LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვა ტყუილი თუ შუბლში მოხვედრილი რვა სიმართლე: პარლამენტში დაპირისპირებების დეტალები

137
100539359-1694857963985434-7416944702378737664-o

“დაიღალეთ და, როგორც ჩანს, საკუთარ ეგოს ვეღარ თოკავთ. ჩავთვალოთ, რომ ინტერპელაცია აპოლიტიკურის სპეკულირებად იყენებთ” – ასე მიმართა პრემიერმა პარლამენტის დეპუტატებს, რომლებმაც კრიტიკული კითხვები დაუსვეს.

ხელისუფლების კრიტიკა კი დღეს პარლამენტში უხვად ისმოდა.

პირველი შეკამათება, ანუ ხმაურიანი გაბაასება გახარიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომან გოცირიძეს შორის მოხდა. 

„საქართველოს მოსახლეობა არის უკიდურეს გაჭირვებაში. თქვენ რა ციფრები წარმოადგინეთ არის ტყუილი, ბატონო პრემიერო!

იცით, რატომ მოხსნა ივანიშვილმა თქვენი წინამორბედი, რატომ გაუშვა სახლში? გაეროს კვლევების გამო, სადაც ჩანდა, რომ იმატა სიღატაკემ. ეს იყო ოფიციალური ვერსია, თორემ, სინამდვილეში ვიცით რატომ გაუშვა და თქვენც გაგიშვებთ.
იმიტომ რომ გაეროს კვლევის მიხედვით, ბავშვებში უკიდურესი სიღატაკე 2015 წელს იყო 2,5 პროცენტი და 2017 წელს გახდა 6,8 პროცენტი“.

პრემიერი გოცირიძის საპასუხოდ ტრიბუნისკენ გაემართა, მაგრამ არჩილ თალაკვაძეს მიმართა:

„ამას რა უნდა ვუპასუხო? იქვე ჩამირთეთ მიკროფონი, ჩვეულებრივი დემაგოგია“ და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა (პრემიერის რეპლიკას მხურვალე ტაში მოჰყვა). 

„თქვენ პენსიონრებზე მეტად ის გაინტერესებთ, რატომ მოხსნეს კვირიკაშვილი – თქვენ წარსულით ცხოვრობთ“,… დასძინა სამთავრობო ლოჟაში დაბრუნებულმა პრემიერმა. 

ამასობაში ირაკლი კობახიძემ დაითვალა და ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ გოცირიძემ ხუთ წუთში რვა ტყუილი თქვა.

გოცირიძემ მასაც უპასუხა: „სინამდვილეში, რვა სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა…”

 

როგორც ყოველთვის ხმაურიანი იყო თინა ბოკუჩავა.

„თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ “თვალთხარია გახარიას” სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს“. ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ „ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად“.

თავის მხრივ პრემიერი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა უკეთეს ოპოზიციას იმსახურებს.

აღნიშნულს არ ეთანხმება „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.

მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, როდესაც ოპოზიციას ახსენებენ, დააკონკრეტონ, რომელ პარტიას გულისხმობენ, რადგან რეალურად ქვეყანაში ნამდვილი ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსია”.

მისი თქმით, დღეს პრემიერის მისვლა პარლამენტში საჭირო არ იყო.

„ყოველი არჩევნების წინ თქვენ გჭირდებათ “ნაციონალური მოძრაობა” იმიტომ, რომ მათ ფონზე, მათი წარსულის ფონზე თქვენ გამოჩდეთ უკეთესები“, – აცხადებს ინაშვილი.

ცინიკური და მკაცრი იყო შეფასებებში გიგა ბოკერია. 

„ბატონო პრემიერო, დღეს დილიდან კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? – „თქვენთვის დრო არ მაქვს“, „აქ ნუ გამაცდენთო“ – ვინ წაგახალისათ ამისთვის ძალიან მაინტერესებს? მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის“? – მიმართა ბოკერიამ გახარიას.

„თქვენ პატივს სცემთ იმათ, ვინც თქვენ გამცირებთ, ეგ არის თქვენი კრედო“, – დასძინა ბოკერიამ.

ხვალ რომ მოგხსნათ ბიძინა ივანიშვილმა, სამსახური ვეღარ იშოვოთ და ხელისუფლებამ გითხრათ სიბერემდე ვერ დახარჯავთ ამ 50 000 დოლარსო, სამართლიანია? – გიგა ბოკერია პრემიერს

 

შეგახსენებთ, დღეს პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში ინტრპელაციის ფორმატში უსმენენ.

 

mazda magti 5g