LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციამ გახარიას პასუხები დაუწუნა, გახარიამ კი საერთოდ ოპოზიცია დაიწუნა – პრემიერის მეორე მოხსენება პარლამენტში

117
100674341-4128780373828616-684883108587110400-o

საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერ მინისტრის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში კითხვა-პასუხის და შემდგომ განხილვის რეჟიმში ჩატარდა. რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებული პროცესი დეპუტატების ნაწილმა ფრაქციის დროით, ნაწილმა კი კუთვნილი 5-წუთიანი პერიოდით გამოიყენეს, რომ მთავრობის მეთაურისგან ქვეყნის კრიზისიდან გამოსავალი მოესმინათ. ოპოზიციამ გიორგი გახარიას პასუხები დაუწუნა, გახარიამ კი საერთოდ ოპოზიცია დაიწუნა.

“ამ კვირაში მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის ტრუბუნას უშინაარსო გამოსვლებისთვის იყენებთ. პოლიტიკური ლოზუნგების უკან სერიოზული კითხვები კი არ ჩანს” – განაცხადა პრემიერმა.

 

რაში დაეთანხმა პრემიერი ოპოზიციას

გიორგი გახარია “ევროპულ საქართველოს” დაეთანხმა იმაში, რომ არსებობს პრობლემა სკოლებში სველი წერტილების კუთხით.

“გეთანხმებით, რომ სკოლებში სველი წერტილები სერიოზული პრობლემაა. გეთანხმებით, მაგრამ 4 მარტს, როდესაც სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა, განათლების სამინისტრომ დაიწყო ამაზე მუშაობა, რომ სექტემბრისთვის მზად იყოს. ეს სველი წერტილები ჩვენ აშენებული არ დაგვხვედრია და ჩვენ არ დაგვინგრევია, რომ იცოდეთ”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

“როდესაც საბიუჯეტო ხარჯებზე საუბრობთ, ამბობთ, რომ არ გვაძლევენ ინფორმაციას, შემიძლია გასწავლოთ, სად რა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ. ნაწილობრივ მართლები ხართ, ოღონდ, უნდა დამეთანხმოთ ერთ რაღაცაში, საქართველოს ბიუჯეტში ბოლო წლების განმავლობაში იყო ხელფასების ზრდა. მაგალითად, ხელფასი გაეზარდათ პოლიციელებს, ექიმებს”.

მისი თქმით, მიმდინარე ხარჯები ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში 24%-დან 21%-მდე შემცირდა.

 

არარეალისტური ოპოზიციური გეგმა

პრემიერმა ვრცლად უპასუხა ოპონენტების მიერ შემოთავაზებულ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც გაზრდილ სოციალურ დახმარებებთან ერთად, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, გადასახადების 4 თვით შეჩერებას და საპენსიო ფონდის გამოყენებას ეხება. გიორგი გახარიამ გეგმას არარეალისტური უწოდა, რომელიც მისივე განმარტებით პოლიტიკური ქულების მიღებისთვის არის გათვლილი.

“ევროპული საქართველოს მიერ შემოთავაზებულ პროგრამას რატომ არ ვახორციელებთ, სადაც 4 თვის საშემოსავლო უნდა გაუქმდეს და სხვა ღონისძიებები? ეს პარტია გვთავაზობს ბიუჯეტში გადასახადების მიმართულებით შემოსავლების კლებას 4,2 მილიარდი ლარით. ბიუჯეტს თავისი პარამეტრები აქვს. თქვენი გათვლებით, მაისის თვეში პენსიას ვერ გადავიხდიდით, მერე ვერც პედაგოგებს, ექიმებს, პოლიციელებს ხელფასს ვერ გადავუხდიდით და ეს ქვეყანას მიიყვანდა სრულ კოლაფსამდე. თქვენ ამის მერე მიადგებოდით საპენსიო ფონდს, რომელიც ვერ მოგინელებიათ, რომ ის თანხა იქ დევს. ვერ მოუნელებიათ 772 მილიონი, როგორც სტაბილურობის ფონდი ჩვენი მოქალაქეებისთვის ხანდაზმულობის პერიოდში. უკვე ყველანაირ ზღვარს გადავია მიზანმიმართული ბრძოლა საპენსიო ფონდთან.  თქვენ პოლიტიკური ქულების აკრეფას ცდილობთ. დღეს ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარია, რომელიც ჩვენ თვეების მიხედვით გვაქვს გაწერილი”, – აცხადებს პრემიერი.

 

 

აქეთ ტყუილი, იქით ტაში

საქართველოს პრემიერის პასუხებს ოპოზიციამ ტყუილი უწოდა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ და სამთავრობო გუნდმა ის ტრიბუნიდან ტაშით გააცილეს.

“მაშინ, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას, როდესაც ქვეყანა რთული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, როდესაც ქვეყანა ოკუპირებულია, როდესაც ბორდერიზაცია ყოველდღე მიმდინარეობს, პოლიტიკური პოპულიზმი უკვე საფრთხის შემცველი კი არ ხდება, არამედ უკიდურესად უპასუხისმგებლო საქციელია”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

რვა ტყუილი თუ შუბლში მოხვედრილი რვა სიმართლე: პარლამენტში დაპირისპირებების დეტალები

საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარიას მომდევნო წარდგენა ივნისში იგეგმება, სადაც პრემიერი საპარლამენტო არჩევნებამდე, კიდევ ერთხელ მოხსენებით წარსდგება დეპუტატების წინაშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები