რუსულ მედიაში მარგარიტა სიმონიანს ჟურნალისტიკის „რკინის ლედის“ უწოდებენ და ახასიათებენ, როგორც მამაკაცური მყარი ხასიათისა და ქალური პრინციპულობის საუკეთესო ნაზავს. ვისაც მისი ბოლოდროინდელი გამოსვლები უნახავს, სადაც მარგარიტა მაგალითად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სტუდიაში შამპანურს ითხოვს ამ ამბის აღსანიშნად, ან სოლოვიოვთან რამდენიმე დღის წინანდელ ინტერვიუში კიდევ უფრო მკაცრი ცენზურის შემოღებას ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, სადაც რუსული პროპაგანდისტული მედიის წინააღმდეგ პლაკატები გაშალეს, მასში პრინციპულობის მხოლოდ ერთ მიმართულებას დაინახავს – ის ძალზედ მყარად იცავს პუტინსა და მის მიერ შექმნილ რუსეთს და ამისთვის „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელი ენერგიას, დროს, ნერვებსა და რაც მთავარია, პროპაგანდისტული მესიჯებით გაჯერებულ გამოსვლებს არ იშურებს.
თავის დროზე ყველას ძალიან უკვირდა, რომ 25 წლის სიმონიანი, საკმაოდ ახალგაზრდა და ჟურნალისტიკაში რამდენიმეწლიანი გამოცდილებით, მიიყვანეს უცხოენოვან რუსულ არხზე „რაშა თუდეი“, სადაც თავისი საქმიანობის ფარგლები თავიდანვე ძალიან ზუსტად მონიშნა, მას მსოფლიოსთვის რუსეთში თუ მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების რუსული ნარატივი უნდა დაენახვებინა. ასეულობით ჟურნალისტი რუსეთსა და მთელ მსოფლიოში და „რაშა თუდეის“ მიერ შექმნილი ახალი ამბები, მკვეთრად პროპაგანდისტული მიმართულებით, ამისი ნათელი მაგალითი გახდა. დღეს კი მარგარიტა სიმონიანი რუსეთის თავისუფალ ქვეყანაში შეჭრასა და ომს „სპეცოპერაციად“ მოიხსენიებს და პუტინის გასამართლებელი ფრაზები ლექსიკონში ნამდვილად არ ელევა.
ვინ არის ქალი, რომელიც, როგორც რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი ფავორიტი, რუსულ ჟურნალისტიკაში ბოლო წლების განმავლობაში აღზევდა?
მარგარიტა სიმონიანი 1980 წელს კრასნოდარში დაიბადა, სომხების ოჯახში. ვინაიდან სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა და განსაკუთრებულად ინგლისური ენისადმი ინტერესს გამოხატავდა, მეცხრე კლასში გაცვლითი პროგრამის მონაწილე გახდა და აშშ-ში გაემგზავრა სასწავლებლად. ნიუ ჰემფშირში ის რამდენიმე წელიწადი ცხოვრობდა, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც იქ უმაღლესი განათლების მისაღებად არ დარჩა და რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა. ყუბანის უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ოქროს მედალზე დაამთავრა. მისი ჰობი ლიტერატურა გახლდათ.
რუსული ჟურნალისტიკის „რკინის ლედი“ მას სამხედრო ჟურნალისტიკაში მიღებული გამოცდილების გამო შეარქვეს, კრასნოდარის ტელევიზიაში 2000-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო მუშაობა, როგორც სტაჟიორმა, მაგრამ შემდგომში სახელი გაითქვა, როგორც სამხედრო კორესპონდენტმა, რომელიც პროფესიული საქმიანობისთვის ჩეჩნეთში გაემგზავრა, სადაც ომს სიცოცხლის რისკის ფასად აშუქებდა და ამისთვის ჟურნალისტური პრემიაც მიიღო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის პროგრამა Вести-ს კორესპონდენტი გახდა.
მისი ბიოგრაფიის საინტერესო ნაწილი 2004 წელს უკავშირდება, როდესაც ის პირდაპირ ეთერში მოუთხრობდა მაყურებელს ბესლანის ტრაგედიის შესახებ – მოგვიანებით, მარგარიტა სიმონიანი იხსენებდა, – „ბესლანის ამბავი მხოლოდ ფრაგმენტებად მახსოვს, სხვანაირად მისი დამახსოვრება შეუძლებელია და აუტანელი“. მარგარიტა სიმონიანი ბესლანში განვითარებულ მოვლენებს აღწერდა, როგორც „საშინელებას“, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, დამეგობრებოდა ამ ტრაგედიის შემოქმედს, ვლადიმერ პუტინს. ამ ტრაგედიის შედეგად 333 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის – 186 ბავშვი.
2005 წელს შეიქმნა Russia Today, საერთაშორისო საინფორმაციო არხი, რომლის ხელმძღვანელად სწორედ მარგარიტა სიმონიანი შეარჩიეს. 25 წლის ტელეჟურნალისტის უეცარ აღზევებას ანდრეი რიხტერი, მისი კოლეგა ასე გამოეხმაურა: „ის დაინიშნა იმიტომ, რომ ახლოს იყო კრემლისადმი ლოიალურად განწყობილ ადამიანთან, რომელიც თავის მხრივ ვლადიმერ პუტინთან მეგობრობდა…“ 2010 წლიდან ის პუტინის პირადი კადრების რეზერვში შევიდა, 2012 წლიდან კი დიმიტრი კისილიოვმა მას „რუსეთი დღეს“ ჩააბარა, რომელსაც ტელევიზიასთან ერთად უძღვებოდა. 2014 წლიდან ის საინფორმაციო სააგენტო „Sputnik“-საც ხელმძღვანელობს. 2014 წელს ის თინა კანდელაკთან ერთად უძღვებოდა გადაცემას „რკინის ქალბატონები“.
2012 წლიდან შეიცვალა მარგარიტას პირადი ცხოვრებაც. შოუმენმა და ტელეწამყვანმა, ტიგრან კეოსაიანმა, რომელიც ერთ-ერთ მსახიობ ქალზე იყო დაქორწინებული, სოციალურ ქსელში მარგარიტას შეტყობინება გაუგზავნა და მასთან ურთიერთობის სურვილი გამოთქვა. წყვილი 2013 წელს დაქორწინდა და სამი შვილი ჰყავს.
რუსული ტელევიზიის ვარსკვლავი ძალიან მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებს ვლადიმერ პუტინთან. ის 2018 წლის არჩევნების დროს მისი მარჯვენა ხელი იყო. პუტინისადმი ერთგულებას ის ყოველი ფეხის ნაბიჯზე ავლენს…
უკრაინის პროკურატურამ ჟურნალისტ მარგარიტა სიმონიანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა