ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობის მიზნით, ოპოზიციას პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვა სურს.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით ერთობლივი განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს და იქნება მაჩვენებელი რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება, პროცესების დეპოლარიზაცია და ოპოზიციასა და ხალხთან ურთიერთობის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფორმატში გადატანა, თუ მათი მიზანია დროის გაწელვა და რეკომენდაციების შესრულების პროცესის იმიტაცია.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის ნაწილის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ეხმიანება 12 შესასრულებელი წინაპირობიდან სამ მიმართულებას (აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, უზრუნველყოფილი იქნეს სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ელიტური კორუფციის გამოძიების შემთხვევები).
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისთვის მიმართვისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება არ გაუჭირდება.
როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე განმარტავს, პროცესისთვის 38 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო და ბევრად მეტი ხელმოწერა იქნება:
“ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, პრეზიდენტს მივმართოთ, რომ რიგგარეშე სესია მოიწვიოს. დღის წესრიგის საკითხები უკვე განსაზღვრულია, შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, სასამართლოებზე, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე. ეს ვალდებულებად არის მოთხოვნილი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. მზად ვართ, ამ საკითხებზე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. 38 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო და ბევრად მეტი ხელმოწერა იქნება. თუ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე დაიბლოკება საკითხი უმრავლესობის მხრიდან და კვორუმს არ შექმნიან, ჩვენ მუშაობას მაინც გავაგრძელებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად და ყველა შეთავაზებულ საკითხზე საკანონმდებლო პაკეტები გვექნება”, – ამბობს მანჯგალაძე.
მმართველი გუნდის წევრების განცხადებების კომენტირებისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლების ჩართულობა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომ სხდომების ჩატარება დაჩქარებული წესით მოხდეს.
“მნიშვნელოვანია „ოცნების“ ხელისუფლება ჩაერთოს ამ საქმეში და პასუხისმგებლობით მიუდგეს ამ საქმეს, საჭირო იქნება პარლამენტის სხდომის დაჩქარებული წესით მოწვევა და კომიტეტების განხილვების დაჩქარებული წესით წარმოება. არ მაქვს დიდი ოპტიმიზმი, რომ ხელისუფლება ამას გააკეთებს. მზად იქნება ხელმოსაწერად განცხადება, რომელსაც ცოტა ხანში წარმოვადგენთ და დავინახავთ – ვინ არის რეალური ოპოზიცია, ვინ კი ხელისუფლების ინტერესების ლობირებით არის დაკავებული“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას ხელს არ აწერს ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, მათ შორის არის პარტიები “მოქალაქეები” და “გირჩი”:
“რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ მოთხოვნას ხელს არ ვაწერ კონკრეტული მიზეზის გამო: საკითხები, რომელიც ოპოზიციის ნაწილის მიერ არის მოთხოვნილი, არ არის მომზადებული იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ყველა ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული რიგგარეშე სხდომაზე, არის 12-პუნქტიანი შეთანხმების ნაწილი და ვფიქრობ, რომ ამ სივრცეში უნდა იყოს მისი განხილვა არასამთავრობო სექტორთან ერთად.
კონკრეტული პარტიების მიერ დაინიცირებული კანონპროექტებია და ყველას გვესმის, რომ მას საერთო მხარდაჭერა არ ექნება, თუ წინასწარ არ იქნება შეთანხმება. ეს შეთანხმება არ ყოფილა პარტიებს შორის. ცვლილებების მიღებას მმართველი პარტიის მხარდაჭერა სჭირდება. თუ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზანია პოლიტიკური პერფორმანსის გამართვა, რაც აქამდე ხდებოდა ხოლმე, ასეთი რაღაცების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან შედეგზე არ არის გათვლილი. რიგგარეშე სხდომას პრეზიდენტი თუ მოიწვევს, დავესწრები, მაგრამ ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. მეორე საკითხია, რიგგარეშე სხდომის კვორუმი იქნება თუ არა”, – ამბობს “მოქალაქეების წევრი ლევან იოსელიანი.
“გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია კი ფიქრობს, რომ ასეთ რეალობაში ახალი სესიის მოთხოვნა არასერიოზულია:
“სხდომების მეტი რა ტარდება, მაგრამ იქ არ დადის არც ოპოზიცია არც ხელისუფლება და ვინც დადის, იმათაც ეზარებათ იქ ჯდომა, ისეთი სახით სხედან. ასეთ რეალობაში ახალი სესიის მოთხოვნა არასერიოზულია.
მგონია, რომ ჯერ ოპოზიცია მზად არ არის რიგგარეშე სხდომაზე ის საკითხები წარმოადგინოს, რაც უნდა. არც ეს საკითხებია მომზადებული სათანადოდ და ვფიქრობ, რომ ოპოზიციას სალაპარაკო ჯერ ბევრი აქვს, იმიტომ, რომ სხდომების მეტი რა ტარდება, მაგრამ იქ არ დადის არც ოპოზიცია, არც ხელისუფლება და ვინც დადის, იმათაც ეზარებათ იქ ჯდომა, ისეთი სახით სხედან. ასეთ რეალობაში ახალი სესიის მოთხოვნა არასერიოზულია”, – აცხადებს ხვიჩია.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნას ეხმიანებიან “ქართულ ოცნებაშიც”.
წილოსანი: ოპოზიციონერი დუპუტატები, რომლებიც რიგგარეშე სხდომაზე აპელირებენ, თვალთმაქცი ხალხია
როგორც დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რიგგარეშე სხდომის აუცილებლობა და წინაპირობა არ არსებობს:
“რიგგარეშე სამუშაო სხდომაზე არაფერი სამუშაო პროცესი არ იქნება წარმართული, ეს იქნება საცირკო წარმოდგენა. ჩვენ კი, მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ.
ვაპირებთ, სამუშაო წარვმართოთ ისე, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს ინკლუზიურად განვითარება. რიგგარეშე სხდომის აუცილებლობა და წინაპირობა არ არის. რა უნდა იყოს რიგგარეშე სხდომაზე. დღეს როცა მთავარი სასიცოცხლო ამოცანა გვაქვს რეკომენდაციების შესრულება, ამ პროცესში ჩართულობა და პროცესს უნდობლობას, ბოიკოტს უცხადებ და ამბობ, რომ მასში არ ჩაერთვები, ჩემთვის წარმოუდგენელია, რა უნდა გააკეთონ, გარდა იმისა, რომ უფასო საცირკო წარმოდგენა შესთავაზონ მოსახლეობას”, – თქვა ღუდუშაურმა.