LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო გაჩეჩილაძე: „პირველი ქვეყანა, სადაც წავალ, ავსტრია იქნება, რომ ჩემი და და დისშვილები მოვინახულო…“

1471
takogachechiladzenwssmay

მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ წლებია, მაყურებელს ტელეეკრანიდან თუ თეატრალური სივრციდან თავი შეაყვარა. „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები ამჟამად გაჩერებულია, თუმცა მსახიობები უკვე ელოდებიან მის გაგრძელებას ივნისის თვიდან და ერთი სული აქვთ, როდის დაუბრუნდებიან გადასაღებ მოედანს.

ნინო გაჩეჩილაძემ კარანტინი ისევე გაატარა, როგორც ბევრმა ჩვენგანმა. ის მარტო ცხოვრობს, მაგრამ ამ ეტაპზე მშობლებთან გადასვლა არჩია. როგორც თავად გვითხრა, მასაც და მის მშობლებსაც ამ რთულ დროს ერთად ყოფნა ერჩივნათ.

მსახიობთან ინტერვიუს დროს აღმოვაჩინეთ მისი გატაცებების შესახებ, რომლებიც აქამდე არ გვსმენია.

ბოლო დროის ერთ–ერთ აქტუალურ კითხვას დაგისვამ, შენც ფიქრობ, რომ ფსიქოლოგებს ბევრი სამუშაო ექნებათ?

ნინო გაჩეჩილაძე:

მეც ასე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგებს ექნებათ ყველაზე მეტი სამუშაო და შესაბამისად, ყველაზე მეტი შემოსავალიც. ამ ჩაკეტილობამ ადამიანები ყველაზე მეტად ფსიქოლოგიურად დააზარალა, ფსიქიკურად თუ არა… ფსიქოლოგიური ზარალი რომ მიადგა ყველას, ეს ფაქტია. რაღაცების ისტერიულად კეთება დაიწყეს, მაგალითად, ცხობა. მერე დაიწყეს ვარჯიში მათ, ვისაც ადრე ეზარებოდა და თავს ვერ აბამდა. ვიღაცებმა კითხვა დაიწყეს, მიუბრუნდნენ. მე, მაგალითად, ბევრი ისეთი სერიალი ვნახე, რომელთა ნახვასაც აქამდე ვერ ვახერხებდი. ვნახე „ალესილი კეპები“, ძალიან ქარიზმატული, მაგარი და სერიოზული პერსონაჟია თომას შელბი, თუმცა მე ასეთი მამაკაცები არ მომწონს, უფრო მეტად მისი ძმით, არტურ შელბით მოვიხიბლე (იღიმის). კიდევ გირჩევდით „დილის შოუს“ ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის მონაწილეობით, ძალიან მომეწონა ასევე „შესანიშნავი მისის მეიზელი“. რასაკვირველია, მეც ველოდებოდი, ბევრის მსგავსად, „სამშობლოს“ ბოლო სეზონს. კერი მეტისონის მსგავსი პერსონაჟის განსახიერება ჩემი ოცნებაა, თუმცა როცა როცა ჩემს პროდიუსერს ვკითხე, ასეთ სერიალს ოდესმე თუ გადავიღებთ–მეთქი, მიპასუხა, რომ ძალიან ძვირი ჯდება და ჯერჯერობით ჩვენ ამისი სახსრები არ გვაქვს. თუკი ოდესმე ისე გავმდიდრდებით, რომ „სამშობლოსნაირი“ სერიალი გადავიღოთ, დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, რადგან ძალიან საინტერესო პერსონაჟია და თან, არასდროს მიმუშვია ასეთ ჟანრში. კიდევ ვნახე „ქაღალდის სახლი“ ესპანური სერიალი, სიმართლე გითხრათ, პირველი ორი სეზონი მომეწონა, მესამე–მეოთხე კი ვფიქრობ, გაწელილია და ცოტა დამღალა. ერთხელ სანახავად ღირს, მაგრამ როგორც „სექსი დიდ ქალაქშია“, რომელსაც შეგიძლია, თავიდან ჩაუჯდე, ასეთი ნამდვილად არ არის. „პატარა კოცონები ყველგან“ – ეს სერიალიც ვიხილე და მომეწონა. ახლა ვუყურებ სერიალს ზოი კრავიცის მონაწილეობით, რომლის სახელწოდებაა High Fidelity. ვისაც აინტერესებს მარტოხელა გოგონების ცხოვრება, ვისაც უყვარს კარგი მუსიკა და ნიუ იორკი, შეუძლიათ, ჩაუსხდნენ.

