LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ შეთანხმებას არღვევს და სასამართლო ხელისუფლებაზე სრულ კონტროლს ამყარებს: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

41
demokratiis kvlevis

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატები შეარჩია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენს და მათ განმწესების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა “ფორტუნას” აცნობა, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია საბჭოს მიერ  არსებითად ხარვეზიანი და პრობლემური პროცესის შედეგად შერჩეული კანდიდატების დანიშვნა და ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „გაუგებარია . . . განცხადებები, თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების [ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება, „სამომავლო გზა საქართველოსთვის“] სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება.“

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნით, „ქართული ოცნება“ დაარღვევს შეთანხმების „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ როგორც სულისკვეთებას, ასევე, წინააღმდეგობაში მოვა მის სიტყვასიტყვით მნიშვნელობასთან.

2021 წლის 18 აპრილის შეთანხმებაში „სამომავლო გზა საქართველოსთვის“,  თავში „კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა“ აღნიშნულია, რომ „ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით“ და ჩამოთვლის:

„ბ) პარლამენტს უნდა წარედგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი

  • ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
  • გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.“

შეთანხმების მომდევნო პუნქტის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბ) პუნქტში აღნიშნული ახალი კანონი ძალაში შევა.

 

პარლამენტს შეთანხმებით გათვალისწინებული კანონი არ მიუღია

 

მმართველი პარტიის თანამდებობის პირების განცხადება იმის თაობაზე, რომ ახალი კანონი, რომელზეც შეთანხმებაშია საუბარი, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

2021 წლის 1 აპრილს, 17 დღით ადრე, ვიდრე ხელი მოეწერებოდა პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, იმ დროისთვის, ფაქტობრივად ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც ძალაში 2 აპრილს შევიდა. ცვლილებები „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეაფასა, როგორც სასამართლო რეფორმის იმიტაციის ფრაგმენტული, ქვეყანაში შექმნილ რეალობას სრულად მოწყვეტილი მცდელობა.

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ კანონი „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მიიღო დაჩქარებული წესით, შეთანხმების გაფორმებამდე, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციის და ინკლუზიური პროცესის გარეშე, ის ვერ ჩაითვლება ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ კანონად, რომლის მიღებამდეც, შეთანხმების მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მიმდინარე ყველა დანიშვნა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ შეუჩერებია პარლამენტის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებამდე დაწყებული კონკურსი

 მმართველი პარტიის განცხადება შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ პრობლემურია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჰიპოთეტურად დავუშვებთ, რომ 1 აპრილს მიღებული კანონი შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული „ახალი კანონია.“

2021 წლის პირველი აპრილის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას არაორაზროვნად მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში თუ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსზე განაცხადების მიღება გაგრძელდებოდა ახალი წესების შესაბამისად, ეს არათანაბარ პირობებში ჩააყენებდა კანდიდატებს, რადგან საწყისი ინტერვიუები შერჩეულ კანდიდატებთან უკვე იყო ჩატარებული ძველი წესების დაცვით. კომისიის განცხადებით, არათანაბარი მოპყრობის შესახებ ეჭვების გასაქარწყლებლად, მნიშვნელოვანი იყო პროცესის თავიდან ჩატარება.

მიუხედავად ვენეციის კომისიის მოწოდებისა, პროცესის თავიდან დაწყების ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 5 აპრილს გამოაცხადა დამატებითი განცხადებების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით, ძველი, 2020 წლის 7 ოქტომბერს, 2 ნოემბერს და 20 ნოემბერს გამოცხადებული შერჩევის ფარგლებში.

შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესი წარდგენილი 9 მონაწილის მიმართ არ შეჩერებულა. კანდიდატები განცხადებების მიღების პროცესის განახლებამდე იქნენ შერჩეულნი, რამაც უზრუნველყო მათი უპირატეს, არათანაბარ პირობებში ჩაყენება იმ კანდიდატებთან შედარებით, რომელთა განაცხადიც შეცვლილი წესებით იქნება განხილული.

 

დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერებულა და მიმდინარეობს შეთანხმებით გათვალისწინებული, აუცილებელი რეფორმისა და კანონმდებლობის მიღების გარეშე, შესაბამისად, მისი სულისკვეთების საწინააღმდეგოდ და შეთანხმების ტესტით პირდაპირ გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით.

საქართველოს უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში და ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

მმართველი პარტიის მხრიდან შეთანხმების უგულებელყოფა და უზენაეს სასამართლოში მათთვის მისაღები კანდიდატების დანიშვნის მცდელობები პირდაპირ მიუთითებს სასამართლო ხელისუფლების საბოლოო ინსტანციის პარტიის გავლენებით მართვის განმტკიცებასა და საბოლოოდ, სასამართლო ხელისუფლების სრულად ხელში ჩაგდებაზე. – აღნიშნულია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ “ფორტუნასთვის” მოწოდებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები