LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი: „ჯერ ვერ გავაცნობიერე, რომ დედა გავხდები…“

269

ნუკი კოშკელიშვილი, მეუღლესთან, ბენ ჩეიმთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. წყვილი პირველ შვილს ელოდება. ნუკიც და ბენიც ამ ამბავმა ძალიან გაახარა, თუმცა როგორც ნუკი ამბობს, ჯერჯერობით ვერ გრძნობს, რომ მალე დედა გახდება. წყვილს სასტუმრო „კოსტეში შევხვდით, სადაც ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ.

ნუკი:

ძალიან უცნაური შეგრძნებაა და ჯერჯერობით ვერ შევეგუე. ვიცი, რომ ვარ ორსულად, ოღონდ კვლავ არ მჯერა. სადღაც მგონია, რომ უბრალოდ, კარგად ნაჭამი ვარ და მეზრდება გარკვეული ადგილები (იცინის). ახლა ბავშვმა მოძრაობა დაიწყო, ოთხი თვის ორსული ვარ და თითქოს მეუბნება, ახლა მშია, ახლა მეძინება, ახლა ადექი, ახლა დაჯექი… პირველი სამი თვე ვერ წარმომედგინა, გინდა, გიხარია, მაგრამ არ წარმოგიდგენია, რომ ეს ხდება შენს თავს. გადავწყვიტეთ, რომ გავიდა საკმარისი დრო და შეგვეძლო, გვეცადა. ისე, როგორც ნებისმიერ წყვილს, მიგვაჩნდა, მოდი, ვცადოთ და თუ გამოვიდა, გამოვიდესო. ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ორი-სამი წელი ცდილობდა და შემდეგ გამოუვიდათ. ჩვენ შემთხვევაში უცბადვე გამოვიდა და იყო სასიამოვნო შოკი, თუმცა ჯერჯერობით ვიღაცის შვილი ვარ. ბევრი დედა გამიგებს. ვიღაცის დედა რომ ვიქნები მალე, ჯერ არ ვიცი. იმასაც ვერ შევეგუე, რომ ვიღაცის ცოლი ვარ, ნელ-ნელა ვეგუები.

ბენ, როგორი იყო შენი პირველი რეაქცია, როცა გაიგე, რომ ნუკი ორსულად იყო და ახლა რას გრძნობ?

უბედნიერესი მომენტია ჩვენს ცხოვრებაში, საუკეთესო ჩემთვის. რა იყო ჩემი პირველი რეაქცია? ვცდილობდით და ვგეგმავდით. როცა გავიგე, ნუკი ორსულად იყო, ჩემი რეაქცია არ იყო უკიდურესი გაკვირვება. არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც სიხარულისგან დახტის. როცა ფილმებს უყურებ და ნახულობ, როგორი რეაქცია აქვთ, როცა ორსულობის შესახებ იგებენ, მგონია, ეს  ზოგჯერ მაინც მაყურებლის გასართობად არის მოფიქრებული. ეს ჩემთვის არ იყო სიურპრიზი, რადგან ნუკის ორსულობა იყო ის, რასაც ვგეგმავდით და ველოდებოდით, ამიტომ ჩემი რეაქცია უფრო მშვიდი იყო. როცა გავიგე ამის შესახებ, ვთქვი: კარგი! (იცინის).

ნუკი:

ბენ, სამი თვე გავიდა და გააცნობიერე, რომ მამა უნდა გახდე თუ ეს ჯერ კიდევ დიდი ამბავია, რომელსაც აღნიშნავ გაუცნობიერებლად?

ბენი:

შეიძლება, შოკიც იყო და ასე მშვიდად ამიტომ შევხვდი. როცა ასეთ დიდ ამბავს იგებ, ბევრს ფიქრობ, სანამ რეაქციას მისცემ. რაც დრო გადის, ეს ამბავი უფრო რეალური ხდება ჩემთვის. ახლა, როცა ვაცნობიერებ, რომ მამა უნდა გავხდე, ვნერვიულობ, შეშინებულიც ვარ, მაგრამ ძალიან გახარებული. ცოტას ვკითხულობ, ტელეფონში (იცინის). მცირე სტატიებს ვკითხულობ. ამ დილას „გუგლში“ ვეძებდი ძალიან მარტივ რაღაცებს. მაგალითად, ყველა ქალი გადის ორსულობისას რაღაცას, რისი გაგებაც მამაკაცებს არ შეგვიძლია. როცა კაცი ხარ, ვერც წარმოიდგენ და ვერ შეიგრძნობ, რას გადის ამ დროს. ვცდილობ, წარმოვიდგინო, მაგრამ რთულია.

