LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია მეზვრიშვილი: შსს-მ გვითხრა, რომ აბრუნებენ დანაშაულის დამალვის და სტატისტიკის გაყალბების პრაქტიკას

183
ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი და ყოფილი შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების ვადების ცვლილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ამით უწყებამ პირდაპირ თქვა, რომ დანაშაულის დამალვისა და სტატისტიკის გაყალბების პრაქტიკას აბრუნებენ:

„გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39 %-ით შემცირდა“ – შსს-ს მონაცემები

„როცა გვეუბნებიან, რომ დანაშაული 3.39%-ით შემცირდა, გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ 62%-ს შეადგენს და კვარტალური გამოქვეყნების პრაქტიკაზე გადადიან, ეს ნიშნავს, რომ დანაშაული იმალება, სტატისტიკა ყალბდება ან ხდება სტატისტიკით მანიპულირება და ამას გვიმალავენ და აი რატომ:

როცა გვეუბნებიან, რომ შემცირდა მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, პირველი კითხვა რაც უნდა დავსვათ არის – ხომ არ გაიზარდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება?

თუ დააკვირდებით 26%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით მკვლელობის მცდელობებს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს აკვალიფიცირებენ 118-ე მუხლით. ამაზე პასუხი არავის გაუცია. ჩვენ დეტალურად ვხსნიდით რა და რატომ იმატებდა და იკლებდა.

როცა გვეუბნებიან, რომ შემცირდა ყაჩაღობა, პირველი კითხვა რაც უნდა დავსვათ არის – ხომ არ გაიზარდა ძარცვა? თუ დააკვირდებით 22%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ყაჩაღობას აკვალიფიცირებენ 178-ე მუხლით. ამაზეც პასუხი არავის გაუცია. ჩვენ დეტალურად ვხსნიდით რა და რატომ იმატებდა და იკლებდა.

როცა გვეუბნებიან, რომ ქურდობამ იკლო და ვხედავთ, რომ ქურდობის გახსნის მაჩვენებელმა იმატა, ნიშნავს, რომ ან ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები უმაღლეს დონეზე აიყვანეს (რაც პოლიციის ისტორიაში არ მომხდარა) ან ქურდობა იმალება იმიტომ, რომ ქურდობა ფარული დანაშაულია და წლების განმავლობაში ასეთი მონაცემების ჩვენება, მხოლოდ ქურდობის დამალვით იყო შესაძლებელი. ამაზეც პასუხი არავის გაუცია.

ჩვენ დეტალურად ვხსნიდით რა და რატომ იმატებდა და იკლებდა. დიდი ალბათობით დაბრუნდა ძველი პრაქტიკა, როცა ქურდობაზე დაზარალებულს აწერინებდნენ, რომ კი არ მოჰპარეს, დაკარგა, თავისუფლების აღკვეთაზე აწერინებდნენ, რომ ცოლად ნებით გაჰყვა და ა.შ. რასაც ვერ გავიგებთ უწყების ჩაკეტილობის პირობებში.

როცა გვეუბნებიან, რომ კვარტალურ გამოქვეყნებაზე გადადიან, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება – სტატისტიკით მანიპულირება. კერძოდ, მაგალითად: თუ იანვარში გამოძიებას დაიწყებ 100 ფაქტზე და თებერვალში ამ 100-იდან გამოძიებას შეწყვეტ 20 ფაქტზე, ამ 20 ფაქტს აკლებენ იანვრის სტატისტიკას და იანვარში რეგისტრირებულად აფიქსირებენ 80-ს.

ყოველთვიურად სტატისტიკის გამოქვეყნება, რომლის პრაქტიკაც ჩვენ დავნერგეთ, ნიშნავს იმას, რომ სტატისტიკით მანიპულირება შეუძლებელია. კვარტლურ გამოქვეყნებაზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ წინა თვის ფაქტებზე მომდევნო თვეებში შეწყვეტილ გამოძიებებს გამოაკლებენ და დაჯამებულ სურათს გვაჩვენებენ, რაც რეალობის ამსახველი არ არის.

გახსნის მაღალი მაჩვენებელიც განპირობებულია ორი ფაქტორით – სტატისტიკით მანიპულირებით (რაც ზემოთ აღვწერე), დანაშაულის დამალვით და შეწყვეტებით, რომლის ციფრიც აკლდება რეგისტრირებული დანაშაულის ციფრს.“ – წერს ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები, დანაშაულის სახეობის, კონკრეტული მუხლებისა და გახსნის მაჩვენებლის მითითებით, წელიწადში 4-ჯერ, კვარტალურად გამოქვეყნდება​. აქამდე დანაშაულის სტატისტიკა ყოველთვიურად ქვეყნდებოდა.

 

პოპულალურები