LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია დუმბაძეს კონცერტები ესიზმრება – „შვილები რომ არა, არ ვიცი, როგორ გავიდოდა ეს დრო…“

1042
natia dumbadze exclm

პირველი, რასაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაუბრუნდება, სარეპეტიციო დარბაზია, სადაც ბენდთან ერთად ახალ პროგრამას მოამზადებს. ნათია დუმბაძეს კარანტინის დროს, როცა შინ იჯდა, ახალი მუსიკალური იდეები გაუჩნდა და სამ ახალ სიმღერას შესთავაზებს მსმენელს.

როგორ ძლებ სიმღერისა და კონცერტების გარეშე?

ნათია დუმბაძე:

სიმღერის გარეშე ვერ ვძლებ და ყოველდღე ვღიღინებ ჩემთვის. მართლა ვერ ვძლებ. სულ მესიზმრება, რომ აი, ახლა ავდივარ სცენაზე, კონცერტზე დამაგვიანდა, რაღაც მომძვრა, სცენიდან გადავვარდი და ა.შ. ერთი სული მაქვს, როდის იქნება ჩემი პირველი საღამო, რომ სიმღერით დავტკბე. ჩემს ბენდთანმ, „გრუვერსთან“ ერთად კვირაში ორი–სამი დღე მაინც ვმუშაობდი, ამას ემატებოდა კორპორატიული საღამოებიც. ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად დატვირთული გახლდით, რაც ჩემი და მასტერის დუეტი „არ უყურო დროს“ გამოვიდა.

ამდენ ხანს შინ მჯდარხარ როდისმე?

არასდროს. ჩვენს ბავშვობაში, 90–იან წლებში ყოფილა კომენდანტის საათი, მაგრამ მე არ მახსოვს. ასეთ რეჟიმს არ ვყოფილვარ შეჩვეული, მინდა, მალე დასრულდეს კარანტინი და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.

კარანტინი რომ დაიწყო, სხვების მსგავსად, შენც მოიმარაგე პროდუქტები?

რომ გითხრა, რომ გავვარდი და მარკეტებში რომ რიგები იყო, იქ ჩავდექი, ასე არ ყოფილა. მარაგი არ გამიკეთებია, რამე თუ მჭირდებოდა, უბნის მაღაზიაში უპრობლემოდ ვყიდულობდი. ყოველდღე ვყიდულობდი და შინ ვბრუნდებოდი. სტრესში ჩამაგდო შეზღუდვებმა, მაგრამ ადამიანები ყველაფერს ეჩვევიან. არააქტიურ ცხოვრებას არ ვარ მიჩვეული, ცოტა გავსუქდი, მერე დიეტა დავიწყე, მაგრამ თავი დავანებე. ეს ყველაფერი ცოტა სტრესული იყო.

დიასახლისად შედექი?

ყველა ჩემი მეგობარი გამოდგა ამ საქმეში და მე – არა. არ არის ეს ჩემი სფერო. ერთხელ ვცადე შოკმანჟეს გაკეთება, მთელი დღე დავრბოდი ამ ინგრედიენტებზე, მოვიარე მაღაზიები, სულ ექვსი ჭიქა გამომივიდა და ექვსიდან ერთი დამრჩა, რადგან დანარჩენები დამემტვრა (იცინის). თუ დამჭირდა, ყოველთვის გამომდის, მაგრამ მაინც არაა ჩემი, თან, ალბათ, მეზარება კიდეც. მირჩევნია, დავხატო, ვიდრე სამზარეულოში ვიტრიალო და სადილები მოვამზადო. ხატვას დავუბრუნდი და რამდენიმე ნამუშევარი შევქმენი. როცა მქონდა დრო და არ ვმუშაობდი, ადრეც ვხატავდი. ეს ჩემი ჰობია.

ხატვის გარდა რით ირთობდი თავს?

მუსიკალურად ბევრი რამ დავგეგმე. ჩემს მეგობართან, მუსიკოს ზურა მოსიავასთან ვისაუბრე ჩვენი დუეტის შესახებ. გვინდა, ერთობლივი სიმღერა ჩავწეროთ, ჯერ სიმღერას ვარჩევთ. მაქვს სოლოსიმღერა და ვფიქრობ, ერთ კვირაში ჩავწერ. არ ვიცი, ღირს თუ არა ახლა გამოშვება, რადგან არ ვიცი, რამდენად გაიყიდება, აქვთ ადამიანებს გართობისა და ახალი მუსიკის მოსმენის სურვილი? თუნდაც მანქანაში ჩემი სიმღერის ხმამაღლა ჩართვის… ვვარაუდობდი, რომ ზაფხულის ჰიტი იქნებოდა… მაინც ვაპირებ ჩაწერას, ძალიან კარგი სიმღერაა, მაგრამ პრემიერა როდის იქნება, არ ვიცი. დავაკვირდები, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, როგორ დამარცხდება კორონავირუსი და იმის მიხედვით დავგეგმავ. რა თქმა უნდა, პრემიერა თქვენს რადიოჰოლდინგში მექნება. მოკლედ, პანდემიის დროს არ გავჩერებულვარ და სამ ახალ სიმღერას ვამზადებ. ერთი ზურა მოსიავას ეკუთვნის, მეორე მასტერს და მესამეს ავტორს საიდუმლოდ დავტოვებ…

შენ ხომ არ დაწერე?

არა, ნეტავ, შემეძლოს. ეს ნიჭი, სამწუხაროდ, არ მაქვს.

ორი შვილი გყავს. კარანტინში მათ მოვლას როგორ უმკლავებდი?

შვილები რომ არ მყოლოდა, არ ვიცი, როგორ გავიდოდა ეს დრო, მაგრამ ჩემი 2 წლის შვილის, ელეის მოვლას ძალიან დიდი დრო მიაქვს. აჭამე, გაასეირნე, წიგნი წაუკითხე, ათამაშე და ა.შ. საკმაოდ აქტიური ბავშვია, დარწმუნებული ვარ, მე მაჯობებს აქტიურობაში. მოკლედ, ამ კარანტინში ვარ დედა, მომღერლად არ გამოვდგები.

ჩემი უფროსი შვილი, დუდუ, ძირითადად, დედაჩემთან არის. იქ საკმაოდ კარგად გრძნობს თავს. სწავლა–განათლებას უთმობს დროს, ონლაინგაკვეთილები აქვს.

ელეისთან მარტო ხარ?

არა, მე და მომვლელი ვართ. ახლა, ამინდები რომ გამოვიდა, გარეთ ხშირად გამყავს. იმდენად აღარ მეშინია, როგორც ადრე. ამოვიჩემეთ ვაკის პარკი და ვსეირნობთ ხოლმე. სახლში როცა ვართ, ხან რას ვთამაშობთ, ხან რას – დახუჭობანა უყვარს ძალიან.

მღერის?

მღერის ძალიან კარგად. რიტმის კარგი გრძნობა აქვს. ძალიან უყვარს მუსიკა, განსაკუთრებით, ჩემი სიმღერები, რომლებსაც ხშირად მართვევინებს და ცეკვავს. ასევე ძალიან მოსწონს კიდევ რამდენიმე სიმღერა და მთხოვს ხოლმე მათ ჩართვას. ახლა ვუყიდე სათამაშო მიკროფონი და ამაზეა გადართული. ტაშ–ფანდურა გოგოა. მგონია, რომ სცენისთვისაა. უკვე დაიწყო მოძრაობები, გაპრანჭვა და ეშმაკობები. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუკი იმღერებს და სცენაზე იდგება.

ძალიან ლამაზი გოგოა…

ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალიან ლამაზი გოგოა და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შვილი მყავს.

მგონი, შენც გგავს და შენს მეუღლესაც.

კი, ორივესგან აქვს აღებული რაღაც.

ყველაფერი რომ გაიხსნება, რას გააკეთებ პირველს?

მგონია, რომ თუკი საკონცერტო სივრცე, დახურული თუ ღია გაიხსნება, უნდა გაიხსნას სრულფასოვნად, პირბადით რესტორანში ვერ დაჯდები და ვერც მომღერალი იმღერებს პირბადით. მაქვს მოლოდინი, რომ მალე გაიხსნება. პირველი, რასაც გავაკეთებ, შევხვდები ჩემი ბენდის წევრებს და რეპეტიციას გავმართავ მათთან ერთად, რომ მოვემზადოთ პირველი გამოსვლისთვის. წავალ რეპეტიციაზე და ძალიან ბევრს ვიმღერებ.

შენ, როგორც ჩანს, სალონში არ მირბიხარ…

ნამდვილად არ მაქვს სალონის მოთხოვნილება. რისი მოთხოვნილებაც მაქვს, გითხარი. ბევრის ოცნება აღმოჩნდა სალონების გახსნა, არა ჩემი. სალონს მოგვიანებით ვესტუმრები იმ პროცედურებისთვის, რასაც ვიტარებ ხოლმე. ნამდვილად არ მენატრება. ფრჩხილებსაც ხშირად არ ვიკეთებ, ბუნებრივად მომწონს, მანიკურის გარეშე. ოთხი თვეა, ასე ვარ. პანდემიის დაწყებამდე გადავწყვიტე. თმა ჩემით შევიღებე და ახალი შეჭრილი მქონდა, ამიტომაც შესაჭრელიც არ მაქვს. ჩემი მთავარი პრობლემა სცენაზე დაბრუნებაა!..

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები