LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციონერი გახარია – ივანიშვილის ახალი პროექტი თუ რეალური ოპოზიცია

167
gaxo

ბიძინა ივანიშვილის ერთ–ერთი მთავარი დასაყრდენი, გიორგი გახარია პრემიერობიდან წასვლის შემდეგ ხან მცირე სატელევიზიო კომენტარებით, ხანაც სტატუსებით გვიმტკიცებს, რომ ის პოლიტიკაში ერთი მიზნით რჩება – დაასრულოს პოლარიზაცია. არადა, მანამდე, როცა პრემიერი იყო, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰპირდებოდა, რომ დაასრულებდა.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=ITtvJIGIEw8

 

შეიძლება ახლა, ორი სიტყვა – პოლარიზაცია და ნაციონალური მოძრაობა გააერთიანა და შესაბამისად, მიზანი იგივე დარჩა. რა როგორ გამოუვა ეს მეორე საკითხია, თუმცა მანამდე, ჯერ პოლიტოლოგებთან და ანალიტიკოსებთან უნდა გავარკვიოთ, ვისი ოპოზიცია იქნება გიორგი გახარია, გაბედევს თუ არა ის ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას, თუ გახარიას მეშვეობით ივანიშვილი მოდის  უკვე მერამდენედ. ასევე მნიშვნელოვანია, რა გუნდით ქმნის ყოფილი პრემიერი პარტიას და ვის იქნება მისი ამომრჩეველი – „ქართული ოცნების“ ელექტორატის ნაწილი, ე. წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი თუ ორივე ერთად.

 

                                                                           

გახარიას ექსვეული

 

პირველი შეკითხვა, რაც „ქართული ოცნებიდან“ 6 დეპუტატის წასვლას მოჰყვა ასეთი იყო – დაიშლება თუ არა უმრავლესობა და ზოგადად, იშლება თუ არა თავად პარტია „ქართული ოცნება“. თუ გახარიას გუნდში გადასულ 6 ყოფილ „მეოცნებეს“ დავუჯერებთ, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და სხვა ადამიანებიც დატოვებენ პარტიას, გამოდის, რომ უმრავლესობა პარლამენტში კითხვის ნიშნით ქვეშ დარჩება.

გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე და მიხეილ დაუშვილი ამიერიდან მხოლოდ დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ მუშაობას.

რადიკალურად განწყობილ ძალებთან არ ვითანამშრომლებთ, მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობაც“ – “ოცნებიდან” წასული დეპუტატი

როგორც ხოჯევანიშვილმა თქვა, ისინი იზიარებენ „ქართული ოცნების“ წარმატებებსა და წარუმატებლობებსაც, რადგან გუნდის წევრები იყვნენ, თუმცა მისი თქმით, გრძნობენ პასუხისმგებლობას და სწორედ ამიტომ დგამენ აღნიშნულ ნაბიჯს. გახარიას მომავალი პარტიის წევრების განმარტებით, დღეს ხალხს სხვა პრობლემები აქვს და პოლიტიკური პარტიების დაუსრულებელი დაპირისპირება არ აინტერესებს.

„მშვიდობის მტრედად“ მოვლენილი გახარიას გუნდი არ ამბობს პირდაპირ, იქნება თუ არა ივანიშვილის ოპოზიცია. ამ მიმართულებით ზოგადი განცხადებები კეთდება, რომ რადიკალებთან არ ითანამშრომლებენ. ამ ნაწილში ღიად მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ დასახელდა. შესაბამისად, გახარიას ცნობილი ფრაზა: „მე თქვენ დაგასრულებთ“ ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს.

 

გაბრაზებული მმართველი გუნდი

 

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ არავინ იცის, მმართველი გუნდი მართლა გაბრაზებულია გახარიაზე თუ უბრალოდ თამაშობს და თავს გვაჩვენებს, რომ გახარიას ოპოზიციონერობა დაიჯერა. ასეა თუ ისე, საკმაოდ მკაცრად და ხისტად ჩანდა პარლამენტის თავმდჯომარის განცხადება. არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, როცა ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშეა. „სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რომელთა მოგვარების პასუხისმგებლობა თავადაც გეკისრება“, – თქვა მმართველი გუნდის ლიდერმა. მან ისიც აღნიშნა, რომ გახარია პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობს.

„ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა კი პირდაპირ თქვა, რომ თუ ეს 6 ადამიანი გუნდიდან და უმრავლესობიდან მიდის, მაშინ მათ დეპუტატის მანდატიც უნდა დატოვონ. მაგალითად, დაჩი ბერაია ამბობს, რომ საკუთარი რეიტინგი, საკუთარი ძალებით უნდა მოსინჯოს შემდეგ არჩევნებზე. პარტიაში ხაზს უსვამენ, რომ გახარიას რეიტინგი დიდწილად „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ამაში არის ლოგიკა, თუმცა პრემიერობიდან წასვლის შემდეგ, გიორგი გახარიას პოსტზე გამოხმაურებებს და საზოგადეობის ნაწილის აღფრთოვანებას თუ დავაკვირდებით, არც თავად გახარია უნდა უჩიოდეს პირად რეიტინგს, რაც არ უნდა ეს გასაკვირის იყოს, განსაკუთრბით 20 ივნისის მოვლენების შემდეგ.

 

 

 როგორ ხვდება ოპოზიცია გახარიას ოპოზიციას

 

გიორგი გახარიას ახალ პარტიას პოლიტიკურ ველზე არც ისე კეთილგანწყობილი ოპოზიცია ხვდება. როგორც ჩანს, გამოცდილ პოლიტიკოსებს არ სჯერთ ყოფილი პრემიერის ოპოზიციონერობის.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოსვლით მათთვის არაფერი იცვლება. როგორც ბოკუჩავამ განმარტა, ივანიშვილი ასე ცდილობს ხელოვნურად შექმნას ოპოზიცია და ამით დემოკრატიული ფასადი შეინარჩუნოს.

გახარიას ოპოზიციონერობის არც „ლელო საქართველოსთვის“  ლიდერს სჯერა. უფრო მეტიც, ბადრი ჯაფარიძე თვლის, რომ გახარიას არაერთ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, მათ შორის – რატომ გააჩერა ანაკლიის პორტი, რატომ გააქცია ქვეყნიდან ინვესტორები. მისი თქმით, გახარიას განაცხადი მხოლოდ ადასტურებს იმ ვერსიას, რომ ეს არის ივანიშვილის მიერ შემოყვანილი მოთამაშე, რათა შეაჩეროს „ქართულ ოცნები“ ელექტორატის რღვევა.

 

ვისი ოპოზიციაა გიორგი გახარია ექსპერტებისთვის

 

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი გახარიას გუნდს არ აქვს. გიორგი ხოჯევანიშვილმა ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ყველა რადიკალის ოპოზიციონერები იქნებიან, იქნება ეს „ქართულ ოცნებაში“ თუ სხვა პარტიებში. გახარიას გუნდის წევრები არ ახსენებენ ივანიშვილს, რაზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტს, რომ მისი ხელისუფლება უნდა დასრულდეს. ამაზე ჯერჯერობით მომავალი ოპოზიცია დუმს. ამიტომ ჩვენ აზრი პოლიტიკურ ექსპერტს – ხათუნა ლაგაზიძეს ვკითხეთ, რომელიც ამბობს, რომ გახარიას ექსვეულის განცხადება და მოლოდინი ერთმანეთთან აცდენაში იყო.

„გარკვეული მოლოდინი შექმნა გახარიას მიერ სოციალურ ქსელში დაწერილმა ამოცანამ, რომ ის პოლარიზაციას დაასრულებდა. ეს მესიჯი იყო ევროპისთვის და ამერიკისთვის, რომელთა ინტერესშია ასევე პოლარიზაციის დასრულება. ეს არის გზავნილი იმ ოპოზიციური ამომრჩევლისთვისაც, რომლებიც ზუსტად არ არიან ჩამოყალიბებულები. განსაკუთრებით ეს პატარა პარტიების ელექტორატს ეხება. ამის მიუხედავად, ამ 6 დეპუტატის განცხადებებმა პასუხებზე მეტად კითხვები გააჩინა.  თუ პოლარიზაციის დასრულება გინდა, ის მაინც უნდა ეთქვათ, რომ მელიას გათავისუფლებას რაღაც ფორმით მხარს უჭერენ. ამავდროულად, ვფიქრობდი, რომ ეს ოპოზიციისთვის სერიოზული გამოწვევა იქნებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, დანარჩენი პარტიებისთვის, თუმცა ახლა ეს მოცემულობა ნამდვილად არ გვაქვს.

მათი პოლიტიკური ნიშის გამოკვეთაზე დღეს ადრეა საუბარი. „ქართული ოცნების“  შიგნით, ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილს გადაქაჩავენ, მაგრამ შეიძლება ესეც გაუჭირდეთ“, – ამბობს ლაგაზიძე.

ამ დროისთვის, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, როდის გეგმავს გახარია პარტიის დაფუძნებას, თუმცა მისი გუნდის წევრები ამბობენ, რომ გეგმებსა და ბოლო დეტალებზე ამჟამად მუშაობენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები