საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ -გვერდზე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2023 წლის 30 დეკემბრის მეშვიდე რიგგარეშე ყრილობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები გამოქვეყნდა.
ცვლილებებით პარტიის სტრუქტურას ემატება – პარტიის საპატიო თავმჯდომარე.
წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება აირჩიოს პირი, „რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე“.
ამავე დოკუმენტის თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე არის პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი.
ახალ წესდებაში განსაზღვრულია პოლიტიკური საბჭოს ფუნქციები, მათ შორის დოკუმენტში ნათქვამია, რომ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შედიან პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და პარტიის ყრილობის მიერ არჩეული 15 წევრი.
წესდების მიხედვით, პოლიტიკური საბჭოს სხდომას იწვევს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ან პარტიის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პოლიტიკური საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.
ახალი წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭო „პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას“.
გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს შეუძლია რიგგარეშე ყრილობის მოწვევაც.
„პარტიის საპატიო თავმჯდომარის, პარტიის თავმჯდომარის ან პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნეს პარტიის რიგგარეშე ყრილობა“,- ნათქვამია დოკუმენტში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი 30 დეკემბერს “ქართული ოცნების” ყრილობაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.