პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში არსებულ ინფორმაციას ეფუძნება.
შესაბამისად, მისივე თქმით, ამ საკითხს საგამოძიებო კომისია არ სჭირდება.
„კომისიის ჩამოყალიბების იდეა ოპოზიციას ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა. პირადად მე ვეხვეწებოდი, პლენარულ სხდომაზე გამოეტანათ კენჭისყრაზე და არ გამოჰქონდათ. რა საჩქაროა, რომ რიგგარეშე სხდომას ითხოვენ, არ ვიცი. მითუმეტეს, დღეს პარასკევია და თუ გამოტანაა, დღეს უნდა ყოფილიყო. თაროზე აქვთ შემოდებული, მე ვეუბნებოდი, რომ გამოეტანათ, მაგრამ უარს ამბობდნენ, ახლა დაჩქარებული წესით კენჭისყრა უნდათ.
რაც შეეხება შინაარსს, თუ ამ [აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის] განცხადების საფუძველზეა – აქ საუბარია ღია წყაროებზე. რა საგამოძიებო კომისია სჭირდება ღია წყაროებს, დასხდნენ, „დაგუგლონ“, წაიკითხონ ანგარიშები და მედია რეპორტაჟები მოისმინონ. საუბარია არა რაიმეს გამოძიებაზე, დაკითხვებზე, არამედ იმაზე, რომ როგორც ჩანს, საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რაც საჯარო სივრცეშია და ამას კომისია არ სჭირდება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.