ნუკი უფრო ემოციური გახდა?

მისი პასუხები ზოგჯერ განსხვავებულია. მანამდე ჩვენს საუბრებს სხვა ემოციები ჰქონდა, ახლა სხვა. ახლა ყველაფერი სიურპრიზია, ყველა ახალი შეგრძნება, რომელსაც ნუკი განიცდის, მოულოდნელია, რაც ორივესთვის სიახლეა.

ნუკი:

ზოგჯერ მგონია, რომ მამაკაცებისთვის ცოტა უსამართლობაა, ქალები უფრო მეტს განვიცდით, ვიდრე ისინი.

ბენს, როგორც ჩანს, ძალიან აინტერესებს ყველაფერი, რაც ორსულობას უკავშირდება…

საკმაოდ აინტერესებს. ამას წინათ მითხრა, ბავშვს ხმამაღლა წავუკითხოთ წიგნებიო. თუ გინდა, დაიწყე, არ არის პრობლემა-მეთქი. შეიძლება, მეც დავიწყო, არ ვიცი. ახლა გავიგეთ ბავშვის სქესი, არ ვიცოდით, კონვერტი ჩამოვიტანეთ და გადაცემაში გავხსენით. ესეც ცალკე შოკი იყო. აქამდე ველაპარაკებოდით და არ ვიცოდით, გოგო იყო თუ ბიჭი. ახლა უკვე დავგეგმეთ ყველაფერი, უნივერსიტეტშიც გავუშვით, დავაოჯახეთ კიდეც…

სახელი აარჩიეთ?

ბენი:

ჯერ ვფიქრობთ. ჩემი სახელია ბენჯამინი, მაგრამ ოჯახის წევრები ბენჯამენს მეძახიან, მეგობრები – ბენჯის, საქართველოში – ბენის… დაძაბულობას ვგრძნობ იმ მხრივაც, რომ სახელს ვარჩევ სხვა ადამიანისთვის…

ნუკი:

არ გვინდა, თქვას, რამ შეგარჩევინათ ეს სახელიო. სახელის შერჩევისას სულ ფიქრობ, როგორი იქნება შეკვეცილი ფორმით. მაგალითად, შეიძლება გაბრიელი მოგწონს, მაგრამ გაბრო არა.

ბენი:

თუ ქართული სახელი იქნება, უნდა იყოს ან გიორგი, ან ნინო (იცინის).

ნუკი:

ვცდილობთ ავარჩიოთ უნივერსალური სახელი, მაგრამ ბევრ წყვილს ვიცნობ, რომელმაც ინტერნაციონალური სახელი შეურჩია შვილს. მგონი, ამის უფლება მეც მაქვს (იღიმის).

ბენ, ნუკის განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს?

არა. ზოგადად, მომთხოვნი ადამიანი არ არის. ნუკი მშვიდი ადამიანია. თუკი რაიმე უნდა, შესაძლოა, არც გითხრას და თავისთვის დაიტოვოს. ძალიან ძლიერია.

ნუკი:

თუ რამე მინდა, ჩემით გავიკეთებ. არ მიყვარს ვინმესთვის რაიმეს დავალება. არც ვარ იმ მდგომარეობაში, რომ ან მარწყვი მომინდეს, ან რამე სხვა.

აქ იმშობიარებ?

არა, ამერიკაში. ახლა დამრთო ნება ექიმმა, რადგან ფრენა იყო შესაძლებელი. მინდოდა, ოჯახის წევრებთან გამეტარებინა, რომ ჩემი ორსულობის პერიოდი არ გამოეტოვებინათ. ერთი თვე აქ დავრჩები, შემდეგ გავემგზავრები.

რომ გიყურებთ, მგონი, ერთნაირი ხასიათი გაქვთ…

არაააა (იღიმის).

ბენი:

იმედია, ნუკის არ აქვს ჩემი ხასიათი, რადგან რამდენიმე ცუდი თვისება მაქვს. ნუკი უკეთესი ადამიანია.

ნუკი:

ბენს არანაირი  ცუდი თვისება არ აქვს. უბრალოდ, მორცხვი ადამიანია, რაც ცუდი ნამდვილად არ არის.

ბენი:

ნუკი ძალიან ჭკვიანია…

ნუკი:

შენც ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხარ…

ბავშვი როგორ შეცვლის თქვენს ურთიერთობას, ამაზე გიფიქრიათ?

არ მიფიქრია. ახლა დაისვენეთ, მერე რა გეშველებათო… ორ რამეს მეუბნებოდნენ, ჯერ ნუ გათხოვდები, რა გეჩქარებაო. ვერ ვიტყვი, რომ ვნანობ. ძალიან კარგ დროს გავთხოვდი და სულაც არ მაწუხებს. შემდეგი რამ, რასაც მეუბნებოდნენ, ბავშვი დროზე გააჩინეო. აი, ვაჩენ და ვნახოთ (იცინის). გაგიჟდები, ისეთი ბედნიერი იქნები, სხვანაირი ცხოვრება გექნებაო. მე არ მგონია, რომ დიდად რამე შეიცვლება. უბრალოდ, გვეყოლება კიდევ ერთი მეგობარი და მასთან ერთად გავატარებთ ჩვენს ცხოვრებას. ცოტას დავიძინებთ, ცოტა სტრესიც გვექნება, მაგრამ ეს არაფერია…

ბენი:

კიდევ ერთი ადამიანი გაჩნდება, ვისზეც ვინერვიულებ. სანერვიულო როცა არაფერია, ნუკიზე მაინც ყოველთვის ვღელავ. რას აკეთებს, თავს როგორ გრძნობს, რადგან ასე ძალიან მიყვარს.

ნუკი, ამბობ, რომ გათხოვებას არ ნანობ, მოერგე აშშ-ში ცხოვრებას?

მაქვს ფუფუნება, რომ ხშირად ჩამოვიდე საქართველოში. უბრალოდ, შევიცვალე მისამართი. არაფერი მაქვს საწუწუნო, როცა მინდა, ჩამოვდივარ სამშობლოში, არანაირი პრობლემა არ მაქვს. შეჩვევა უნდა ახალ გარემოს, მაგრამ როცა ზედმეტი შრომა არ გიწევს, გიმართლებს და მე გამიმართლა. მენატრება ხოლმე ქართული რაღაცები. ძალიან ელემენტარული – მაგალითად, ღილის შეძენა, თბილისში ზუსტად ვიცი, სად უნდა წავიდე და ვიყიდო, ამერიკაში ეს არ ვიცი. ეს დიდი ტრაგედია არ არის და არ დამცინოთ, რადგან თბილისში ყველაფერი ვიცი და იქ არა, ზოგჯერ ნერვები მეშლება ხოლმე, მაგრამ მალევე გადამივლის.

ბენ, საქართველოში რა მოგწონს და რა არა?

ყველა ახალი ადამიანის გაცნობით ძალიან პოზიტიურ ენერგიას ვიღებდი, ახლა კი მაქვს შეგრძნება, რომ საქართველოში ყოფნისას ჩემს სახლში ვარ. ეს არის ძალიან სასიამოვნო შეგრძნება. თავს სახლში ვგრძნობ, ჩამოვდივარ ოჯახის სანახავად. რაც შეეხება ცუდს, ამაზე ძალიან იშვიათად ვფიქრობ. უამრავი რამ არის მანჰეტენზე, რაც არ მომწონს. არ ვიტყოდი, რომ მეზიზღება საქართველოში ტარების სტილი, ვიტყვი, რომ არ მომწონს (იღიმის). ძალიან უცნაურად ატარებთ მანქანას. ასევე ბევრი „ბე-ემ-ვე“ დაქრის.

ნუკი:

ეს არის ერთადერთი რამ, რაც არ მოსწონს. არც მე. არ გვინდა, რომ მოვკვდეთ გზაზე. ძალიან შესამჩნევია, განსაკუთრებით, როცა სხვა ქვეყანაში ცხოვრობ. უცხოელი ჩამოდის და ვერ პოულობს წუნს ჩვენს ქვეყანაში, ხალხი, გარემო არის ფანტასტიკური. ბენი სულ იმას ამბობს, რომ ნიუ იორკში ფეშენ ინდუსტრიაა, მაგრამ თბილისში ჩამოსულს აქაური ჩაცმის სტილი ძალიან მოსწონს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ ტარება არ იციან…

ბენი:

ნუკი ძალიან კარგი მძღოლია, მაგრამ ნელა ატარებს, ძალიან ნელა (იღიმის).

ნუკი:

კახეთში სამ საათნახევარში ჩავედით, საათნახევრის ნაცვლად. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ნელი მძღოლი ვარ მსოფლიოში…

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „კოსტე“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები