„რუსეთი ამზადებს საქართველოს ანექსიას ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიერთებით, რა მიზნითაც რუსეთმა დაიწყო შეხვედრების ორგანიზება და აქტიური მოლაპარაკებები მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერთან ალან გაგლოევთან, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატები” ავრცელებს.
„არაერთხელ გავაკეთე საჯარო განცხადება, რომ მზადდება ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნა რუსეთის, ბელარუსის, აფხაზეთის და ცხინვალის შემადგენლობით, ასევე განიხილება დნესტრისპირეთის მიერთების საკითხიც. როგორც ცნობილი გახდა უახლოეს დღეებში მოსკოვში დაგეგმილია შეხვედრები ბელარუსის პრეზიდენტთან ლუკაშენკოსთან და აფხაზეთის და ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებთან. ფაქტობრივად, ეს არის სამუშაო შეხვედრები და მზადება ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნისთვის.
საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უსწრაფეს რეჟიმში უნდა გააკეთოს მკვეთრი განცხადებები ამ შეხვედრებთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებამ, შესაბამისმა უწყებებმა, საერთაშორისო ძებნა უნდა გამოაცხადოს აფხაზეთის და ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლებების ლიდერებზე, რაც იქნება სამართლებრივი საფუძველი. ეს არის არის პრინციპული საკითხი – თუ პუტინმა გადადგა ეს ნაბიჯი, სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის დროს, რუსეთის ლიდერი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა აღმოჩნდეს ძებნილებთან ერთად, რათა მთელმა მსოფლიომ იხილოს, თუ როგორ ხდება საქართველოს ტერიტორიების ანექსია კრიმინალური სამყაროს ლიდერების მიერ.
ხელისუფლებამ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის მზაკვრულ გეგმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ჩვენი ტერიტორიების მიერთება. ჩვენი პარტიის მხრიდან მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაციას მივაწოდებთ ევროკავშირს, ნატოს გენერალურ სამდივნოს, რომელთა წარმომადგენლებთანაც გასულ კვირას გამართულ შეხვედრებზე, აქტიურად განვიხილეთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.