LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები გასაუბრებაზე აღარ დადიან: „უნდა დაუკავშირდე დაახლოებით 3000 ადამიანს მაინც, აქედან გასაუბრებაზე 15 მოვა“

677
maxresdefault

ფაქტობრივად, ქვეყანაში არ დარჩა სექტორი, სადაც ბიზნესი კადრების გადინებას და დეფიციტს არ უჩივის. რა მიზეზებმა განაპირობა კადრების კრიზისი და რა არის გამოსავალი – ამ თემებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში HR აუთსორსინგული კომპანია One Point -ის წარმომადგენლებმა, HR ბიზნესპარტნიორებმა – ნინო მარეხაშვილმა და ლიკა კოვზირიძემ ისაუბრეს.

როგორც ლიკა კოვზირიძემ აღნიშნა, საქართველოში საკადრო დეფიციტი რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. „საქსტატის მონაცემებით, 2020-2021 წლებში ემიგრაციის მაჩვენებელი 35%-ითაა გაზრდილი, რაც ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია საკადრო დეფიციტის. ის, რომ გადინება ძალიან მაღალია, ეს რა თქმა უნდა მოქმედებს შრომის ბაზარზე იმიტომ, რომ ქვეყანაში ნაკლები ადამიანია დარჩენილი, ვისაც შეუძლია მუშაობა. გარდა ამისა, ინფლაციაც ძალიან მოქმედებს, იმიტომ, რომ აღარ არის ადამიანებისთვის საინტერესო იმ ანაზღაურებაზე მუშაობა, რასაც დღევანდელ დღეს ბაზარი სთავაზობს, ვინაიდან ძალიან გაძვირდა ცხოვრება და აღარ უღირთ მთელი თვე, ან მთელი დღე დაუთმონ დაბალანაზღაურებად საქმეს. ანაზღაურების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო გრაფიკი და გარემო, დამოკიდებულება თანამშრომლის მიმართ. ხშირად არის 24 საათიანი გრაფიკები, რომლებიც ადამიანებს არც აწყობთ, არც უღირთ და არც შეუძლიათ“, – აღნიშნა ლიკა კოვზირიძემ.

მან კადრის მოძიების სირთულეზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ თუ ადრე იმ ადამიანების ნახევარი, ვინც აგზავნიდა CV-ს, მიდიოდა გასაუბრებაზე, ეს მაჩვენებელი შემცირებულია 10%-ამდე. „შესაბამისად, გიწევს გაცილებით მეტ ადამიანთან დაკავშირება, რომ რაღაც შედეგამდე გახვიდე. ამ ყველაფერს, ხშირ შემთხვევაში, კომპანიები თვითონ ვერ ახერხებენ. ამიტომ, ძალიან გაიზარდა ბოლო პერიოდში კომპანიების მომართვიანობა აუთსორსინგულ კომპანიებში, მათ შორის, ჩვენთან. საკადრო დეფიციტი განსაკუთრებით მაღალია სერვისთან დაკავშირებულ სექტორებში, ჭირს: მიმტანების მოძიება, მოლარე-ოპერატორების, კონსულტანტების, წარმოების ხაზში მომუშავე პირების და სხვა. უნდა დაუკავშირდე, დაახლოებით, 3000 ადამიანს იმისთვის, რომ 150 დაინტერესებული გყავდეს და აქედან 15 მოვა გასაუბრებაზე. ასეთი მძიმე სიტუაციაა დღევანდელ დღეს“, – დასძინა რადიო „ფორტუნას“ ეთერში საუბრისას HR აუთსორსინგული კომპანია One Point -ის წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g