LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა“ – განათლების სამინისტრო 119-ე სკოლაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

86
განათლების სამინისტრო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 119-ე სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა, კატეგორიულად უარყოფს. უწყების ცნობით, ეს ინფორმაცია არის ტყუილი.

„პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ თეა ბრეგვაძე არასდროს ყოფილა 119-ე სკოლის დირექტორი, ის გახლდათ ამ სკოლის დირექტორის მოადგილე და დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას.

მოგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორს, პაატა რაზმაძეს, 2020 წლის 8 სექტემბერს ამოეწურა სამეურვეო საბჭოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა, რის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შესრულება გააგრძელა დირექტორის მოადგილემ, თეა ბრეგვაძემ, როგორც დირექტორის არყოფნის, ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულმა პირმა,“- განმარტავენ სამინისტროში.

მათივე განცხადებით, სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ქალაქ თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თამარ თაბუაშვილი. როგორც სამინისტროში ამბობენ, ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაზეც თეა ბრეგვაძე ინფორმირებული იყო.

„ამდენად, ქალბატონი თეა ბრეგვაძის მიერ, პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა. ასევე კატეგორიულად მიუღებელია განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოლიტიკურ იარაღად გამოყენება,“- აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ცნობისთვის, 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს – სკოლაში სასწავლო პროცესი დილიდან შეჩერებულია

პოპულარულები