პრინცი ჰარის ქორწილში სტუმრებმა კახეთში დაწურული ღვინო მიირთვეს. „იმაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს, მდინარე ჩელთის (ჩელეთის) ნაპირას დაწურული ღვინო, პრინც ჰარის ქორწილში ჭიქებში რომ ჩამოისხმება“, – ამის შესახებ ანა მირიანაშვილი აცხადებს, რომელსაც გაზეთი „კვირის პალიტრა“ საკუთარ მკითხველს აცნობს.
როგორც ანა მირიანაშვილი საგაზეთო ინტერვიუში აღნიშნავს, „მეღვინეობა ჩელთის“ ისტორია 2001 წელს იწყება. „ეს კომპანია მამაჩემმა, გიორგი მირიანაშვილმა დააარსა. ოჯახი 100 წელზე მეტია მეღვინეობას მისდევს. წარმოშობით შილდელები ვართ, ეს ჩვენი წინაპრების სოფელია. მამამ ყველაფერი ნულიდან დაიწყო, მიწის შეძენიდან“,- ამბობს ანა მირიანაშვილი.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო ბაზარზე დიდი ინტერესია ქართული ღვინის მიმართ.
„ჩვენს ღვინოს არა მარტო საქართველოში, არამედ 20-ზე მეტ ქვეყანაში ვყიდით. ამერიკაში, ევროპაში უყვართ და ექსპორტიც კარგად არის აწყობილი. გვაქვს ჯილდოებიც. “დეკანტერი” ღვინის პრესტიჟული კონკურსია, სადაც 3000-ზე მეტი ღვინო მონაწილეობს. ჟიურიმ ჩვენი საფერავი მსოფლიოს 20 საუკეთესო ღვინოში შეიყვანა და დაწერა, რომ ეს საუკეთესო საფერავია “დეკანტერის” ისტორიაში. ჩვენი ღვინო 2018 წელს პრინც ჰარის ქორწილშიც იყო წარმოდგენილი. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ჩელთის ღვინო ერთადერთი ქართული ღვინო აღმოჩნდა ამ ქორწილში. ეს გადაწყვეტილება სამეფო ოჯახის სომელიეებმა რამდენიმეთვიანი დეგუსტაციის შემდგომ მიიღეს. ჩვენს საფერავზე სტატია “ვაშინგტონ პოსტმაც” დაწერა, რაც სასიხარულოა“, – აღნიშნავს „მეღვინეობა ჩელთის“ წარმომადგენელი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.