„აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ოფიციალურად შექმნა კომისია, რომელსაც მისი „თანაშემწე“ ვალერი პამპა ხელმძღვანელობს. ამ კომისიამ სეპარატისტ პრეზიდენტს დაუდო რეკომენდაციები, რომ ენგურის ხიდზე მოხსნას არსებული შეზღუდვები, რათა აფხაზეთი საქართველოსა და რუსეთს შორის ტრანზიტულ გზად იყოს გამოყენებული“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განუცხადა.
მისი თქმით, ეს ოფიციალური ინფორმაციაა და ამაზე აფხაზეთში მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. დავითაიას თქმით, ყველა ტვირთი გაივლის ამ გზით, ხოლო რა ტვირთი იქნება ეს, ამას აფხაზური მხარე გადაწყვეტს.
როგორც დავითაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ყველა ტვირთზე თავისთავად აფხაზური ბეჭედი იქნება, ხოლო ყველა სატრანზიტო გადასახადს აფხაზეთში გადაიხდიან.
„რატომაა ეს საფრთხე? – ასეთი საკითხი დღის წესრიგში არ იდგა და რატომ: იმიტომ, რომ პირდაპირი კავშირი ჰქონდათ რუსეთთან და საქართველო არ სჭირდებოდათ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც საქართველოსთან ვაჭრობდა, მათაც პრობლემები შეუქმნეს – ტვირთი ვერ შედიოდა იმის გამო, რომ არანაირი კავშირი საქართველოსთან არ ყოფილიყო.
ახლა რუსეთს უჭირს, სანქციების ქვეშაა და რაც შეიძლება ბევრი ტრანზიტული გზა სჭირდება. საქართველო სანქციებს არ შეუერთდა და შესაბამისად, ლარსიდან ყველანაირი ტვირთი შედის და გამოდის, რუსებს ეს არ ჰყოფნით და ამ გზის გახსნა სურთ. ეს ჯერ საქართველოს მთავრობისთვის არ შეუთავაზებიათ, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ რუსეთისა და აფხაზეთის ეგიდის ქვეშ ხდება“, – უთხრა „ფორტუნას“ პაატა დავითაიამ.
მისი შეფასებით, ეს ინიციატივა ძალიან დიდი საფრთხის შემცველია და არანაირი ეკონომიკური გამართლება არ აქვს. როგორც მანვე აღნიშნა, აფხაზური მხარე, გადასახადის ბეჭდის დასმის საკითხს ძალიან მკაცრად აყენებს, რაც აფხაზეთის დამოუკიდებლობის ირიბ აღიარებას ნიშნავს და რაც ქართულ სახელმწიფოს ცალსახად დააზიანებს.
„ეს ხელს შეუშლის ჟენევის მოლაპარაკებას, სადაც მხოლოდ ჩვენ არ ვართ და პარტნიორი ქვეყნებია, რაც კიდევ ერთხელ გაამყარებს იმ აზრს, რომ საქართველო სანქცირებულ ტვირთს კი არ ზღუდავს, არამედ ხელს უწყობს, რაც უკვე კატასტროფაა. იმედს ვიტოვებ, რომ ამ ნაბიჯს მთავრობა არ გადადგამს.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამის წინააღმდეგი [რასაც ახლა აჟღერებენ] ყოველთვის თავად აფხაზები იყვნენ და ამისთვის გავიხსენებ ფაქტს, როცა ალასანიამ ე.წ საგზაო რუკა გამოფინა, რისი წინააღმდეგიც აფხაზები იყვნენ. ეს რუკა აფხაზებმა ჩაჭრეს, მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი და ახლაც ვამბობ, რომ ეს ინიციატივაც სხვა არაფერია, თუ არა ე.წ საგზაო რუკა“, – დასძინა „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ.
დავითაიას მოსაზრებით, ახლა, როცა რუსეთიდან ტვირთი თავისუფლად გადაადგილდება, მათ უნდათ ეს გზა ისე მოირგონ, როგორც თავად აწყობთ – ყველანაირი კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გარეშე, არამედ ისე, რომ ამით ირიბად საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარონ.
პაატა დავითაიას ასევე ვკითხეთ, რამდენად გაართულებს ან რა საფრთხეებს შექმნის აფხაზურ-ქართულ საზოგადოებაში ამ სატრანზიტო გზის არსებობა, მით უფრო, მაშინ, როცა სულ ახლახან აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე ოფიციალურად განაცხადა, რაზედაც დავითაიამ ასე გვიპასუხა:
„ისეთი ადამიანიც კი, რომელიც პუტინის ფავორიტი იყო, საუბარია რაულ ხაჯიმბაზე, ისიც კი მის წინააღმდეგ გამოვიდა, რომ არანაირი ბიჭვინთის გადაცემა და ეს სულ ახლახან, ოფიციალური განცხადება იყო. აფხაზური საზოგადოება ახლა დუღს – გახსოვთ, რომ რუსეთის ელჩმა თქვა, რომ თუ ბიჭვინთის გადაცემა არ მოხდება, რუსეთი აფხაზეთიდან ჯარებს გაიყვანს და არ დაეხმარება.
ამ დროს კი აფხაზური საზოგადოებამ, მაგალითად ასტამურ ტარბმა, რომელიც არძინბას თანაშემწე იყო, გააჟღერა ასეთი მოლაპარაკება: შევარდნაძის დროს, 1997 წელს დსთ-ს მოლაპარაკებების ფორმატში რუსეთმა ხელი მოაწერა დოკუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ის სამშვიდობო ძალები, რომელიც აფხაზეთში იდგა, საპოლიციო ძალები ყოფილიყო, რაზედაც ყველამ [ხელმძღვანელობიდან] ხელი მოაწერა, ხოლო როცა არძინბა მოსკოვში დაიბარეს, ტარბას თქმით, მან [არძინბამ] რუსეთს განუცხადა, რომ ჯარები გაეყვანათ და ისიც დაამატა, რომ მას რუსეთში სურდა და საქართველოში აბრუნებდნენ. მაშინ რუსეთმა მის წინაშე უკან დაიხია და არც ხელმოწერილი დოკუმენტის ვალდებულება შეასრულა.
ამას ახლაც იხსენებენ და ეუბნებიან, რომ რუსებს ძალების გაყვანა უნდათ და დაე გაიყვანონ, ე.ი მათ ესმით, რომ რუსეთი ამას არ გააკეთებს, განსაკუთრებით, ამ მოცემულობაში, უფრო სწორად მათთვის [აფხაზებისთვის] სტრატეგიული მომენტია, მაგრამ ალბათ ყველა ხვდება, აფხაზების ეს გამოსვლები რას ნიშნავს.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მათ [აფხაზებს] არ სურთ რუსეთთან, არ სურთ საქართველოსთანაც, მაგრამ თუ ჩვენ ჭკვიანურად მივუდგებით, მაგალითად ვიტყვით, რომ ბიჭვინთას ჩვენ აღვადგენთ, ხალხი დაფიქრდება, იქ 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს“, – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას პაატა დავითაიამ.
კითხვაზე, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ რისკებისა და საფრთხეების შესამცირებლად, „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ გვითხრა, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია იგივე ბიჭვინთაზე პირდაპირ თქვას, რომ კომპლექსს საქართველო აღადგენს, რაც დავითაიას აზრით, აფხაზურ საზოგადოებას დააფიქრებს და შესაძლოა განწყობებიც შეცვალოს.
„აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მთავარი არგუმენტი ისაა, რომ არ აქვთ ფული იმისთვის, რომ ბიჭვინთა აღადგინონ, საქართველოს მთავრობას კი პირდაპირ შეუძლია თქვას და ეს პრემიერმა უნდა განაცხადოს, რომ შეუძლია უპირობოდ აღადგინოს ბიჭვინთის კომპლექსი, ან თუნდაც სოხუმის აეროპორტი, რადგან ის საქართველოს შემადგენელი ნაწილია.
რა თქმა უნდა, რუსები ამას არ გააკეთებინებენ, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა დაფიქრდება. იგივე ტრანზიტის თემა რომ ავიღოთ: თუ აფხაზური მხარე ქართულ მხარესთან ნორმალურ მოლაპარაკებას დაიწყებს, რა თქმა უნდა, ქართული მხარე ამის წინააღმდეგი არ იქნება ხომ? ეს ბევრ რამეს შეცვლიდა.“– დასძინა პაატა დავითაიამ.