LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას საქმის განხილვა გადაიდო

87
ნიკა მელია nika melia

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. ნიკა მელიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 მაისს, 12 საათზე დაიწყება.

დღეს, 29 აპრილს დაგეგმილ პროცესზე, სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით დაცვის მხარე უნდა წარმდგარიყო.

პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა იმ არგუმენტით, რომ საქმე პოლიტიკურ დონეზე წყდება, ინიცირებულია კანონპროექტები ამნისტიის შესახებ და ჩანიშნული სასამართლო პროცესი თავის მოტყუებაა. ადვოკატმა პროცესის გადადება იმ ვადით ითხოვა, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს.

“გთხოვთ, პროცესი ისეთი ვადით გადადოთ, სანამ უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში, სადაც წყდება ეს საქმე, საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუ თავის მოტყუება  გინდათ, ყოველდღე შეგიძლიათ ჩანიშნოთ პროცესი”, — მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის არგუმენტი არ გაიზიარა, თუმცა ვინაიდან ადვოკატები შესავალ სიტყვას არ წარმოთქვამდნენ, შემდეგ კი მტკიცებულებების განხილვის ეტაპი იწყებოდა, სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩახნაშვილის თქმით, მომავალი ორი თვის განმავლობაში ნიკა მელიას პროცესი ინტენსიურად, კვირაში ორჯერ გაიმართება – 13, 21, 25 და 27 მაისს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g