ნიაზ დიასამიძე, სტეფანე და ნიკოლოზ რაჭველი „ვოისის“ მწვრთნელები იქნებიან

806
voisnews2021

მუსიკალური მეგაშოუ „ვოისი“, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ჰყავს, საქართველოს სატელევიზიო სივრცეს უბრუნდება. ადრე ის „იმედზე“ „ახალი ხმის“ სახელწოდებით რამდენიმე სეზონის განმავლობაში გადიოდა, ახლა კი ტელეშოუს Nova Productions მოამზადებს „პირველი არხისთვის“.

უკვე ცნობილია, ვინ იქნება მწვრთნელებს შორის. „ვოისის“ ქართულ ვერსიას მენტორად სტეფანე დაუბრუნდება, რომელიც მის პირველ სეზონებშიც მონაწილეობდა. ახალი მწვრთნელებს შორის ნიაზ დიასამიძე და ნიკოლოზ რაჭველი იქნებიან.

ახლახან ნიკოლოზ რაჭველმა პოსტიც გამოაქვეყნა ამის თაობაზე და დაწერა:

„მივიღე გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ ვიმუშავო მუსიკალური მეგაშოუს ფორმატში, თუმცა ვიცი, რომ ამჟამად არა მხოლოდ ჟიურის წევრობა, არამედ მწვრთნელობა მომიწევს და ეს ძალიან ახლოსაა ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ განხრასთან, რასაც დირიჟორობა ანუ მუსიკალური ხელმძღვანელობა ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამოღვაწეო სფერო ძირითადად კლასიკური მუსიკაა, ბოლომდე ვრჩები გია ყანჩელის ფილოსოფიის მიმდევრად, რის მიხედვითაც მთავარია ხარისხი და გემოვნება, განურჩევლად მუსიკალური მიმდინარეობისა და ჟანრისა.

ვიმედოვნებ, რომ საინტერესო და სასიამოვნო იქნება ახალგაზრდა მომღერლებთან მუშაობის პროცესი და ამ პანდემიურ ეპოქაში შანსი გამიჩნდება საკუთარი გამოცდილების გაზიარებით გავაკეთო სიკეთე და გავახარო როგორც ჩემს გუნდში მოხვედრის მსურველი კონკურსანტები, ასევე ტელემაყურებლები, რომლებიც დაელოდებიან ყოველ გადაცემას საინტერესო მუსიკალური თავგადასავლების თანაგანცდის იმედით!

P.S. ბედნიერებაა პროექტში ჩემს ძვირფას მეგობრებთან, სტეფანესთან და ნიაზთან ერთად ყოფნა, მეოთხე მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით მეც არ ვიცი, თუმცა იმედი მაქვს, სასიხარულო იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც კომპანია “ნოვა” და საზოგადოებრივი მაუწყებელი კანდიდატურასთან დაკავშირებით ერთობლივად მიიღებენ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები