LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ვაშლის ძმარი გერმანელებმა მოიწონეს- პროდუქცია ექსპორტზე გადის

592

გემოვანი ვაშლის ძმარი, რომელიც ”მზეთამზეს” ბრენდის ქვეშ იწარმოება გერმანიაში ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. ქართული პროდუქცია მიუნხენში, სურსათის გამოფენაზე გაიტანეს და იქ დიდი მოწონება დაიმსახურება. როგორც ”ფორტუნას” ”ქართული ხორბლის პური-მზეთამზეს” დამფუძნებელმა ირაკლი ჩავლეშვილმა განუცხადა, ვაშლის ძმრის პირველი პარტია გერმანიაში სექტემბრის ბოლოს გაიგზავნა, ახლა კი მუშაობა მეორე პარტიაზე მიდის.

”ვთანამშრომლობთ გერმანულ კომპანია Glonntaler Backkultur-თან, რომელიც ბიოლოგიურ პროდუქციას აწარმობეს, მათ შორის ნატურალური პურის წარმოებაზე მუშაობას და უმაღლესი ხარისხის პურს უშვებს. გარდა იმისა, რომ თანამშრომლობა ექსპორტის კუთხით დავიწყეთ,  ვეცნობით მათ გამოცდილებას ჭვავის პურის წარმოების საქმეში. ისინი აღნიშნულ პურს განსხვავებული ტექნოლოგიით აწარმოებენ და უმაღლესი ხარისხის პურს იღებენ. გერმანული ტექნოლოგიის გარკვეული დეტალები უკვე დავნერგეთ ”მზეთამზეს” ჭვავის პურის ცხობაშიც, რამაც პურის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა”, – აღნიშნა ჩავლეშვილმა.

 

რაც შეეხება სურსათის გამოფენას, რომელშიც მონაწილეობა ”მზეთამზეს” ბრენდის ქვეშ წარმოებულმა პროდუქციამაც მიიღო, ირაკლი ჩავლეშვილი ამბობს, რომ ეს გამოფენა თავად გერმანული კომპანიის Glonntaler Backkultur მიერ იყო მოწყობილი.

”საკუთარ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპანიამ მიუნხენში სურსათის გამოფენა მოაწყო, სადაც ჩვენც მიგვიწვია. ჩვენი პური, ვაშლის ძმარი და ფქვილი გავიტანეთ გამოფენაზე. განსაკუთრებული მოწონება ვაშლის ძმარმა დაიმსახურა, ფაქტობრივად, ფურორი მოახდინა. ამ სახის პროდუქციას გერმანელები არ აწარმოებენ, ამიტომაც მივაღწიეთ ექსპორტზე შეთანხმებას. იგეგმება გერმანიაში მცირე რაოდენობით ”მზეთამზეს” ფქვილის გატანაც”, – დასძინა ”ქართული ხორბლის პური-მზეთამზეს” დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, ”მზეთამზეს” პური ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა. ამ ეტაპზე კომპანია 9 სახეობის პურს აწარმოებს. ამასთან, ”მზეთამზე” #გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობს. ღონისძიებას ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად, წელს უკვე მეორედ გამართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები