LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად შვედეთის ისტორიაში – ქვეყნის პრემიერი ქალი გახდა

132
1

პირველად შვედეთის პოლიტიკის ისტორიაში – ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ქალმა დაიკავა. 

აღნიშნულ პოსტს მაგდალენა ანდერსონი ჩაიბარებს – 54 წლის პოლიტიკოსი, რომელიც მანამდე მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას იკავებდა.

ამ გადაწყვეტილებით სრულდება შვედეთის სტატუსიც – როგორც ერთადერთი სკანდინავიური ქვეყნის, რომელსაც არასოდეს ჰყოლია ქალი მთავრობის მეთაური.

მის კანდიდატურას შვედეთის პარლამენტის 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 174 წინააღმდეგ წავიდა, 57-მა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა, შედეგად ის აღნიშნულ თანამდებობას შტეფან ლოვენისგან გადაიბარებს.

ანდერსონი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერად 2021 წლის 4 ნოემბერს აირჩიეს და გახდა პარტიის მეორე ქალი ლიდერი მონა საჰლინის შემდეგ.

10 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი შტეფან ლოვენი თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა. რამდენიმე დღეში კი ანდერსონს მთავრობის ჩამოყალიბება დაავალეს და მას ამისთვის ერთკვირიანი ვადა მისცეს.

მსოფლიო მედია წერს, რომ სოციალ-დემოკრატების ლიდერს მნიშვნელოვან კრიზისთან შეჭიდება მოუწევს – მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს საკანონმდებლო ორგანო მხარს არ უჭერს.

ანდერსონი 2014 წლიდან შვედეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

კიდევ ერთი დეტალი ანდერსონის სამსახურებრივი ბიოგრაფიიდან, რომელიც მას კიდევ ერთი “პირველი ქალის” სტატუსს ანიჭებს:

2020 წელს, საერთაშორისო სავალუტო და ფინანსური კომიტეტის წევრებმა ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა საბჭოს პოლიტიკის საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარედ სამი წლის ვადით აირჩიეს, შესაბამისად ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები