩვენებელი 15-20%-ს არ სცილდება.

ზოგადად წამლების ფინანსური ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ქრონიკული ავადმყოფებისთვის ვისაც ყოველდღიურად სჭირდება მედიკამენტი, არის უდიდესი პრობლემა. პერიოდულად თითქოს ხდება ამ საკითხის გააქტიურება, იგეგმება ხოლმე რაღაც ნაბიჯების გადადგმა მაგრამ სამწუხაროდ, კონკრეტული ნაბიჯები 2012 წლის შემდეგ არ გადადგმულა. 2017 წელს შემოვიდა სუბსიდირების პროგრამა ქრონიკული ავადმყოფებისთვის, მაგრამ მთელი რიგი ხარვეზების გამო, მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ადამიანებისა, ვისაც რეალურად უჭირს, პროგრამამ ვერ მოიცვა, მათი ნაწილი ძალიან მცირეა.

მარტო ფასების რეგულირებით ვერ გადავჭრით ამ პრობლემას. იმისთვის, რომ ხარისხიანი წამალი არ გაქრეს ბაზარზე და ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისათვის, რამდენიმე ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ:

  • ადმინისტრაციული ბარიერები უნდა მოვხსნათ, რომ კონკურენცია იყოს და მეტი მოთამაშე იყოს ბაზარზე, რომელიც ფასების დაწევას მოემსახურება.
  • შევცვალოთ ის მოტივაციები, რაც აქვთ დღეს ბაზარზე მოთამაშეებს, უპირველეს ყოვლისა ეს სამედიცინო პერსონალს ეხება და ექიმებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ფარმაცევტული კომპანიების მიერ, რომ რაც შეიძლება მეტი წამალი გამოწერონ. ზედმეტი პოლიფარმაცია უნდა როგორმე მოვაგვაროთ, რადგან ნაცვლად 2 წამლისა, ადამიანებს 10 წამალს უწერენ დაავადების სამკურნალოდ. 

ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლითაც შესაძლებელია აღნიშნული პრობლემის მოგვარება. ამ მხრივ სიტუაცია არანორმალურია ჩვენთან. მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯებიდან არ შეიძლება, რომ 40% ეჭიროს მედიკამენტებს. ეს არაა ნორმალური, რადგან 15-20%-ს არ უნდა აჭარბებდეს. ევროპაში არეგულირებენ წამლის ბაზარს და ახერხებენ იმას, რომ ჯანდაცვის სერვისების მთლიან მოხმარებაში წამალს უჭირავს მხოლოდ 15-20%, მაშინ, როდესაც ჩვენთან 30-40%-ია. სწორედ ამის გამოა, რომ პრაქტიკულად აუტანელ ტვირთად აწვება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს და განსაკუთრებით ხანდაზმულებს, რომელთაც შემოსავალი ნაკლები აქვთ და პენსიაზე არიან დამოკიდებული.

ერთის მხრივ რაციონალურ მოხმარებას უნდა შევუწყოთ ხელი. ეს ჯანდაცვის რეფორმასთან, გამჭვირვალე გამოწერის პრაქტიკასთან და ელექტრონული რეცეპტურის დანერგვასთან ერთად უნდა მოხდეს, სადაც გამოჩნდება ვინ წერს ზედმეტ მედიკამენტებს და ვინ არა. მეორეს მხრივ სახელმწიფოს სუბსიდირებით უნდა გაიზარდოს. 23 წამალი რომ არის ჩართული დღეს სუბსიდირების პროგრამაში, ეს 100-მდე მაინც უნდა გაიზარდოს და ამით დაიფაროს 5 ყველაზე გავრცელებული დაავადების მკურნალობის სქემები, რომლებიც წარმოადგენს ძირითად მიზეზს ჩვენი მოქალაქეების დიდი დანახარჯებისა“, – აცხადებს აკაკი ზოიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები