ოპოზიციამ მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსა. ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროა“ 19 ნოემბერს, 15:00 საათზე მეტროსადგურებიდან „ავლაბარი“, „ვაგზლის მოედანი“ და „უნივერსიტეტი“ მსვლელობას გამართავენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მეტრო „ავლაბართან“ მსვლელობას სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“, „ვაგზლის მოედანთან“ – „ლელოს“, ხოლო „უნივერსიტეტთან“ „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროას“ ლიდერები ჩაუდგებიან.
“ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ვალია, განურჩევლად პროფესიისა, სტატუსისა, ყველას გვაქვს ერთი მიზანი და ამოცანა, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა რუსეთსა და ბელარუსში – რუსული ტიპის ავტოკრატიამ საქართველოში ფესვები ვერ უნდა გაიდგას. ამიტომ ვაგრძელებთ, საპროტესტო, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას. ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროამ“, რომ პარასკევს, 15:00 საათზე თბილისში, სამი განსხვავებული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია გაიმართოს”,-განაცხადა ნიკა მელიამ.