„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი რატი იონათამიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსეთთან ფრენების აღდგენის შესახებ „პოპულისტურს“ უწოდებს.
აღნიშნულის შესახებ იონათამიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის რეპუტაციაზე ზრუნვა მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
„ფორტუნას“ კითხვაზე, მისაღებია თუ არა მათთვის სალომე ზურაბიშვილის განცხადება რატი იონათამიშვილმა ასე უპასუხა:
„ასეთი განცხადებები პოპულისტური განცხადებებია და მას დიდი შინაარსი არ გააჩნია, ჩვენი ეროვნული ინტერესი და ამოცანა არის, რომ ვიმუშაოთ რეპუტაციაზე და ვმუშაობთ კიდევაც.
ეს რეპუტაცია რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახება ამის ყველაზე დიდი დასტური, რაც ბოლო დროს იქნა მიღწეული არის ბუქარესტის ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირის ენერგო უსაფრთხოების ამაღლების საკითხებს ეხებოდა. ერთ-ერთი უმთავრესი მონაწილე გახდა საქართველო ამ ხელშეკრულების საფუძველზე. ეს არის ზუსტად ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და იმიჯზე ზრუნვა,“ – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“.