კახეთში, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ლიდერებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არიან ის პარტიები, რომელთაც საპარლამენტო ბოიკოტი ჰქონდათ გამოცხადებული და საბოლოოდ, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტით ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს.
შეხვედრას ასევე ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დისკუსიის მთავარი თემა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისა და საარჩევნო კამპანიის წარმართვის საკითხები იქნება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ დაახლოებით 40-მდე წინადადება ექნებათ, რომელსაც დღეს სამუშაო ჯგუფს წარუდგენენ.
“ქართული ოცნების” წევრისა და დეპუტატ, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ. ერთ-ერთი თემა კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაა.
„ვფიქრობ, რომ რამდენიმე საკითხი არის მნიშვნელოვანი. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, აქ რომ დავაახლოოთ ჩვენი წარმოდგენები. მეორე არის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – რა ფორმით და რა მასშტაბით შეიძლება ეს მოხდეს.
გვექნება ადმინისტრაციის უფრო გამართული მუშაობა, საჩივრების განხილვის უფრო გამართული სისტემა, უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ ვინმეს ამ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნის დაყენების უფლებაც კი არ ჰქონდეს “, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სამუშაო ჯგუფმა საარჩევნო კანონმდებლობაში ის რეკომენდაციები უნდა ასახოს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით ქვეყანას ვენეციის კომისიამ, ეუთო/ოდირმა მისცეს. დოკუმენტში ასევე ასახული უნდა იყოს შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხები.
შეხვედრა სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ მიმდინარეობს.