აღნიშნე, რომ ბევრმა ცხობა დაიწყო. შენ აიმაღლე საფეხური კულინარიულ ამბავში?

მე უფრო მეტად არა ავიმაღლე, არამედ გავიხსენე. ლამის ბავშვობიდან ვარ ჩართული ცხობაში, სულ ვუყურებდი და ვინტერესდებოდი, როგორ აცხობდა დედაჩემი. 13–14 წლიდან თავად დავიწყე. ამ ასაკიდან მოყოლებული სულ რაღაცას ვაცხობ, ღვეზელი იქნება ეს თუ ნამცხვარი. სართულებიან ტორტებს ჯერჯერობით არ ვაცხობ, თუმცა ამასაც ვცდიდი სიამოვნებით. კარანტინის გარეშეც ვაცხობ ხოლმე, თუმცა მე ხომ მარტო ვცხოვრობ და საკუთარი თავისთვის მეზარება, როცა სტუმრები მოდიან, მათ შოკმანჟესაც ვთავაზობ და სხვა დესერტებსაც. ყვეალფერს ვამზადებ ჩემი მეგობრებისთვის.

ამ პერიოდში მშობლების ნახვას თავს არიდებდი, როგორც ბევრი ჩვენგანი?

არა, როგორც კი კარანტინი დაიწყო, ჩემმა მშობლებმა მთხოვეს, მათთან გადავსულიყავი და ეს პერიოდი ერთად გაგვეტარებინა. მე კი არსად დავდიოდი და არავის ვნახულობდი, სულ შინ ვიყავი გამოკეტილი, მაგრამ არ მინდოდა, მერე მისვლა პრობლემა ყოფილიყო. ძალა ერთობაშია და გვერჩივნა ერთად ყოფნა, ამიტომ მშობლების სახლში გადმოვედი.

ფოტოგრაფიით ყოფილხარ გატაცებული…

ფოტოგრაფიით დიდი ხანია, გატაცებული ვარ. გურამ წიბახაშვილის ორთვიანი კურსი ათი წლის წინ დავამთავრე. ძალიან ვზარმაცობდი და არ ვიღებდი. მას შემდეგ, როცა გურამი მხვდებოდა და მეკითხებოდა, ძალიან მრცხვენოდა, რომ არაფერს ვაკეთებდი და ამისთვის ვერ მოვიცალე. ის აპარატი, რაც მაქვს, ცოტა მოძველდა და მინდა, ახალი შევიძინო, ამიტომაც გადაღების ენთუზიაზმი არ მქონდა. როგორც ჩანს, ძალიან ზარმაცი აღმოვჩნდი ამ სფეროში. შარშან ნოემბერი–დეკემბრის განმავლობაში ნათელა გრიგალაშვილთან ვიარე და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, იანვარში, სამწუხაროდ, გადაღებების გამო ვეღარ მოვახერხე მისვლა. ის ორი თვე, რაც ვიარე, ბევრი რამ ვისწავლე და რაღაც–რაღაცები გადავიღე, დაგეგმილი გვაქვს, კარანტინის დასრულების შემდეგ, სადმე სოფელში გადაღებებზე გავიდეთ.

თავად შენ ბევრ ფოტოგრაფს გადაუღიხარ და უამრავი ფოტო დაგიგროვდა. საინტერესო რომელი უფროა?

რა თქმა უნდა, კამერის აქეთ დგომა ბევრად საინტერესოა, ფოტოგრაფის ამპლუაში. მოდელობისას ემოციურად საკმაოდ მალე ვიღლები. იქ საჭიროა კონკრეტული მიმიკა, პოზა დაიჭირო, რამდენიმეს გამეორება გიწევს, როგორც გადაღებისას – დუბლის. ეს ცოტა მომაბეზრებელი და დამღლელია. შესაბამისად, ფოტოგადაღება ემოციურად გღლის. როგორც ფოტოგრაფი, ჯერ სამოყვარულო დონეზე ვარ, მაგრამ როდესაც კარგ აპარატს ვიყიდი, იმედია, პეიზაჟებს, პორტრეტებსა და ნატურმორტებსაც გადავიღებ.

გარდა ამისა, გაქვს ისეთი ჰობი, რის შესახებაც არ გვსმენია?

ჰობი მაქვს, მაგრამ არავინ იცის ამის შესახებ (იღიმის). რომ გაიგებენ, მერე შეკითხვები წამოვა, როდის დაბეჭდავო. სტუდენტობის ასაკიდან მოყოლებული ჩემთვის ვწერ ლექსებს. პირველი ხარ, ვინც ამას იგებს… სანამ თავად არ გადავწყვეტ, რომ კრებული გამოვცე, მანამდე ვერავის წავაკითხებ. ოდესღაც, როცა ჩავთვლი, რომ ჩემი ლექსები დღის სინათლის ხილვის ღირსი გახდება, მაშინ გამოვაქვეყნებ. ჯერ უნდა დავაგროვო საკმარისი რაოდენობა. ძალიან იშვიათად, როდესაც მუზა მოვა და რაღაცას დავწერ, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ხდება. შეიძლება, წლები არაფერი დავწერო.

მუზა რა არის, სიყვარული, შიში, სიძულვილი?..

სიძულვილი არ გაწერინებს არასდროს, პირიქით, გაწერინებს სიყვარული, აღმაფრენა, აღფრთოვანება, ვნებაც გაწერინებს, ყველაფერი ის, რაც დადებით ემოციებს უკავშირდება. არ მჯერა, რომ უარყოფითი ემოციები რამეს დაგაწერინებს.

რატომ, ხელოვანისთვის ნებისმიერი ემოცია შეიძლება გახდეს მოტივატორი…

ჩემ შემთხვევაში ასეა, რომ უარყოფითი ემოციის გამო არაფერი დამიწერია.

რაზე წერ?

ძირითადად, მაინც სიყვარულზე. ნებისმიერი პოეტის ინსპირაციის წყარო სიყვარულია, თუმცა შეიძლება, რაღაც შეგრძნება დაიჭირო, რაც რაღაცას დაგაწერინებს. ყველაფერი შეგრძნებებზეა, ემოციები უნდა გადაიტანო ფურცელზე, ტილოზე, მსახიობებს, მაგალითად, ეკრანზე გადაგვაქვს და ა.შ.

ინსპირაციას ასევე ვიღებ ცნობილი მწერლებისგან და პოეტებისგან. პირველი არის გალაკტიონი, მასზე დიდი პოეტი, ჩემი აზრით, არ გვყოლია. სულ მიდევს გალაკტიონის წიგნი და თუ მინდა, რაიმე გენიალური წავიკითხო, ვკითხულობ მის ლექსებს.

იმედია, კრებულის პრეზენტაციაზე დაგვპატიჟებ…

თუკი ოდესმე გავაკეთებ, აუცილებლად მოგიწვევთ (იღიმის). ჯერ მრცხვენია, იცი, ამ ყველაფრის გამოქვეყნება… ჯერ არ ვარ მზად. პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადო. თუკი ჩავთვლი, რომ შემოქმედებითად გარკვეულ დონეზე არის, ასეთ შემთხვევაში გამოვაქვეყნებ.

დასასრულისკენ მიდის კარანტინი და ახლა როგორ გრძნობ თავს?

თავიდან უფრო დიდი პანიკა იყო, მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო და ვფიქრობდი, რომ არასდროს დასრულდებოდა. ისევე, როგორც ყველამ, მეც დავიწყე პროდუქტების მომარაგება. მეგობრებთან ისტერიულად ვრეკავდი, ვაიმე, როდის გნახავთ–მეთქი. ვისი ნახვაც ძალიან მინდოდა, სასწრაფოდ ვნახე, რადგან ვიცოდი, მერე დიდხანს ვერ შევხვდებოდი. ახლა, როცა ნელ–ნელა გადავიდა ეს პერიოდი და იმედი მაქვს, მალე კომენდანტის საათიც მოიხსნება, გარეთ რომ გავდივარ, ეს შიშიც ეტაპობრივად მიდის. მგონია, მალე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება და აღარ იარსებებს ისტერიკული შიში კორონავირუსის მიმართ.

სოცქსელებს შენც მიეჯაჭვე?

„ფეისბუქი“ აღარ მაქვს, გავაუქმე. „ინსტაგრამს“ უფრო მივეჯაჭვე. ვცდილობ, ვიყო უფრო მეტად აქტიური იმ მხრივ, რომ ვდებ პოსტებს, სთორებს, შეძლებისდაგვარად ვპასუხობ მესიჯებს, ვეკონტაქტები მეგობრებს. ახლახან მქონდა კითხვა–პასუხის რეჟიმიც, დღეს გადავწყვიტე, მეპასუხა კითხვებისთვის. ბევრმა ჩემმა კოლეგამაც გააკეთა, ჩემმა დამაც და მაინტერესებდა, როგორი იყო, თუმცა რასაც ვვარაუდობდი, ის შეკითხვები წამოვიდა. უფრო მეტად მეკითებოდნენ, როდის გაგრძელდება „ჩცდ“, როდის გავთხოვდები და თმას როგორ ვუვლი. შიგადაშიგ იყო საინტერესო შეკითხვებიც. „ინსტაგრამი“ უფრო მეტად თინეიჯერების საყვარელი ქსელია და ალბათ, რაც მათ აინტერესებდათ, ის კითხვები დამისვეს.

თმა ახსენე და სალონების დახურვამ შენზეც ისევე იმოქმედა, როგორც ბევრ ქალბატონზე?

სალონების დახურვამ უფრო მეტად იმოქმედა ფრჩხილების მოვლის თვალსაზრისით, რადგან ეს გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე თმის მოვლა. თმას სალონში ინტენსიურად არ ვისწორებ, რადგან არ მინდა, თმის ხარისხი გამიფუჭდეს, უფრო მეტად გადაღებისთვის ვისწორებ ხოლმე. შინ თავად ჩამოვიბან ხოლმე შამპუნითა და ბალზამით, შემდეგ დიფუზორს ვაშველებ. თმას არც ვიღებავ, ჯერჯერობით ჭაღარაც არ მაქვს. ფრჩხილების მოვლა გამიჭირდა, ვეცადე, თავად მომეწესრიგებინა. ახლა კი, როცა სალონები გაიხსნა, შემიძლია, წავიდე და გავიკეთო სალონში. ძალიან მიხარია, რომ ქალაქი ნელ–ნელა უბრუნდება თავის ცხოვრებას.

„ჩცდ“–ს ამბავი არა მხოლოდ თინეიჯერებს აინტერესებთ…

შესაძლოა, ორშაბათიდან დავიწყოთ გადაღებები, ვნახოთ. გვაქვს დაგროვებული რამდენიმე სერია და გავაგრძელებთ ახალი სერიებით, რომლებიც ახლაა გადასაღები. ვერ ვიხსენებ, როდისმე სერიალის გადაღებისას ამხელა პაუზა გვქონოდეს. მაქსიმუმ თვენახევარი დაგვესვენა, მეტი არა.

ალბათ, ორმაგად ტკბილი იქნება გადასაღებ მოედანზე დაბრუნება…

რა თქმა უნდა, ერთი სული გვაქვს, როდის გავაგრძელებთ. გოგონები „ვაიბერში“ ჯგუფი გვაქვს, იქ ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე…

შენს დას, თაკოს, მეორე შვილი შეეძინა. მისი ნახვის შესაძლებლობა მოგეცა?

არა, თაკო ავსტრიაშია მეუღლესა და შვილებთან ერთად. ახლახან გაუჩნდა მეორე ბავშვი, როგორც იცით, სამი კვირისაც არ არის ჯერ. „ვაიბერით“ ვურეკავთ და კამერაში ვუყურებთ, აბა, სხვანაირად ჯერჯერობით ვერ ვნახულობთ.

ვიცი, რომ ძალიან გიყვარს მოგზაურობა. რომელი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც საზღვრების გახსნის შემდეგ გაფრინდები?

მოგზაურობა ჩემი დიდი გატაცებაა, ჩემთვის ყველაზე მაგარი ანტიდეპრესანტია. ძალიან განვიცდი ფრენების აკრძალვას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საზღვრების გახსნასთან ერთად, ტურისტული სააგენტოებიც დაიწყებენ მუშაობას და აგვისტოსთვის მაინც შევძლებ სადმე გამგზავრებას, აგვისტომდე ალბათ, გადაღებები იქნება, მერე ვნახოთ, პირველი ქვეყანა, სადაც წავალ, რა თქმა უნდა, ავსტრია იქნება, რადგან თაკოსთან აუცილებლად უნდა ჩავიდე, ჩემი დისშვილები მყავს სანახავი, ერთი ძალიან მომენატრა და მეორე საერთოდ არ მინახავს და ძალიან მინდა გავიცნო.

გისურვებ, ეს შეხვედრა მალე შედგეს!..

(იღიმის) ძალიან დიდი მადლობა!..

ფოტო: ზუკა ფირცხალაიშვილი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები