პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის პიკეტირება გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც მათ განაცხადეს, პიკეტირების გაუქმების თაობაზე გაერთიანებული ოპოზიცია შეთანხმდა. მიზეზი კი, გუშინ ბაღდათში მომხდარი ტრაგედიაა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა: დედა, 4 ბავშვი და ოჯახის ახლობელი
მანამდე, ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაწერა.
“რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დაგვატყდა თავს.
ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახში ხანძარი გაჩნდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია. პირველ რიგში მსურს მწუხარება გამოვთქვა ამ ამბის გამო. ეს ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის საზარელი ფაქტია.
მინდა მწუხარება გამოვთქვა და ოჯახის ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო.
როგორც მოგეხსენებათ, ხვალ დილის 10 საათზე ჩვენ საპროტესტო აქციას ვგეგმავდით, თუმცა ამ ამბავმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ 4 თებერვალს ჩანიშნული საპროტესტო ღონისძიება გაგვეუქმებინა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს.
მართლაც, რომ საზარელი ამბის მომსწრენი გავხდით.”-წერს გიორგი ვაშაძე.
საპროტესტო აქციის გამართვას არ თვლის მიზანშეწონილად მოძრაობა “გაბედეც”. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს. მოძრაობა მწუხარებას გამოთქმავს ტრაგედიის გამო.
როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, პარლამენტის პიკეტირება ხვალ გაიმართება. მან ასევე საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდა, სოლიდარობის ნიშნად გადადოს დღევანდელი საპარლამენტო სხდომა.