პარტია „ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის მოსაზრებით, თუ „ქართული ოცნების“ ის პოლიტიკა გაგრძელდება, რაც ივანიშვილის დაკვეთითაა, გონივრული და ლოგიკური მოლოდინია, რომ სანქციების პოლიტიკა გააქტიურდება.
აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების თაობაზე განაცხადა და თქვა, რომ ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესება ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებაა.
ნაცვლიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ შეფასებები, რომლის თანახმადაც სანქციების დაწესება არის შანტაჟი, რადგან საქართველო ომში არ ჩაერთო, უკრაინის ოფიციალური პირების მხრიდან მსგავსი შინაარსის მოწოდებები არ ყოფილა.
„ცალკეული განცხადებები, რომელიც ისმის ხოლმე, რიგ შემთხვევებში მოდის კერძო პირებისგან, ექსპერტებისგან. მე ამ პოზიციებს არ ვიზიარებ, მაგრამ ეს არ არის უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია.
ამის თქმის მყარ საფუძველს მაძლევს ის შეხვედრა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციას გვქონდა კიევში, ბუჩასა და ირპენში, სადაც შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა ოფიციალური პირების დელეგაციას.
შეხვედრა შედგა პარლამენტის სპიკერებს შორის, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ესწრებოდა და ასევე შეხვედრა იყო სრულ დელეგაციებს შორის.
ჩვენ რადას სპიკერისგან, რომელიც უკრაინის ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს, მსგავსი მოწოდებები არ მოგვისმენია. ასეთი მოწოდებები კერძო საუბარში პაპუაშვილთან რომ გაეჟღერებინა, ის პასუხს გასცემდა. ასე რომ, ეს თემა სპეკულაციაა და უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება სანქციებს, ეს თემა რომ დღის წესრიგშია შეუქცევადად, ეს შემდგარი ფაქტია. ეს ფაქტი დღის წესრიგში ჩასვა ევროპარლამენტის რეზოლუციამ, სადაც მითითებულია, რომ საქართველოში არის რუსი ოლიგარქი და მის მიმართ სანქციების საკითხი უნდა იქნეს განხილული ევროკავშირშიც და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებშიც. ამის გაგრძელებაა ის, რომ უკრაინის სანქციებში მოყვა ივანიშვილის ოჯახი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ნათესავები დაასანქცირა – სანქციების დაწესებას ხელი ზელენსკიმ მოაწერა.
ამავე თემაზე:
აპირებს თუ არა აშშ შეუერთდეს უკრაინის სანქციებს – რას ამბობს კელი დეგნანი ?